|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ წავიდა თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პოლიტიკისგან ხანგრძლივ ან სამუდამო პაუზას იღებს. ამის შესახებ ხიდაშელმა რადიო „პალიტრის“ ეთერში, კოკა კვირკველიას გადაცემაში „შუადღის სტუდია“ სტუმრობისას განაცხადა.


"ასე გამოვიდა, რომ ჩემს სტატუსში ბევრი ყოფილია, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ბევრს არაფერს ცვლის ჩემთვის. 12-წლიანი პაუზის შემდეგ მე დავბრუნდი იქ, სადაც ვიყავი – სამოქალაქო სექტორში. ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნებს ვეხმარებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, საკონსულტაციო საქმიანობას ვეწევი ქვეყნის გარეთ, იქ, სადაც საჭირო ვარ და ვინც თვლის, რომ ჩემი ექსპერტიზა სჭირდებათ," – განაცხადა ხიდაშელმა.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ეს პოლიტიკურ აქტივობას, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობს: მე საკმაოდ გრძელი პაუზის აღება გადავწყვიტე. შეიძლება პაუზაც კი აღარ იყოს და ასე დარჩეს პოლიტიკასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკასთან განშორებას ვაპირებ.
ხიდაშელის თქმით, თავდაცვის მინისტრობა იყო საუკეთესო სამსახური, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოდგინოს და თუკი ყველაზე საუკეთესო სამსახურში უკვე მუშაობდი, მაშინ შეუძლებელია, სხვა რამე მოგეწონოს.
ხიდაშელმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც პოლიტიკის დატოვება გადაწყვიტა.
"ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ადამიანი უნდა მიხვდე, რომ როდესაც 24 წელი რაღაცას აკეთებ, უფრო სწორად შენ გგონია, რომ აკეთებ და მერე აღმოჩნდება, რომ შენ გეგონა აკეთებდი, სხვა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. მერე სხვებს ეუბნები: მოდი, ახლა თქვენ აკეთეთ და ვნახოთ, მერე კიდევ შემდეგი 20 წელი რომ გაივლის, შევედაროთ. ამიტომ ეს ძალიან ნორმალურია.

პრობლემა ის არის, რომ ადამიანები შედიან რაღაც როლში და მერე იმ როლიდან ვერ გამოდიან. მე ძალიან ნათლად დავინახე, რომ ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, დამოკიდებულებები ამ მოვლენების მიმართ იმდენად არაჯანსაღია, რომ მე ნამდვილად უნდა გავჩერდე," _ განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა