|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ვალდებულება ექნებათ კერძო სკოლებს მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში?

კერძო სკოლებს მოსწავლისთვის ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები უწესდებათ, ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამილახვარმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, კერძო სკოლა ვალდებული იქნება, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

„კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისი თქმით, ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება.

სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.

შეგახსენებთ,  პარლამენტში  "ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის მსჯელობა დაიწყო.  გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, კერძო სკოლის მიმართ დავალიანების არსებობის შემთხვევაში მოსწავლე სწავლის გაგრძელებას ვერც საჯარო სკოლაში შეძლებს.

 

ავტორი: ნიუპრესი