|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლევან მურღულია სამსახურში ვინმეს ხათრის გამო არ დანიშნულა"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია "ეს ემ კა"–ში პასუხობენ. როგორც  კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს,  ქალაქის მერის მამა მათ კომპანიაში მუშაობს, თუმცა არ ადასტურებს, რომ ლევან მურღულია თანამდებობაზე ქალაქის მერის ხათრის გამო დაინიშნა.

"საერთოდ არ ვიცი, ვინ არის გოგი წულაია და რა უნდა, მაგრამ თუ მიღებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს, მოვიდეს ჩვენთან და დეტალურად ავუხსნით, როგორ ტარდება წყალმომარაგების სამუშაოები. რაც შეეხება ლევან მურღულიას, ჩვენი კომპანიის თანამშრომელია და თანაც წარმატებული. ის სამსახურში ვინმეს ხათრის გამო არ დანიშნულა. ზუსტად ვერ გეტყვით, რა თანამდებობა უჭირავს, მაგრამ ქალაქში სხვადასხვა სამსახურებთან თანამშრომლობს და ნებართვების გაცემა ეხება. ასე რომ ინფორმაცია, თითქოს შოთა მურღულიას გამო დაინიშნა სიმართლეს არ შეესაბამება", –განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი შავაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ლევან მურღულია წლების განმავლობაში მერიაში მუშაობდა, რის გამოც შოთა მურღულია ნეპოტიზმში დაადანაშაულეს. მოგვიანებით  ლევან მურღულიამ დატოვა თანამდებობა.

დღეს კი, გოგი წულაიამ განაცხადა, რომ  თურქული კომპანია სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებს, ქალაქის მერია კი,  მას პასუხს არ სთხოვს. წულაიამ ამის მიზეზადაც მერის მამა დაასახელა, რომელიც თვითმმართველობიდან წასვლის შემდეგ სწორედ ამ კომპანიაში დასაქმდა. წულაიას განმარტებით,   შოთა მურღულია სწორედ მამის გამო კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ თხოვს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი