|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მანსარდები - განუხორციელებელი სოციალური პროექტი

ქუთაისი წელსაც ქალაქგანვითარების გეგმის გარეშე დარჩა. მიზეზად გეგმის შემუშავების სირთულე დასახელდა. როგორც ქალაქის პირველი პირი განმარტავს, გეგმის სრულყოფილებისათვის მრავალმხრივი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამიტომ წელს მხოლოდ გეგმის პირველი ნაწილის ანგარიშის წარდგენა მოხდება. ქალაქგანვითარების გეგმა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი დოკუმენტი რომ არ არის, ამ საკითხზე ყველა მხარე თანხმდება. ასევე ყველა ადასტურებს, რომ გეგმის არსებობა ქალაქის განვითარებასა და იერსახის შეცვლაში თვითნებურ ჩარევას გამორიცხავს. ამას კი სკეპტიკოსები  გეგმის შემუშევების ერთერთ შემაფერხებელ გაარემოებად მიიჩნევენ. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ქუთაისს მთავარი არქიტექტორი არ ჰყავს, რომელმაც ქალაქის ურბანულ განვითარებაზე უნდა იზრუნოს.

 ქუთაისის განვითარების გეგმაზე მუშაობა სამი წლის წინ აქტიურად დაიწყო. მუშაობის პროცესში ჩართული იყო მერიის ეკონომიკის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი მალხაზ ჭრელაშვილი.  იმ პერიოდში მან არაერთი იდეა გააჟღერა და წამოიწყო, რომლებმაც დასრულებული სახე ვერ მიიღო. ჭრელაშვილის განცხადებით, პრობლემას ყველა საკითხის პოლიტიზება ქმნის, რაც გეგმის განვითარებას აფერხებს.

 „ცუდი დამოკიდებულება არის ჩვენს რეალობაში. ყველაფრის პოლიტიზება ხდება. სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლების პრობლემა წინამორბედის იმდაგვარად შეფასებაა, თითქოს ყველაფერი არასწორად, ან საერთოდ, არ კეთდებოდა. მე ადრეც ვაპროტესტებდი ამას და ახლაც ასე ვფიქრობ, არ უნდა გაანადგურო არსებული,არამედ საფუძვლად, ბაზისად გამოიყენო. რაც შეეხება განვითარების გეგმას, არსებობს პროექტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, ჩვენ 2012 წელს  შევიმუშავეთ განვითარების სტრატეგია, რომელშიც „ახალგაზრდა ეკონომისტები“ აქტიურად იყვნენ ჩართული და იწონებდნენ ამ პროექტს, მაგრამ სამწუხაროდ, საკითხისადმი არასათანადო დამოკიდებულების გამო მისი სრულყოფა ვერ მოხდა.

განვითარების გეგმა არის კარგი ატრიბუტი ყველა ევროპულ ქალაქში, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ქალაქი. ამ გეგმის არსებობის შემთხვევაში ქალაქის განვითარებაში რაიმე თვითნებური ცვლილების გატარება  წარმოუდგენელია. ეს ეხება მიწის განკარგვას, რეკრეაციული ზონების მოწყობას, ინფრასტრუქტურას, მშენებლობას თუ არქიტექტურას. სამი წლის წინ მოვახდინეთ ქალაქის ზონირება და შევქმენით 5 სახეობის რუკა, რაც დღესაც აქტუალური და საჭიროა. დიდ მნიშვნელობა აქვს, ვინ იმუშავებს ამ გეგმაზე. ესენი უნდა იყვნენ ურბანისტები და არქიტექტორები, მცოდნე და სპეციალისტები, მაგრამ ქუთაისში მსგავსი განათლების მქონე ხალხი ცოტაა“,–განაცხადა მალხაზ ჭრელაშვილმა.

განვითარების გეგმის ფარგლებში იყო სხვადასხვა იდეა. ნაწილი დაიწყო, ნაწილი კი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. ერთ–ერთი  იყო ე.წ. მანსარდების პროექტი.

   2012 წელს ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პირობებში რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი მანსარდების დაშენებას გულისხმობდა, თუმცა პროექტი არასათანადოდ შესრულდა და იერსახის მოწესრიგებლის ნაცვლად მოსახლეობას პრობლემა შეუქმნა.

ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ სახურავიდან ჩამოსული წყალი მათ საცხოვრებელში ჩადიოდა, რაც მთავარია, მანსარდებს არ ჰქონდა კიბეები, რითაც ნაგებობაში შესვლა შესაძლებელი იქნებოდა.

პროექტი რომ არასწორად დაიგეგმა, ადასტურებს მალხაზ ჭრელაშვილი და ამბობს, რომ ის რეგიონული განვითარების ფონდის პროექტი იყო. თუმცა აცხადებს, რომ მანსარდების იდეა იყო ერთ–ერთი საუკეთესო, რაც თავის თავში რამდენიმე პროექტს მოიცავდა და პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზა იყო.

„ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებდით. ეს იყო ევროპაში კარგად აპრობირებული მეთოდი. გერმანიამ მოიწონა ეს პროექტი და გვითხრეს, რომ გამოგვიყოფდნენ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო იქნებოდა. ამასთან, გვათავისუფლებდნენ 2011 წელს „მერების შეთანხმების ხელშეკრულებით“ მიღებული ვალდებულებისგან. ყოველ წელს კორპუსების გადახურვებზე მილიონობით ლარი იხარჯება და პრობლემა რეალურად არ გვარდება. ჩვენ ვთავაზობდით მრავალსართულიანი ბინების ამხანაგობებს, მოვახდენდით კორპუსების გადახურვას, ამით რამდენიმე პრობლემა გვარდებოდა; ჯერ ერთი, რომ მანსარდში იქმნებოდა საცხოვრებლები, რომელიც კარგი ალტერნატივა იყო საბინაო ფონდისათვის.  მერიას შეეძლო ფართები სოციალურად დაუცველებისთვის მიეცა, ამასთან  გახდებოდა შემოსავლის ერთ–ერთი წყარო.  მოხდებოდა ამ ბინების ნაწილის გაყიდვა და  ამით ბიუჯეტი შეივსებოდა. რაც მთავარია, ეს გადახურვა იქნებოდა თანამედროვე და მოეწყობოდა მზის გათბობის სისტემა, რომელიც განათებისა და გათბობის პრობლემას მოაგვარებდა სადარბაზოებში და მოსახლეობას ხარჯებს შეუმცირებდა.  ეს არ არის რაიმე ირეალური.  ჩვენს დაძმობილებულ ქალაქ ლვოვში წელიწადში 20 მილიონზე მეტს ხარჯავენ ამისათვის გერმანელები“–აცხადებს ჭრელაშვილი.

მანსარდების პროექტი იქნებოდა თუ არა საბინაო ფონდის შექმნის კარგი შესაძლებლობა ამაზე საუბარი უჭირს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსს პაატა კლდიაშვილს. მიზეზი იდეის საჭირო დონეზე არ ცოდნაა, თუმცა აცხადებს, რომ პროექტის გაცნობის შემთვევაში არ არის გამორიცხული მისი განხროციელებაც მოხდეს.

"ვინაიდან არ ვიცნობ მანსარდების იდეას ახლოს და არ ვიცი ერთიანობაში როგორი იქნება, ვერ შევაფასებ, მსმენია მის შესახებ, მაგრამ ნაკლებ ინფორმირებული ვარ. თუმცა ყველა ინოვაციურ პროექტს მივესალმებით და გავეცნობით, თუ კი წარმოდგენილი იქნება  მისი პროექტი და ხარჯთთაღრიცხვა"–აღნიშნა პაატა კლდიაშვილმა. მან ქალაქგანვითარების გეგმის მუშაობის პროცესსა და გასულ წლებში შემუშავებულ სტრატეგიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის ვერ დაეთანხმება ჭრელაშვილს, რომ   ქალაქის განვითარების სტრატეგია იყო კარგი, ვინაიდან, ის ზოგადი დოკუმენტი იყო ვიდრე,  კონკრეტული გეგმა.

"ვერ ვიტყვი, რომ გასულ წლებში შედგენილი სტრატეგია იყო კარგი, რადგან იყო ზოგადი, განუხორციელებელი  დოკუმენტი. ჩვენ ბოლო სამი დღე ჩავერთეთ მის შედგენაში, უფრო სწორად იმდენად მცირე დრო იყო გვინდოდა გრამატიკულად გამართული დოკუმენტი მაინც წარგვედგინა. ამიტომ, მის ავკარგიანობაზე საუბარი არასწორია. რაც შეეხება განვითარების გეგმას, რომელზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსად წინა წლებისა, არ იყოს არარეალური და გამოუყენებელი, ვამჯობინებთ დროში გავახანგრძლივოთ, ვიდრე დაჩქარებული წესით არასათანადო გეგმა მივიღოთ. დაახლოებით ორ–სამ თვეში წარვადგენთ გეგმის პირველ ნაწილს განსახილველად. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს გეგმა რომელზეც ბიუჯეტის გაწერა მოხდება"–განაცხადა ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.

 მოხდება თუ არა მანსარდების იდეის გაცოცხლება,  ამაზე საუბარი რთულია.  ცნობილია ის, რომ მერიამ ფონდის შესაქმნელად გაცილებით ნაცად ხერხს მიმართა. მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები შეკრიბა და მათ ფონდისათვის საჭირო შენობა–ნაგებობის შეძენის გადაწყვეტილება აცნობა.  როგორც შოთა მურღულიამ აღნიშნა, რთული საარჩევნო დაპირების შესრულება და სოციალურად დაუცველთათვის საცხოვრისის მოძიება დაიწყო. პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველი 50 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მერიის საბინაო სამსახურს ბინის მომლოდინეთა 1000–მდე განცხადება აქვს განსახილველი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი