|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი მაისურაძე – ეკლესია განწირულია მძიმე კრახისათვის

ვის უკავია საქართველოში კულტურული სივრცე? რატომ კარგავენ "ტერიტორიებს" ქართველი ხელოვანები? უნდა ველოდოთ თუ არა ათეიზმის დიდ ტალღას საქართველოში? რატომ უფრთხილდებიან სტალინის კულტს ჩვენს ქვეყანაში? აღნიშნულ კითხვებს პასუხობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.

– თქვენს მოხსენებაში „ხელოვნება როგორც პერვერსია“ აღნიშნეთ, რომ ეკლესიამ, პოლიტიკოსებმა, მედიამ მიითვისა ტერიტორია, სივრცე რომელიც კულტურას და ხელოვნებას უნდა დაეკავებინა. რატომ ვერ ახერხებენ ხელოვანები „დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას“? ისინი ყოველდღიურად კარგავენ და თმობენ ტერიტორიებს. რატომ? რამ განაპირობა ეს „დათმობის“ პოლიტიკა?

- იძულებული ვართ ვაღიაროთ, რომ თანამედროვე საქართველო არ არის "კულტურული ნაცია" - ქვეყანა, რომელიც თავისებურ და თუნდაც საკუთარი თავისათვის ღირებულ კულტურას ქმნის და საკუთარი კულტურულობა გაცნობიერებული აქვს, - ხაზს ვუსვამ, გაცნობიერებული და არა დაჯერებული. ჩვენ გვჯერა, გვგონია, რომ კულტურა გვაქვს და გვეამაყება ის წარმოდგენა, რომელიც ჩვენ თავზე გვაქვს, როგორც "უძველეს" და "უმდიდრეს" კულტურაზე და ამგვარი წარმოდგენის ქონა თვითკმარია და ჩვენს კულტურულ მოთხოვნილებებს ფარავს. სინამდვილეში ეს კულტურულობა კი არაა, არამედ პოლიტიკური იდეოლოგია კულტურულობის შესახებ, რომელსაც კულტურის ადგილი უკავია. ის, რასაც საქართველოში კულტურის ადგილი უკავია, მთლიანად პოლიტიკოსებისა და სამღვდელოების კარნახით იმართება: ესაა ტრაფარეტული და ყოველგვარ კონტექსტსა თუ აქტუალობას მოკლებული რელიგიურ-პატრიოტული კიჩი თავისი ჩოხებითა და ჩურჩხელებით, წმინდანებითა და გმირებით, მითებითა და ისტორიებით, რომლებსაც აწმყოსთან და თანამედროვე სამყაროსთან არაფერი საერთო არა აქვთ.

ასეთი "კულტურის" ერთადერთი დანიშნულება იდენტობის სწორედ ის ფორმაა, რომელიც დაცლილია ყოველგვარი ფორმისაგან და თვითგამოსახვის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ აგრესია და სიძულვილიღა შემორჩენია ყველაფერ იმის მიმართ, რაც მისი "იდენტობის" ფარგლებში არ ჯდება.

თავად ასეთი წარმოდგენები, როგორიცაა "იდენტობას გვართმევენ" იმისი ნიშანია, რომ ეს იდენტობა მკვდარია, უსულოა და არა ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც წართმევას არ ექვემდებარება. ის, რასაც ოფიციალური ქართული კულტურა ეწოდება, არც რაიმე ესთეტიკურ თუ ეთიკურ ღირებულებას არ შეიცავს, ის უბრალოდ მკვდარია, ცარიელია ღირებულებებისაგან. სამაგიეროდ მთელი კულტურული სივრცე სუროგატებს უკავიათ, რომლებიც კულტურის თუ კულტურულობის მოჩვენებითობას ქმნიან და ამ სუროგატების ფუნქცია კულტურული სივრცის დარაჯობაა, რომ შემთხვევით რამე მართლაც რამე ღირებული, ნამდვილი არ გაჩნდეს, რომელსაც თანამედროვე საქართველოს ტოტალურ და ერთფეროვან უსახობაში დისონანსის შემოტანა შეეძლებოდა.

მაგრამ აქვე იმისი აღიარებაც აუცილებელია, რომ თავად თანამედროვე ქართველმა ხელოვანებმა, მწერლებმა თუ ინტელექტუალებმა ვერ შეძლეს მართლმადიდებლურ-პატრიოტული სუროგატებით დაკავებული კულტურული სივრცის გარღვევა, ან ალტერნატიული სივრცეების შექმნა, რომელიც მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდებოდა იმ ფსევდოკულტურასთან მიმართებაში, რომელიც სახელმწიფოსა თუ ეკლესიის კარნახით ფორმდება. გარდა ცალკეული ეპატაჟური ექსცესებისა, კულტურის არცერთ სფეროში არ მომხდარა ისეთი მოვლენები, თითქმის არ შექმნილა ისეთი ნაწარმოებები, რომლებსაც საკუთარი გრავიტაციული ველი ექნებოდათ, ანუ ადამიანების მიზიდვას, ინსპირაციას, დაფიქრებას, მათი შემოქმედებითი იმპულსებით დამუხტვას, თუნდაც შეძრწუნებას შეძლებდა; რომლებიც არ იქნებოდა ლოკალური და მხოლოდ ლოკალური აუდიტორიისათვის განკუთვნილი; არ იქნებოდა ნამუშევრის მიზანი ავტორის თვითტკბობა... თითქოს საერთო ეროვნული ნარცისიზმის პარალელურად ცალკეულ-ინდივიდუალური ნარცისიზმი გაჩნდა, რომლის მიზანიც ავტორის თვითკმარი და თვითკონსტრუირებული განსაკუთრებულობისა და გამორჩეულობის დემონსტრაციაა. ამ სახის ხელოვნება უბრალოდ ყალბი და ნაძალადევია და ვერც კი აღწევს აუდიტორიამდე.

კულტურული სივრცის არ არსებობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე მიანიშნებს: ხელოვანებმა, მწერლებმა თუ ინტელექტუალებმა დაკარგეს საკუთარი სუვერენულობა და ისინი რომელიღაც სხვა პროცესის დანამატებად იქცნენ. მხედველობაში არ მაქვს შემოქმედი ადამიანების ეკონომიკური უზრუნველყოფილობა, რაც გლობალური პრობლემაა, არამედ თავად შემოქმედება იქცა, უკეთეს შემთხვევაში, რეაქციად საკმაოდ ლოკალურ პოლიტიკურ მოვლენებზე. გარდა იმისა, რომ ამით შემოქმედებითი პროცესი ლოკალურ პოლიტიკაზე დამოკიდებული გახდა და მას სხვა საკვები თუ ინსპირაციის წყარო დაეკარგა, შემოქმედებითი აქტი აღარაა აქცია, ის აღარ ქმნის საკუთარ ფორმებს, არ გააჩნია საკუთარი გამოცდილება და ხშირად ისეთი საქმეებითაა დაკავებული, რომელშიც მას არაფერი ესაქმება. მაგალითად, ამა თუ იმ პოლიტიკოსის, სამღვდელო პირის, მოკლედ, ძალაუფლების მქონეთა გამონათქვამების კრიტიკა ან მათი მხარდაჭერა. ძალაუფლებაზე მიკერებულობა კი საკუთარი სუვერენულობის არქონასა და არარსებულობაზე მეტყველებს. არადა თანამედროვე საქართველო მთელი თავისი სრულიად აბსურდული და სასტიკი რეალობით თითქოს იდეალური გარემოც კი უნდა იყოს შემოქმედებითი აფეთქებისათვის.

– დღევანდელ საქართველოში რელიგიური ფანატიზმის, კლერიკალიზმის გაძლიერების ხანაში, რამდენად ჩნდება იმის ალბათობა, რომ მალე ათეიზმის დიდ აფეთქებასთანაც გვექნება საქმე?

– საქართველოს მოსახლეობის მასობრივი გარელიგიურება ერგვარი ვაკუუმის შედეგად გაჩნდა. ამ ვაკუუმს შეგვიძლია იდეოლოგიურიც ვუწოდოთ, კულტურულიც და სულიერიც. რელიგია ადამიანის წინაშე არსებულ რთულ სასიცოცხლო, შეიძლება ვთქვათ, ექსისტენციალურ პრობლემებზე საკმაოდ მარტივ და მოძველებულ პასუხებს იძლევა, მაგრამ უალტერნატივობის პირობებში ის ერთადერთი აღმოჩნდა, რომელსაც დაეჭვებული და ფრუსტრირებული ადამიანები, როგორც ხავსს მორევში ისე ეჭიდებიან. უკანასკნელი ორი ათწლეულის საქართველოში ადამიანებს ორიენტირი, საყრდენი გამოეცალათ და "მწყემსის" მოთხოვნილება გაუჩნდათ, რომელსაც გაჰყვებოდნენ და რომელიც მათ ნაცვლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას თუ რამდენად სწორია ის გადაწყვეტილება, რომელსაც "მოძღვარი" საკუთარ მორჩილ მრევლისათვის იღებს ან რამდენად შველის ადამიანს საკულარი "მორწმუნეობა": მთავარია, რომ არსებობს ინსტანცია, რომელსაც მიენდობი და გაჰყვები, თუნდაც საკუთარი გონებრივი თუ სააზროვნო თავისუფლების დათმობის ხარჯზე. სანამ ადამიანები იძულებული არ იქნებიან, რომ მეტი საკუთარი ძალისხმევა ჩადონ თავიანთი სულიერი პრობლემების მოგვარებაში, მანამ ყოველთვის იარსებებს რომელიღაც ინსტანცია, რომელსაც ისინი ბრმად გაჰყვებიან.

მაგრამ თანამედროვე საქართველოს პრობლემა არა მორწმუნეობა ან ათეიზმია, არამედ ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უზარმაზარ და ტოტალურად კორუმპირებულ მონსტრად გადაიქცა, რომელსაც მომხვეჭელობის, გამდიდრებისა და შეუზღუდავი ძალაუფლების ფლობის მეტი სხვა საფიქრალი არ გააჩნია. მას არაფერი საერთო არც რწმენასთან და არც სულიერებასთან არ აქვს. ეკლესიის ამგვარი გაზულუქება სწორედ მასვე მიიყვანს შინაგან აფეთქებამდე, კორუფცია და დაუოკებელი მადა აუმხედრებს საკუთარსავე მრევლს, რომელსაც ადრე თუ გვიან მობეზრდება მუქთახორა და გაუმაძღარი მღვდლების რჩენა. ეკლესია განწირულია მძიმე კრახისათვის და მას თუ გონიერების ნატამალი კიდევ შემორჩენია, მხოლოდ საკუთარი გარდაუვალი მარცხის შერბილებაზეღა უნდა იზრუნოს და ბოდიში მოუხადოს ათასობით ადამიანს მიყენებული სულიერი თუ მატერიალური ზარალის გამო.     

– პოსტტოტალიტარული საზოგადოება ვერ გათავისუფლდა კულტებიდან,  შეიძლება ითქვას არც ქონია ამის მცდელობა. როგორც არაერთხელ აღინიშნა საბჭოთა კერპების მსხვრევის ნაცვლად ჩანაცვლება მოხდა: სტალინის და სხვა საბჭოთა ბელადების კულტს ჩაენაცვლა სასულიერო ლიდერების კულტი. კულტიზაცია ჩვენს ეპოქაშიც აქტიურად გრძელდება. ამიტომ რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  სტალინის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებით საქართველოს პატრიარქი ამით საკუთარ კულტს იცავს?

– თანამედროვე ქართული მართლმადიდებლობა მნიშვნელოვანწილად ე.წ. ხალხური სტალინიზმის რელიგიურად მოდიფიცირებული ფორმაა. "ხალხური სტალინიზმი", თავის მხრივ, დიდი და ძლიერი პიროვნების კულტისა და ყოფითი თუ "ბანალური" ნაციონალიზმის სინთეზითაა მიღებული. სტალინში და მის საკულტო თაყვანისცემაში ქართველები პრიმიტიულ ნაციონალიზმს გამოხატავდნენ. სწორედ ეს - პიროვნების კულტზე დაფუძნებული პრიმიტიული ნაციონალიზმი - არის თანამედროვე ქართული მართლმადიდებლობის ხერხემალი. ილია II-ის საკულტო თაყვანისცემაც სტალინის კულტიდან აღმოცენდა და ამ კულტს ჩაენაცვლა, რაც ყოფით ბანალურობაშიც სრულიად ნათლად ჩანს: ესაა პატრიარქის სადღეგრძელოები ქართულ სუფრაზე, მისი პორტრეტები ტრანსპორტში თუ სახლებში. ილია II, როგორც ადრე სტალინი, ცოცხალი ღვთაების განსახიერებაა. ვფიქრობ, ეს თავად ილია II-საც კარგად აქვს გაცნობიერებული და, ამდენად, სტალინი, როგორც საკულტო თაყვანისცემის რანგში აღზევებული ადამიანი, მისი ერთგვარი თვითიდენტიფიკაციის ფიგურაცაა.

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა