|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათში იუნესკოს ექსპერტების ვიზიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრა და იუნესკოს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს მალე  იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა.

"იუნესკო-ს ექსპერტები გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. იმავე მიდგომით მოხდება კედლის ფერწერის დაზიანებული ნაწილების შესწავლა და ზიანის გამოსწორების მიზნით სამოქმედო გეგმის დასახვა"-ნათქვამია სანმინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..

უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის შემდგომი სამოქმედო გეგმა.

ამასთან, მიმდინარე წლის 8 აპრილს არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფმა ძირითადი ტაძრის სახურავის ერთ-ერთ მონაკვეთზე წითელი მოჭიქული კრამიტის ნიმუშები აიღო ექსპერტიზაზე გადაგზავნის მიზნით, ვინაიდან, როგორც სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, ე.წ. წითელი კრამიტის სახურავზე დაგებამდე მას სამხარაულის ექსპერტიზა არ ჩატარებია. ე.წ. წითელ კრამიტზე ექსპერტიზის პასუხი და 2008-2020 წლების დოკუმენტების კვლევა აუცილებელია უცხოელ ექსპერტთა ვიზიტის სათანადოდ მოსამზადებლად.

გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარე წლის 25 მაისს ხელოვნებათმცოდნეებსა და კედლის მხატვრობის რესტავრატორებთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იუნესკო-ს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლამდე, ასევე სახურავის გამოცვლამდე (რაც ხანგრძლივი პროცესია) დაზიანებული ფრესკების შესანარჩუნებლად უნდა ჩატარდეს ნალესობისა და ფერწერის ფენის კვლევა; კვლევის პარალელურად, ქართველი პროფესიონალი რესტავრატორების მეშვეობით, რეგულარულად განხორციელდეს დაზიანებული ფრესკებიდან გამომარილების პროცესის შედეგად წარმოქმნილი მარილის მოხსნა იმ ადგილებში, სადაც ეს ფერწერის დაზიანების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია; ასევე განხორციელდეს დაზიანებული ფერწერული ფენიდან ქიმების ნალესობის მოხსნა იმ შემთხვევებში, როცა ამგვარი ნალესობა დაზიანებული ფერწერული ნაწილის კედლიდან მოწყვეტის საშიშროებას ჰქმნის.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა