|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჯერ გზა მოაწესრიგონ და მერე დააყენონ კამერები" -ქუთაისელი მძღოლები

პირველ ნოემბერს საქართველოში ე.წ ჭკვიანი კამერები ჩაირთო. კამერები ავტომობილის მძღოლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე ჯარიმებს ავტომატურად გამოწერს, კამერების მიერ დაწერილი ჯარიმები მართვის მოწმობის ქულებზე არ აისახება. 

რას ფიქრობენ ქუთაისელი მძღოლები „ჭკვიან კამერებზე?“ -ნიუპრესმა  საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა.

ერთ-ერთი ქუთაისელი მძღოლის, ბელა კიკვაძის თქმით, „ჭკვიანი კამერების“ დადებითი მხარე მის ზუსტ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. 

„რამდენად ზუსტად იმუშავებს, ამაზე იქნება კამერების  "სიკარგე" დამოკიდებული,  ვფიქრობ, როდესაც ადამიანი ვერ ხვდება, რომ შეზღუდოს სიჩქარე, არ ისაუბროს ტელეფონზე და ა. შ, მე მგონი, ის უნდა შეაშინო ჯარიმით",-განაცხადა კიკვაძემ.

 

მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას მთავარ პრობლემად ასახელებს ირაკლი ლაღაძე.

 

„გზა მოუწესრიგებელია და ვიდეოკამერები მხოლოდ ბიუჯეტის და ჩინოვნიკების "გასაძღომად" დააყენეს. ჯერ გზა მოაწესრიგონ და მერე დაყენონ კამერები. ამ გზიდან გამომდინარე, აუცილებლად გიწევს დარღვევა, თუ მანქანის დამტვრევა არ გინდა“,-აღნიშნა ლაღაძემ.

 

„ჭკვიანი კამერების“ მუშაობის შედეგებით ინტერესდება ერთ-ერთი ქუთაისელი მძღოლი თემურ ყურაშვილი.

 

„მე პირადად ჯერ არსად შემხვედრია, ჩვეულებრივი კამერებია, რომლებიც გადაიღებენ, როგორ ვარღვევთ წესებს. ზოგადად, მაინტერესებს ახალი, „ჭკვიანი“ კამერები როგორ იმუშავებს და რა შედეგი იქნება ამით“,-განაცხადა ყურაშვილმა.

 

განსხვავებული აზრი გააჩნიათ ქუთაისელ ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც ვინაობის დასახელება არ ისურვეს.

„ქვეყანაში არ გვაქვს ისეთი სოციალური მდგომარეობა, რომ დამატებითი ჯარიმები დაგვიწესონ. საქართველოში, ხალხზე არგებენ კანონებს და არა პირიქით“,-განაცხადა მძღოლმა.

„მივესალმები მსგავსი კამერების არსებობას, ვფიქრობ, რომ ეს უფრო შეუწყობს ხელს ადამიანურად და წესებით დაცვით ავტომობილების გადაადგილებას"-აღნიშნა მეორემ.

 

„გზები გაფუჭებულია,  აღარც ნახაზები ჩანს, როგორ შეიძლება ისე გავიაროთ ამ გზებზე, რომ კანონი არ დავარღვიოთ?“-განაცხადეს სხვა მძღოლებმა.

 

შსს-ში მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა