|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოვუწოდებთ პაატა ბურჭულაძეს, მოაწესრიგოს წლების წინ მიტოვებული ტერიტორია"

ქუთაისში, კიბულის ქუჩა #12-ში  მდებარე მიტოვებული შენობა, სადაც ბაგა–ბაღი იყო განთავსებული, ანტისანიტარიის კერად არის ქცეული. შენობაში გამრავლდნენ მღრნელები და ქვეწარმავლები. აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთ სააგენტოზე გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობიდან ითხოვდა.
ამის შესახებ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ ბრიფინგი გამართა.  მისი თქმით,  შენობა პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის. ის ბურჭულაძეს მოუწოდებს, მოსახლეობის მოთხოვა შეასრულოს და წლების წინ მიტოვებული ტერიტორია მოაწესრიგოს. 
"ქუთაისის მერიას არ აქვს უფლება კერძო საკუთრება დაასუფთაოს, ან რაიმე სამუშაოები განახორციელოს. თუმცა, რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას, ის საფუძვლიანი და სამართლიანია. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ადგილის მეპატრონე პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდებთ მოსახლეობის მოთხოვნა ყურად იღოს და წლების წინ მიტოვებული ტერიტორია მოაწესრიგოს. მოწოდება ეხება ასევე სხვა კერძო მესაკუთრეებს, რომლებსაც წლებია მიტოვებული აქვთ ქონება და ადგილები ანტისანიტარიის ბუდედაა ქცეული“-განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობა აღნიშნულის გამო სანქციების დაწესებას არ აპირებს. ჯავახიას განცხადებით,  შენობა ბურჭულაძეს 1996 წელს კონკურსის და აუქციონის წესის გარეშე გადაეცა.
შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძემ ცოტა ხნის წინ  საზოგადოებას ახალი პოლიტიკური პარტიის "სახელმწიფო ხალხისათვის" წევრები წარუდგინა. ის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს.
 პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ ეს ტერიტორია ნამდვილად ბურჭულაძეს ეკუთვნის და ის 1996 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის,  თემურ შაშიაშვილის განკარგულებით გადაეცა, თუმცა საკითხით ახლა დაინტერესებას პოლიტიკურ კონტექსს უკავშირებენ. 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი