|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მასწავლებელთა სახლის" ახალი მფლობელი დაჯარიმდა

ქუთაისის „მასწავლებელთა სახლის“ ახალი მფლობელი დაჯარიმდა. მერიამ კომპანია "HP“-ს მფლობელს რამაზ სოფრომაძეს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ფულადი სანქცია დააკისრა. როგორც მერიაში აცხადებენ, ფინანსური სანქცია თანხის 0.5 % შეადგენს.

ამასთან, რამდენიმე თვის წინ მერიაში განმარტავდნენ, თუ კომპანია ნაკისრ ვალდებულებას 7 თვეში არ შეასრულებდა და შენობას ახალ დატვირთავს არ შესძენდა, მას ქონება ჩამოერთმეოდა.

თუმცა, კომპანიამ ვალდებულების შესრულება დაგვიანებით დაიწყო და ამ დროისთვის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიამ მიცემული შვიდთვიანი ვადა ვერ გამოიყენა და მშენებლობა ივლისის ბოლოს არ დაასრულა. როგორც კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავდა, დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდიდა და ადგილზე სასტუმროს ააშენებდა. მიუხედავად მრავალგზის გაკეთებული განცხადებისა, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხი,  რა შენდება, ცნობილი არაა.

მერიაში ირწმუნებიან, თუ კომპანია ვადაგადაცილების გამო ჯარიმის გადახდის დამადასტურებელ საბუთებს არ წარადგენს, მის წინააღმდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ამ დროისთვის შენობის ფასადის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ვინაიდან  ყოფილი „მასწავლებელთა სახლი“ ქუთაისის ისტორიულ ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაში შეტანილ შენობათა 50 მ-იან არეალში მდებარეობს, შენობა შესაბამისობაში უნდ იყოს სხვა ძეგლბთან, თუმცა მას უკვე დაემატა ორი სართული, რაც ქმნის ოპერის თავზე არსებული ძეგლების ნაწილობრივ დაფარვის საშიშროებას.

"მასწავლებელთა სახლი" 151 000 ლარად გაიყიდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი