|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალექსანდრე დავითულიანი: „მე ვიქნები ყველა ბაღდათელის მერი“

ალექსანდრე დავითულიანს ბაღდათის რაიონში კარგად იცნობენ. იგი აქ დაიბადა და ბაღდათთან ბევრი რამ აკავშირებს. გარკვეული პერიოდი რაიონს ხელმძღვანელობდა და წარსული გამოცდილება მეტის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. მის წარსულ საქმიანობასა და წარმატებულ პროექტებზე დღესაც ბევრს საუბრობენ რაიონში. 2 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში, ბაღდათის მერის კანდიდატურებს შორის, სხვადასხვა  გამოკითხვით, ალექსანდრე დავითულიანი ლიდერ პოზიციაზეა. რატომ გადაწყვიტა დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა ბაღდათის მერად, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ნიუპრესი“ თავად ალექსანდრე დავითულიანს ესაუბრა:

-ბატონო ალექსანდრე, ბაღდათს თქვენი ბავშვობა უკავშირდება. გვიამბეთ ამის შესახებ..

-ბაღდათში დავიბადე, ჩემი მშობლები ახლაც აქ ცხოვრობენ, აქ ცხოვრობდა ორივე ბებია-ბაბუა. ჩემი არა მხოლოდ ბავშვობა, არამედ შემდგომი ცხოვრებაც აქაურობას უკავშირდება. მესამე კლასში ვიყავი თბილისში რომ გადავედი საცხოვრებლად და სწავლა იქ გავაგრძელე, მაგრამ ყოველ წელს რამდენიმე თვეს მაინც ვატარებდი ბაღდათში. კლასელები, მეზობლები და მეგობრები ბაღდათშიც მყავს და თბილისშიც.  ჩემი მომავალი მეუღლე, მართალია, თბილისში გავიცანი, მაგრამ ისიც კი წარმოშობით ბაღდათიდანაა. 

-გაგვაცანით თქვენი ოჯახი..

-ჩემს ოჯახში გენდერულ უმცირესობაში ვარ, სულ ქალები მყავს, ერთმანეთზე უფრო ჭკვიანი და ლამაზი გოგოები. ჩემი მეუღლე ნინო ექიმია. სამი ქალიშვილი გვყავს: მარიამი, ელენე და ბარბარე. ჩემთვის მათთან ურთიერთობაზე დიდი სიხარული არ არსებობს!.. გვიან დავოჯახდი და ქორწინებამ ჩემი პრიორიტეტები სრულიად შეცვალა. ძიძა არ გვყავს და მე და ნინო ბავშვების მოვლაზე ერთად ვზრუნავთ. რა თქმა უნდა, ბებია-ბაბუებიც ყურადღებას არ გვაკლებენ. ისე კი, ჩემი ოჯახი ბევრად უფრო დიდია, მყავს ბევრი ნათესავი, რომლებიც ჩემი ოჯახის წევრებად მიმაჩნია. ყველაზე ახლობელი ჩემი ძმის ოჯახია, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდში მიდგას. 

 

 [ფოტოზე: ალექსანდრე დავითულიანი ოჯახთან ერთად]

 -თქვენ ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდით ბაღდათის რაონს.  რა გამოცდილება იყო თქვენთვის და რატომ გადაწყვიტეთ განმეორებით ამ პოზიციაზე კენჭისყრა?

-წლების წინ, 15 თვის განმავლობაში ვიყავი ბაღდათის გამგებელი, თუმცა მაშინ ჩემს პირად არჩევანზე უფრო, ეს გარემოებების დამთხვევამ განაპირობა. საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა! მეგონა გუნდის კაპიტნობაზე საპასუხისმგებლო ცოტა რამ თუ იყო, მაგრამ ეფექტურად მართვა სპორტზე უფრო დიდი გამოწვევა ყოფილა. ყველაზე რთული კი ისაა, რომ პრობლემა მეტი გხვდება, ვიდრე მისი გადაჭრისათვის არსებული რესურსი. დამეხმარა ჩემი გამოცდილება საჯარო სამსახურში და ფინანსისტის განათლება, ასევე, ვფიქრობ, თანდაყოლილი რამდენიმე თვისება, რომლებიც ბევრ რთულ სიტუაციაში გამომდგომია. წლევანდელი გადაწყვეტილება კი სრულიად ჩემია. წლიდან წლამდე ვაკვირდებოდი  ბაღდათის მდგომარეობას და ვფიქრობდი, როგორ უნდა მომხდარიყო სასიკეთო ცვლილება. ვფიქრობ, რომ მონდომებული და კეთილსინდისიერი მერის პირობებში, ბევრი რამ შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. არის რაღაცები, რის შეცვლასაც მეტი დრო დასჭირდება და მხოლოდ მერის ძალისხმევაც არ ეყოფა.

 

 [ფოტოზე:ალექსანდრე დავითულიანი- საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი კალათბურთში.]

-რატომ გადაწყვიტეთ დამოუკიდებელ კანდიდატად  კენჭისყრა? 

-უპარტიო მერი ბაღდათისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ სიტუაციაში. პარტიულ პოლიტიკაში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ დღეს საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია და ადამიანები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან დაპირისპირებულები არიან პარტიული ნიშნით. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყარო კენჭი, რომ საზოგადოებას დავანახო, არაფერ შუაშია პარტიულობა, მთავარია პროფესიონალიზმი, მონდომება და ერთმანეთთან თანამშრომლობა ბაღდათის  კეთილდღეობისთვის. ზუსტად ამიტომ მზად ვარ ყველა ღირსეულ ადამიანთან ერთად ვაკეთო საქმე, პარტიულები იქნებიან ისინი თუ უპარტიოები. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი შემოვიარე და მიხარია, რომ ადამიანები ამას თვითონვე მეუბნებიან. ისინი მე მიცნობენ, ბევრ სასიამოვნო ამბავს იხსენებენ და ადვილად შემოდიან კომუნიკაციაში.

 

-რა პრობლემებია ბაღდათში?

-ბაღდათში ყველა ასაკის ადამიანს თავისი პრობლემები აქვს, პენსიონერებს არ აქვთ სათანადო ყურადღება, განსაკუთრებით მარტოხელა პენსიონერებს. ახალგაზრდებს არ აქვთ საჯარო სივრცე კომუნიკაციისათვის, სადაც ახალ ცოდნას მიიღებენ, დასაქმდებიან, სპორტით დაკავდებიან ან ინტერესებს შეიძენენ. მძიმეა შშმ პირების მდგომარეობა და აუცილებელია მათი ინტეგრაცია მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. ჩემი ასაკის აქტიური და ნიჭიერი ადამიანები ან საზღვარგარეთ არიან წასული, ან დედაქალაქში და ვინც ბაღდათშია, სამწუხაროდ, არ არის ჩართული მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესებში. 

ვფიქრობ, პრობლემები ბევრია, მაგრამ მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მოსახლეობა არ ენდობა ადგილობრივ მმართველებს, ისინი კი მოსახლეობასთან კომუნიკაციას არ ცდილობენ. 

 

-რას პირდებით თქვენს ამომრჩეველს?

-პარტიული ნიშნით ხალხის დახარისხება არის მიუღებელი. დალხენილი ადამიანი მერიაში დახმარებისთვის არ მოდის, და თუ მომხრეა, ეხმარები და თუ არ არის, უარს ეუბნები?  - ეს სირცხვილია!. სოფელში ხიდის აშენებას პირდებოდე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხმას მოგცემენ,-  ეს სირცხვილია!.  როდესაც ერთ კორპუსში ცხოვრობს 42 ბავშვი და ეზოს მოპირკეთების სანაცვლოდ ითხოვ ხმებს, სირცხვილია!. დასაქმება ხდებოდეს მხოლოდ პარტიული ნიშნით, იმის მიხედვით თუ ვის რამდენი ხმა მოაქვს მმართველი პარტიის ყულაბაში, ესეც დიდი სირცხვილია!

ამიტომ ჩემი მთავარი დაპირება არის ეს, - მე ვიქნები ყველა ბავშვის, მოხუცის თუ ახალგაზრდის მერი, პარტიული თუ უპარტიო მოქალაქეების მერი, რომელსაც ენდობიან  ბაღდათელები და ანდობენ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ. 

 

[ფოტოზე: ალექსანდრე დავითულიანი ამომრჩეველთან შეხვედრისას]

-რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი?

-ჩემი მთავარი პრიორიტეტია აღვადგინო კავშირი მოსახლეობასთან. კარი ღია იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც სურს მერს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება, იდეა თუ პროექტი.

ბიუჯეტი დაიგეგმება მოსახლეობასთან მჭიდრო კონსულტაციის გზით.

დიდი ყურადღება დაეთმობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

მერიის მუშაობა იქნება სრულიად გამჭვირვალე. მერიაში დასაქმება მოხდება მხოლოდ საჯარო კონკურსების გზით. 

მუნიციპალიტეტის ახლგაზრდებისათვის უნდა გავაჩინოთ დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობები, კულტურის, სპორტისა და განათლების კერები.

საშუალო და მცირე  ბიზნესს უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა და პირობები სოფლის მეურნეობისა თუ ტურიზმის დარგში მცირე საწარმოების განვითარებისათვის.

ვფიქრობ, ბაღდათელების ჩართულობით ამის მიღწევა სულაც არ არის შეუძლებელი.

 

[R]

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა