|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაია სიმონიძე: სამკერვალო კომპანია "იმერი" ფართოვდება

სამკერვალო კომპანია "იმერი" ფართოვდება. კომპანია შემოდგომისთვის დამატებით, ახალი საამქროს მშენებლობას გეგმავს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სიმონიძე „კომერსანტთან" განმარტავს, რომ "იმერი" ახალი საამქროს ამოქმედებას, ქუთაისში, არსებულ ფაბრიკასთან მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავს. 

სიმონიძის თქმით, კომპანია ერთი კვირის წინ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" დაფინანსდა. მისი განმარტებით, რომ არა ეს პროგრამა, კომპანია გაფართოებას ვერ შეძლებდა. როგორც სიმონიძე განმარტავს, ბოლო პერიოდში ბანკები თავს იკავებენ ბიზნესპროექტების დაფინანსებისგან. 

"ერთერთი წამყვანი ბანკის კლიენტი ვართ 15 წელია და კრედიტზე უარი გვითხრეს. უზრუნველყოფის პრობლემა არ იყო, უბრალოდ, პროექტით არ დაინტერესდნენ"-აცხადებს სიმონიძე. 

მისი ინფორმაციით, კომპანია დაფინანსებული თანხით გეგმავს როგორც არსებულის გარემონტებას, ისე ახალი საამქროს შექმნას. პარალელურად, დაგეგმილია შოუ-რუმის მოწყობა.  

სიმონიძე ამბობს, რომ უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები, ახალი საამქრო კი სავარაუდოდ ოქტომბრიდან ამოქმედდება. მისი თქმით, პროექტში დამატებით 150-200 ადამიანის დასაქმება იგეგმება. 

სამკერვალო კომპანია "იმერი" მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში მეორე მაღაზიის გახსნასაც გეგმავს. განიხილება მარჯანიშვილის გამზირი ან პეკინის ქუჩა. 

სამკერვალო კომპანია "იმერი" ქუთაისში მდებარეობს. 2013 წლამდე, ძირითადად, გერმანული "ლუბეკისა" და იტალიური "მონკლერისთვის" საექსპორტოდ პროდუქციას კერავდა. ბოლო ორი წელია, ქუთაისში დარეგისტრირებულმა კომპანიამ გადაწყვიტა, ადგილობრივ ბაზარზეც შესულიყო. კომპანია დღეს სამი მაღაზიით (ქუთაისში-2, თბილისში -1) არის წარმოდგენილი. 

კომპანიის ექსპორტს შეკვეთების 90 პროცენტი უკავია. შეკვეთებია ქალის და მამაკაცის ზედა ტანსაცმელზე. მათ შორის: მანტო, პალტო, ქვედაბოლო და ასე შემდეგ.

 

Commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა