|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერიიდან დანიშნული კადრები" და დაშინება რეორგანიზაციის სახელით

„რატომ დასცინით საჯარო ბიბლიოთეკას, წიგნიერებას და საზოგადოებას?!“-ამგვარი კითხვით ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელმა სოციალურ ქსელში მიმართა. ნინო ძოწენიძე მერს ბიბლიოთეკაში დასაქმებული სამი ადამიანის გამო საყვედურობს და აცხადებს, რომ ახალი კადრები პროფესიონალიზმით არ შერჩეულან.

„მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით რეორგანიზაციაა გამოცხადებული, პროფესიონალიზმზე აქცენტი გადატანილი, როცა კახი კალაძის ინიციატივით ბიბლიოთეკებს უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს და დაფასდეს, ,,ყვარყვარეს ციხედ'' ქცეულ საჯარო ბიბლიოთეკაში რატომ აგზავნით გაურკვეველი პროფესიის სამ ადამიანს? უბრალოდ, წარმოდგენაც რომ არა აქვთ მუშაობის სპეციფიკაზე...  ორიოდე წლის წინ თქვენი სახელით შემომძვრალ არაპროფესიონალზე თვალი დავხუჭეთ და არაფერი ვთქვით შეცდომის გამოსწორების იმედით, დღეს კი თქვენს წინამორბედზე უარეს შეცდომას უშვებთ...
არ შეიძლება ასე, ბატონო მერო, თქვენ თუ არ იცით და ვერ ხედავთ, დაეკითხეთ პროფესიონალებს. ვერ იტყვით, რომ არ იცოდით და იცით საჯაროში მიმდინარე სამარცხვინო პროცესების შესახებ... გაათავისუფლეთ ბიბლიოთეკა ფუქსავატებისა და არაპროფესიონალებისგან და მოგვეცით საშუალება, კარგად ვაკეთოთ ჩვენი საქმე", - წერს ნინო ძოწენიძე.

ძოწენიძის კრიტიკას იზიარებს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი. მათი განცხადებით, ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზ ჩოგოვაძე თანამშრომლებს რეორგანიზაციით აშინებს და აცხადებს, რომ კადრების შემცირება მოხდება, თუმცა, პარალელურად, ახალი კადრების მოყვანაზე საუბრობს.

ბიბლიოთეკის ანტონ ლორთქიფანიძის სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტის ინგა გვენეტაძის განცხადებიით, დირექტორმა განაცხადა, რომ მას კადრების დანიშვნას მერია თხოვს.

„მე პატივს ვცემ ქალაქის მერს და 2012 წლიდან ვიბრძოდი, რომ ვითარება შეცვლილიყო, მაგრამ ჩვენთან უარესობისკენ მიდის საქმე. მე არ მეშინია სიმართლის თქმის, რადგან ამ ფაქტით ბიბლიოთეკა ზარალდება. ამ პოსტის მერე ჩამოვიდა დირექტორი და თქვა, რომ ერთი ადამიანი სტაჟიორად ყავთ მოყვანილი და საგანგაშო არაფერი არაა, მაგრამ ეს მისი მორიგი სიცრუეა. ამბობს, რომ თვითონ არაფერს მართავს და მერიიდან იმართება ყველაფერი. ისიც არ ვიცით, რეორგანიზაცია არის დაწყებული, თუ არა. ამბობენ, რომ დაიწყო, ოფიციალურად კი არაფერი უთქვამთ. დირექტორი ამბობს, რომ იქნება დიდი რეორგანიზიაცია,  შემცირებები, მაგრამ მოვლენ ახალი კადრები და თურმე, ეს მასზე არ ყოფილა დამოკიდებული. უკვე გაგვეცნო ერთი თანამშრომელი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად, მირანდა ბოჭორიშვილი, რომელიც მერიაში მუშაობდა, ეს შტატი საერთოდ არ იყო ჩვენთან. პირდაპირ ამბობენ, რომ ის გამოგზავნილია მერიიდან. მეორე თანამშრომელი დაინიშნა დირექტორის მოადგილის, მაია კანდელაძის და.  დღეს გვითხრეს, რომ ის არაა დასაქმებული და სტაჟირებაზეა. ჩვენთან სტაჟიორის პრაქტიკა არ არსებობს, თუმცა დირექტორმა განმარტა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, თუ გამოჩნდა ადგილი, დასაქმედება. რეორგანიზაციით აშინებენ თანაშრომლებს“, -განაცხადა ინგა გვენეტაძემ.

თანამშრომლების ნაწილის პროტესტს არ ეთანხმება ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზ ჩოგოვაძე, რომლის თქმითაც, ყველა ააიპში ტარდება რეორგანიზაცია და ეს ვინმეს დასაშინებლად არ ხდება.

„რეორგანიზაცია ტარდება ყველა ბიბლიოთეკაში და ეს არ არის ვინმე დასაშინებლად.  არ ვიცი, ვინ ვის აშინებს, მაგრამ ასე არ ხდება. ჩვენ ვერ გავექცევით რეორგანიზაციას. ბიბლიოთეკა არის რთული საქმე, აქ უნდა მუშაობდნენ ბიბლიოთეკარები და პროფესიონალები. გვყავს ძალიან კარგი კადრები, მაგრამ არიან არაპროფესიონალებიც. რაც შეეხება თანამშრომლის დანიშვნას, ერთი ვაკანტური ადგილი გვქონდა. იქ დაინიშნა თანამშრომელი და დაემატა ადმინისტრაციული სამსახური“, -განაცხადა ნარგიზ ჩოგოვაძემ.

კითხვაზე, ამ დრომდე ადმინისტრაციული სამსახურის არარსებობით ფერხდებოდა თუ არა ბიბლიოთეკის მუშაობა,  გვპასუხობს, რომ არ ფერხდებოდა, თუმცა ახლა უკეთ იმუშავებენ. რაც შეეხება კადრების შერჩევას, მისი თქმით, ისინი მერს არ დაუნიშნავს და მასთან მხოლოდ კონსულტაცია გაიარა.

„არ დაუნიშნავთ კადრები მერიიდან, რა თქმა უნდა, თანამშრომლებს ვნიშნავ მე, მაგრამ გავიარეთ კონსულტაცია ყველასთან, ასევე მერთანაც, ეს ხდება ბიბლიოთეკის უკეთ მუშაობისთვის“, -განაცხადა ნარგიზ ჩოგოვაძემ.

მერიის მისამართით დასმულ კითხვას არ პასუხობენ მერიაში. პრესსამსახური კადრების დანიშვნის თემაზე ბიბლიოთეკის დირექტორთან გვამისამართებს.

ბიბლიოთეკაში თანამშრომლების პროტესტი პირველი შემთხვევა არ არის, ბიბლიოთეკარებმა პროტესტი სხვადასხვა საკითხის გამო წინა წლებშიც არაერთხელ გამოთქვეს.

ამ დროისთვის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში 133 თანამშრომელია და ის მერიიდან 715 000 ლარით ფინანსდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი