|
  • EUR 1 = GEL 2.9405
  • USD 1 = GEL 2.4863
|

მიტინგი საფიჩხიაზე -ქუთაისი არჩევნებისათვის ემზადება

ნიუპრესი“ აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც ქუთაისში გამომავალ გაზეთებში ზუსტად 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაგაცნობთ.

4 ივნისს საფიჩხიის ეკლესიის გალავანში ჩატარებულა მიტინგი - შეხვედრის დეტალებს აქტიურად აშუქებდა ქუთაისის პრესა.

შეკრებილ მოსახლეობას თავის პროგრამას აცნობდა სოციალ-ფედერალისტური პარტია და მისი წარმომადგენელი აკაკი ფაღავა. პრესის ყურადღების ცენტრში კი ეს ამბავი იმ დაპირისპირების გამო მოხვდა, რომელიც სოციალ - ფედერალისტებსა და სოციალ-დემოკრატებს შორის განვითარდა. სოციალ-დემოკრატებმა ფედერალისტებს მიტინგის ჩატარების საშუალება მისცეს და საკუთარი პროპაგანდა გააჩაღეს. მწვავე იდეური დაპირისპირების მიუხედავად, მიტინგი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. 

 

ქუთაისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ემზადება. პირველად ტარდება არჩევნები საყოველთაო საარჩევნო უფლებით.  პრესა მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის 11 ივნისს დაგეგმილი მოსახლეობის აღწერის შესახებ, რაც არჩევნებში მონაწილეობის მიღებისათვის არის საჭირო.

"კვირას, 11 ივნისს, ამა 1917 წლისა, მოხდება ქალ. ქუთაისის მცხოვრებთა ერთდღიური აღწერა ქალაქის საბჭოს ხმოსანთა ასარჩევად საყოოველთაო საარჩევნო უფლების საფუძვლით.  საყოველთაო არჩევნები რომ განხორციელდეს და ყოველ მოქალაქეს შეძლება ექნეს მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში, საჭიროა, რომ ამ დღეს (კვირას) ყოველი მოქალაქე სახლში იყოს, ან თვითონ, ან დატოვოს ოჯახის ისეთი წევრი, რომელსაც შეეძლება სწორი ცნობები მიაწოდოს რეგისტრატორს", -ნათქვამია  ქუთაისის ქალაქის საარჩევნო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

საინტერესოა, როგორი იყო მაშინ საარჩევნო წესი? პრესის საშუალებით მოქალაქეებს მიეწოდებათ  ინფორმაცია, რომ მომავალი არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, თუ ადრე ყველა მანდატს გამარჯვებული იღებდა, ამ არჩევნების შედეგად მანდატები პროპორციულად განაწილდება პარტიებს შორის. "არცერთი ხმა არ დაიკარგება"- აუწყებს პრესა ამომრჩეველს.

 

 თუმცა, საარჩევნო კომისიას ერთი "შეუწყნარებელი დადგენილება" მიუღია, რასაც უყურადღებოდ არ ტოვებენ ჩვენი საუკუნის წინანდელი კოლეგები.  საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიების რუსულად შედგენა განუზრახავს, რაც "ჩვენი მეგობარის" კრიტიკის მიზეზი გახდა. ასეთი დადგენილება რომ ნიკოლოზის დროს მიეღოთ, ისიც საჩოთირო იქნებოდა, არა თუ დღესო, - წერს გაზეთი. 

ავტორი: ირინა მაკარიძე