|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ის რაც ევროკავშირში ხდება, ნატოზე არ აისახება"

„პოლიტიკური კონიუქტურა   ამ დროისათვის საქართველოს  სასარგებლოდ არ მუშაობს“- განაცხადა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ  შეხვედრაზე, რომელიც ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის  თემაზე ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.  

კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ნატოს  მიმართ ქვეყანაში გადაჭარბებული მოლოდინებია შექმნილი, რაც ხელისუფლების მაღალჩინოსნების  განცხადებებითაა განპირობებული. „ხმამაღალი განცხადებებით საქმე არ კეთდება, ეს უფრო დიპლომატიის გასაკეთებელი საქმეა.  ჩვენ გვირჩევენ მოთმინებას, რაც ჩვენი ხასიათისათვის უცხოა“,-განაცხადა მან.

 ამასთან, შეხვედრაზე ითქვა, რომ ევროპა ანგარიშს უწევს რუსეთის ფაქტორს, რომ საქართველოსათვის მაპის მინიჭებამ, შესაძლოა, რუსეთი კიდევ უფრო გააღიზიანოს. 

ნატოსა და ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორისა და ALDA-ს მენეჯერის, ნინო თვალთვაძის განცხადებით კი: ევროკავშირი ძალიან პრაგმატული ორგანიზაციაა, რომელიც  ზრუნავს თავის მოქალაქეების ინტერესებზე, ამიტომ აქტუალურია საუბრები  რუსეთისათვის სანქციების მოხსნის შესახებ. მისი თქმით, „ევროპული ინსტიტუტის კრიზისს ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ  კიდევ უფრო გააღრმავებს. მიმდინარეობს გლობალური პროცესი, სადაც საქართველო წამყვანი თემა არ არის. ერთი, ჩვენ გვინდა, მიგვიღონ ევროკავშირში  და მეორეა, ჩვენ მივიღოთ  ევროპა ისეთი, როგორიც  არის. ეს ორმხრივი პროცესია“, -განაცხადა  ნინო თვალთვაძემ.
დებატებში ასევე მონაწილეობდა გიორგი ცხადაია,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  მკვლევარი. მისი განცხადებით,  "ის, რაც ევროკავშირში  ხდება,  ნატოზე არ აისახება, რადგან ეს განსხვავებული ტიპის ორგანიზაციებია".

შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ჟურნალისტი ქეთევან ბერძენიშვილი უძღვებოდა.  დებატები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა