|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

ქუთაისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განმეორებით აუქციონზე გასხვისდა

ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე მდებარე  117 ათას ლარად გასხვისდა. შენობა მერიის მიერ განმეორებით გამოცხადებულ აუქციონზე შ.პ.ს "ლივერმედმა" შეიძინა. ყოფილი ტუბდისპანსერის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, შენობა ერთხელ უკვე გაყიდული იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენდა, რის გამოც ინვესტორმა შენობა უკან დააბრუნა.

როგორც ქალაქის მერიაში განაცხადეს, პირველი აუქციონის დროს, შემსყიდველმა არ იცოდა, რომ  შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იყო შეტანილი და გარკვეული მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა, მან ასევე არ გადაიხადა შენობის საფასური, რის შედეგადაც ნასყიდობა არ შედგა.

აუქციონის პირობის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემიდან ოთხი თვის ვადაში ტერიტორიის შემოღობვა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, შენობა-ნაგებობის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და ტერიტორიის ნარჩენი მასალისგან გათავისუფლება ევალება. შენობა საკუთრებაში „ლივერმედს“ 2017 წლის 16 ივნისს გადაეცა, ოთხთვიანი ვადა კი ოქტომბრის თვეში ეწურებოდა.



 

იაშვილის #9-ში შესვლა ამ დრომდე ნებისმიერი მოქალაქისთვისაა შესაძლებელი, იგი არც შემოღობილია, და როგორც ერთი, შეხედვით ჩანს, ხშირი სტუმრებიც ჰყავს, რომლებიც შენობაში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ტოვებენ.

 

 იაშვილზე  მცხოვრებმა პირმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ შენობა წლების მანძილზე უფუნქციოდაა.

„ეს შენობა ძალიან ძველია, ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა. ახლა კი, ყველასთვის ღიაა და იქაურობა მოუვლელ საპირფარეშოს ჰგავს. როგორც ვიცით, შენობას ახალი მეპატრონე ჰყავს და იმედია, რესტავრაციასაც ჩაუტარებს“, -აღნიშნა მოსახლემ, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

 ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შ.პ.ს "ლივერმედისთვის" დაწესებული ოთხთვიანი ვადა ახლახანს ამოიწურა და მას წერილი უკვე მისწერეს.

„შენობის მესაკუთრეს აუქციონით გათვალისწინებული ოთხთვიანი ვადა ახლახანს ამოეწურა. მივწერეთ წერილი, სადაც მოვიკითხეთ შეასრულა თუ არა მან დაკისრებული ვალდებულებები. პასუხის მიღების შემდეგ, თუ კი მას არ შესრულებია დაკისრებული ვალდებულება, დავაწესებთ გათვალისწინებულ სანქციებს“,-განაცხადეს მერიაში.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განაცხადეს, ნებისმიერი სამუშაოების დაწყებამდე საჭირო იქნება მათი თანხმობა. 

ნიუპრესი შ.პ.ს „ლივერმედის“ წარმომადგენელს, ნანა ძოწენიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, სამუშაოების დასაწყებად საჭირო ნებართვა ამ დრომდე არ მიუღიათ.

 "ჩვენ მივმართეთ შენობის მოსაზღვრე ტერიტორიის მცხოვრებლებს, რომ მოეცათ ნებართვა სამუშაოების დაწყების, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია და ამას ველოდებით,  ასევე მივმართეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და სამუშაოების დასაწყებად პასუხს სააგენტოდაც ველოდებით. ყველაფერი ისე გაკეთდება, რის უფლებასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გვაძლეს", - განაცხადა ნანა ძოძეწიძემ.

მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა განთავსდება აღნიშნულ შენობაში. ჩვენ გვყავს დამფუძნებლები და მათი გადასაწყვეტია, რა განთავსდება აღნიშნულ შენობაში მე ამ სახის ინფრომაციას არ ვფლობ",-აღნიშნა ძოწენიძემ.

შპს "ლივერმედი" სამედიცინო მიმართულების კომპანიაა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაშია ჩართული. 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე