|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მუდამ ქუთაისის პულსზე მიდევს ხელი"-კოტე მალანია

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 14 მაისს საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი გაიმართება. შემოსული თანხა  მამუკა გელხვიიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ღონისძიებაზე მონაწილეობას ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები მიიღებენ.  საღამოს ორგანიზებას ქუთაისელი მუსიკოს-პროდიუსერი და კულტუროლოგი კოტე მალანია მეგობრებთან ერთად უწევს.

ღონისძიების შესახებ „ნიუპრესს“ კოტე მალანია ესაუბრა.

-ბატონო კოტე,  რამდენიმე თვეა აქტიურად ემზადებით  საქველმოქმედო  ღონისძიების მოსაწყობად, რომელიც  მამუკა გელხვიიძის დასახმარებლად ეწყობა, გვიამბეთ ამის შესახებ..

-საღამო  ჩვენი მეგობრის, მამუკა გელხვიიძის სიცოცხლის გადასარჩენად დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში იმართება.  აღსანიშნავია, რომ მისი დაავადება ფაქტიურად ფატალური იყო, მაგრამ მოხდა სასწაული და ის ახლა გამოჯანმრთელების გზაზეა. ახლა მთავარია ფინანსები, ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა საქველმოქმედო საღამო, რომელშიც  სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანი ჩაერთვება.

-საზოგადოების აქტიურობა რამდენად შეინიშნება?

- ამ დრომდე არ წყდება მესიჯები და ზარები, ზოგი ანგარიშის ნომერს ითხოვს, ზოგი ბილეთს. მიხარია, რომ აქტიურობა ძალიან მაღალია.

- როგორც ცნობილია, ღონისძიების დაწყებამდე თქვენი წიგნის პრეზენტაცია იგეგმება?

-დიახ, ღონისძიების დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოხდება ჩემი წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა. შემოსული თანხაც მამუკა გელხვიიძის ჯანმრთელობას მოხმარდება.

- ეს წიგნი თქვენი პირველი ნამუშევარია?

- არა, უკვე მეორე წიგნი დავბეჭდე.. პირველ წიგნს  „დიდი კაცი პატარა ქალაქის თავზე“, - ასე დავარქვი, რომელიც ჩემი საყვარელი ბიძის,  ქუთაისის საპატიო მოქალაქისა და დამსახურებული მხატვრის ოთარ ქანდარიას ხსოვნას მივუძღვენი. წიგნში საუბარია მისი ცხოვრების ამსახველ დეტალებზე. ხოლო მეორე წიგნი, რომლის პრეზენტაციაც  იგეგმება, მთლიანად ქუთაისზე და იმ ტკბილ მოგონებებზეა, რომელიც ამ ქალაქთან მაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, ქუთაისელებისთვის საინტერესო საკითხავი იქნება, ვინაიდან ეს არის ემოციებზე დაყრდნობით დაწერილი წიგნი, ჩემი ბავშვობისა და სიყმაწვილის  დროინდელ ქალაქზე, რომელშიც ვცხოვრობდი. 

-ალბათ ეს განსაკუთრებული ემოციაა, რომელიც  გაკავშირებთ ამ ქალაქთან..

-ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჩემს ქალაქში არ ვმუშაობ,  ჩემს ფესვებს არ ვარ მოწყვეტილი. ყოველთვის, ყველა თემა, რომელიც ქუთაისს უკავშირდება, ჩემი ინტერესის საგანია,  ასე  ვთქვათ, მუდამ  ქუთაისის პულსზე მიდევს ხელი. ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, რომ აქ ჩამოვსულიყავი სამუშაოდ, თუმცა ვერ მოვახერხე და ახლა რუსთავში ვმუშაობ.

- როგორც ვიცით, რუსთავში კულტურის სამსახურში მუშაობთ, სპეციალობიდან გამომდინარე, ქუთაისში კულტურის მიმართულებით სამუშაოებს როგორ შეაფასებთ?

- ქუთაისის აქვს პოტენცია, რომ კულტურის მხრივ პირველი ქალაქი იყოს, მაგრამ მაინც პროვინციულ, რეგიონულ ქალაქად ითვლება და არ ხდება ამ მიმართულებით განვითარება. შესაძლოა, კულტურისთვის თანხების დახარჯვა ენანებათ.  მიმაჩნია, რომ ქუთაისში კულტურის სფეროს მართვას სჭირდება ზედმიწევნით გამოცდილი, ქალაქზე უზომოდ  შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის მისი ყველა დადებითი და უარყოფითი ნიუანსი, ამის შემდეგ ძალიან მარტივად შეიძლება სასურველი შედეგის მიღება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი