|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლიტერატურული პრემიის "საბა" - 2016 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გუშინ, მუხრანბატონის სასახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა  ლიტერატურული პრემიის "საბა" - 2016 წლის გამარჯვებულები.

  • წლის საუკეთესო რომანი, გაიცა ორი სრული პრემია – "სამოთხიდან გაქცეულები", ბექა ქურხული; "მოსალოდნელი მოულოდნელობანი", ზურაბ სამადაშვილი;
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული – "ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს", ბესიკ ხარანაული;
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული – "იუნკერ ერისთავის ბუცები"; ზაალ სამადაშვილი;
  • წლის საუკეთესო პიესა – არ გაცემულა;
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი (ჟიურის რჩეული, გაიყო ორ ავტორზე) – "მსხლების მინდორი", ნანა ექვთიმიშვილი; "დიაგნოზი", იუნონა გურული;
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი (მკითხველის რჩეული) – პოეტური კრებული "ჩვენ", სალომე მაკარიძე;
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – "20 ქართული მოთხრობა", თამაზ ვასაძე;
  • წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – "ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა", ზაზა ფირალიშვილი;
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – "ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი", თამარ ჯაფარიძე;
  • ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – "ვეფხისტყაოსანი", ლინ კოფინი;
  • საუკეთესო ელექტრონული წიგნი – "ლაზარე", ოთარ ჯირკვალიშვილი;
  • პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის – ტარიელ ჭანტურია;

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაფუძნდა 2003 წელს. პრემიის დამფუძნებლები არიან "თიბისი ბანკი" და პენ-ცენტრი.

პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

პრემიაზე “საბა” განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.

გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 52 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.

კონკურსის ჟიური 5 წევრისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და მასში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება. ჟიურის არ ჰყავს თავმჯდომარე. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად.

2016 წლის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ლიტერატორი და კრიტიკოსი ვანო ამირხანაშვილი; მთარგმნელი, საბას ლაურეატი ლელა დუმბაძე; მწერალი, მთარგმნელი ირაკლი ჯავახაძე; ლიტერატორი ანა ჭაბაშვილი, პოეტი ანდრო ბუაჩიძე.

ჟიურის შემადგენლობას ყოველწლიურად ადგენს და ამტკიცებს "საბას" მმართველი საბჭო, რომელშიც, პრემიის დამფუძნებლებისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლის გარდა, შედიან წინა წლებში "საბას" მიერ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებული მწერლები. "საბას" საბჭოს შემადგენლობა 3 წელში ერთხელ განახლდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა