|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოლაუ ნადირაძის სახლი ქუთაისში - "სიმბოლურია, აქ ცისფერყანწელთა მუზეუმი მოეწყოს"

ქუთაისში სახლი, სადაც უკანასკნელი ცისფერყანწელი კოლაუ ნადირაძე ცხოვრობდა,  ლერმონტოვის ქუჩაზეა. ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ქუჩაზე ცისფერყანწელთა არსებობის კვალს მხოლოდ სახლის კედელზე განთავსებული მემორიალური დაფა გვამცნობს.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტურისტულად მიმზიდველ უბანში ცისფერყანწელთა მუზეუმის  მოწყობის იდეით ცისფერყანწელთა თემაზე შექმნილი წიგნების, "მე პაოლო ვარ" და "უკანასკნელი ცისფერყანწელის" ავტორი ნინო ჩხიკვიშვილი გამოდის. 

 "ქუთაისში უნდა არსებობდეს ცისფერყანწელთა მუზეუმი.  როდესაც ქუთაისის ევროპულობაზე ვსაუბროთ, ერთ-ერთი პირველები, ვინც ქუთაისი ევროპულობას აზიარა, იყვნენ ცისფერყანწელები, მათ შემოტანეს სიმბოლიზმი საქართველოში. გვინდოდა,  "ცისფერყანწელთა მუზეუმი" პაოლოს სახლში მოწყობილიყო, რადგან ის იყო ყველაფრის სულისჩამდგმელი და მის სახლში ხდებოდა ეს პროცესები, მაგრამ ახლა ეს ფაქტობრივად შეუძლებელია... ცისფერყანწელთაგან ძირძველი ქუთაისელი კოლაუ ნადირაძე იყო, ის იყო უკანასკნელი მოჰიკანი ცისფერყანწელებიდან. ერთადერთი, ვინც პაოლო უკანასკნელ გზაზე გააცილა, იყო კოლაუ, როგორც ამბობენ, ამიტომაც გადაურჩა ის რეპრესიებს,  ბერიას უთქვამს -  "საწყალი პაოლო,  მხოლოდ ერთი მეგობარი ყოლია"...  კოლაუს ძალიან უყვარდა თავისი ქალაქი, მე სანამ აქ ჩამოვიდოდი,  მისი მონათხრობით მიყვარდა უკვე ქუთაისი.   წუხდა, რატომ არ შემიძლია,  წაგიყვანო და დაგთვალიერებინო ჩვენი სადარბაზოებიო. გულისხმობდა იმ სადარბაზოებს, სადაც ისინი ღამეებს ათენებდნენ და ბჭობდნენ პოეზიაზე... აკლებული ქონდათ ქუთაისი... უცნაური რამ მითხრა მისმა შვილიშვილმა, ბოლო წლებში კოლაუს იწვევდნენ ქუთაისში, მაგრამ ის უარს ამბობდა, მიუხედავად ამ დიდი სიყვარულისა, როგორც ჩანს,  მას იმდენად ტკიოდა ეს ყველაფერი, გაურბოდა იმ ტრაგიკული მოვლენების გახსენებას,  თუმცა სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ქუთაისისადმი განუმეორებელი სიყვარულით...  მასთან რომ  მიხვიდოდი,  დაელაპარაკებოდი, მის პატარა ოთახში, იქ იყვნენ ყველანი, თავის  მონათხობით აცოცხლებდა იმ ეპოქას,  იმ ურთიერთობებს, ადამიანებს.. კოლაუს სახლში თუ მოეწყობა მუზეუმი, ეს იქნება სიმბოლო ცისფეყანწელთა ხსოვნის გაცოცხლების", -აღნიშნა ნინო ჩხიკვიშვილმა. 

მისი თქმით, სახლს შენარჩუნებული აქვს ავთენტურობა. რაც შეეხება ექსპონატებს, ნინო ჩხიკვიშვილის თქმით, ჯერ კიდევ შესაძლებელია მათი შეგროვება. 

 

 

"მე მაქვს ფოტოები, ყანწები, ხელნაწერები, რომელსაც ვაჩუქებ მუზეუმს, ცისფერყანწელთა ოჯახებიც გამონახავენ  ნივთებს, ეს დარჩება ქუთაისს, მთავარია, ვინმემ თავის თავზე აიღოს და ორგანიზება გაუკეთოს. სახლში შენარჩუნებულია ყველაფერი, სახელურებიც კი კოლაუს დროინდელია", - აღნიშნა მან.

  მისივე თქმით, სახლის  ქვედა  სართულზე შესაძლებელია კაფე მოეწყოს, რაც შეეხება მუზეუმს, ის, მისი აზრით, ცოცხალი ურთიერთობების ადგილად უნდა იქცეს.

"აქ შესაძლებელია ლიტერატურული თეატრის მოწყობა, სადაც ღია გაკვეთილები ჩატარდება, მასწავლებლები მოიყვანენ მოსწავლეებს  და იმსჯელებენ, არ არის აუცილებელი, მხოლოდ ძველ ეპოქაში დარჩენა,  ეს უნდა იყოს ცოცხალი ურთიერთობების ადგილი", -აღნიშნა ნინო ჩხიკვიშვილმა. 

 რაც შეეხება სახლს, ეს კოლაუს დედის აგნესა ბაინდურაშვილის მზითვი ყოფილა. ბაინდურაშვილები კათოლიკეები იყვნენ, მათ ოჯახს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი კათოლიკური ეკლესიის აღდგენაში. კოლაუს მამა გალაქტიონ ნადირაძე  ექიმი იყო. ამ სახლის პირველ სართულზე სწორედ მისი სამედიცინო კაბინეტი  ყოფილა. როგორც ქალბატონი ნინო თავის წიგნშიც აღნიშნავს, ამ ოჯახის გავლენის წყალობით ცისფერყანწელებს ხშირად დაუღწევიათ თავი უსიამოვნებებისაგან, რაც მათ ხმაურიან გამოსვლებს ხშირად ახლდა თან.

 

 

ფოტოზე: ნინო ჩხიკვიშვილი კოლაუ ნადირაძის შვილიშვილთან, მარინე გაბუნიასთან ერთად.

ინტერიერის ფოტოები ეკუთვნის  ნინო ჩხიკვიშვილის არქივს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა