|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე პაოლო ვარ"- ქუთაისში ნინო ჩხიკვიშვილის წიგნი წარადგინეს

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში მწერალმა ნინო ჩხიკვიშვილმა თავისი ახალი  წიგნი : ,,მე პაოლო ვარ" წარადგინა.

 ეს ცისფერყანწელების თემაზე  მწერლის მიერ შექმნილი მეორე წიგნია. კოლაუ ნადირაძისადმი  მიძღვნილი წიგნი "უკანასკნელი ცისფერყანწელი" დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობითაა შექმნილი, პაოლოს შესახებ შექნილი კი მხატვრული ნაწარმოებია, რომანი - მისტიფიკაცია, რომელიც გამომცემლობა "არტანუჯმა" გამოსცა. მწერლის თქმით, ეს ერთგვარი გაგრძელებაა წინა წიგნისა. 

"მრავალგზის კვლავ მივუბრუნდები ცისფერყანწელთა თემას, რადგან კოლაუ ნადირაძესთან ურთიერთობამ გადაწყვიტა ჩემი ბედი ლიტერატურაში. კოლაუს შესახებ შექმნილი წიგნი დოკუმენტურ მასალაზეა დაყრდნობილი, აქ კი მწერლური ფანტაზიით პაოლოს უკანასკნელი ღამე წარმოვადგინე. ქუთაისში წიგნის წარდგენა ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ეს არის ცისფერყანწელთა ქალაქი. ყოველთვის, როცა ქუთაისში ჩამოვდივარ, მე ვიცი, სად მოვდივარ, ლიტერატურის როგორ მცოდნე და მოყვარულ ადამიანებთან მაქვს საქმე", -განაცხადა ნინო ჩხიკვიშვილმა.

 მწერალის თქმით, პაოლოს შესახებ მას კოლაუ ნადირაძემ უამბო, რამაც მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. "როცა მე კოლაუზე დავწერე, თითქოს ვიღაცა თავზე მადგა და მეუბნებოდა, უნდა პაოლოზეც დაიწეროს"-განაცხადა მან "ნიუპრესთან" საუბარში.

წიგნიდან ნაწყვეტი აუდიტორიას მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა წაუკითხა.

შეხვედრაზე პაოლოს ხმაც გაისმა. ნინო ჩიკვიშვილის თქმით, აუდიოჩანაწერი, კრემლის ჯურღმულებში აღმოჩნდა, რომელიც რუსმა მეცნიერმა ანდრონიკოვმა მოიპოვა. ჩანაწერი პირველად კოლაუს მოასმენინეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ლექსს "ბულბულის ნისკარტი" ნამდვილად პაოლო კითხულობს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორები ავთანდილ ნიკოლეიშვილი,  მანანა მიქაძე,  ბაია კოღუაშვილი, რომელიც ამავე დროს მერიის ააიპ "კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას" წარმოადგენს. მათი განცხადებით, ცისფერყანწელთა ღვაწლი ქართულ პოეზიასა და კულტურაში ჯერაც სათანადოდ არ არის დაფასებული.  

 "ცისფერყანწელების" დამსახურებაა ქართული ლექსის "გაევროპულება". 1915 წელს საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა პაოლო იაშვილმა შემოიკრიბა თანამოაზრეები და  ქუთაისში  ცისფერყანწელთა ორდენი დააარსა.   კომუნისტურმა რეჟიმმა მათი შემოქმედება აკრძალა და ორდენის წევრთაგან გამორჩეულნი ფიზიკურად გაანადგურა. პაოლომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა