|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მხარს ვუჭერ პარლამენტის დარჩენას და ვეცდები გუნდშიც მოვიპოვო მხარდაჭერა“-ნატო ქათამაძე

პარტია „უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს. საარჩევნო სიის პირველი ოცეულიც უკვე ცნობილია. სიაში 18 ადგილზეა ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე. ქათამაძე #48-ე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.

მისი ოფიციალური წარდგენა არ მომხდარა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ის უკვე დასახელებული კანდიდატია და ოფიციალური წარდგენა არც იგეგმება,

„მე წარდგენილი ვარ უკვე, რადგან გამოქვეყნდა სიის პირველი ოცეული, არ იგეგმება ოფიციალური წარდგენა „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერები ჩამოვლენ ქუთაისში და ამას ამომრჩევლებთან შეხვედრას უფრო ვუწოდებთ“, - განაცხადა ქათამაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ ოლქებს, მისი განცხადებით, მიმდინარეობს კანდიდატების განხილვა, ჯერ ვერ ასახელებს მათ ვინაობას, თუმცა და ადასტურებს, რომ  დეპუტატობის კანდიდატები აუცილებლად ადგილობრივები კადრებიდან შეირჩევა.

ქათამაძის თქმით, საარჩევნო კამპანია თვითმმართველლობის არჩევნების მეორე დღიდან დაიწყო.

„საარჩევნო კამპანია გუშინ არ დამიწყია, ეს დაიწყო თვითმმართველობის არჩენების მეორე დღიდან. ყოველდღე ვხვდებოდი ამომრჩეველს, ვეცნობოდი და ვაგვარებდი მათ პრობლემებს,  ამიტომაც მათი  პრობლემები არახალია. მოსახლეობას იმედები, რაც ქონდა „ქართული ოცნების“ მისამართით, გაუცრუვდათ, ვეცდებით დავუბრუნოთ რწმენა და გავთავისუფლედეთ ყველა მანკიერებისგან, რაც ქვეყანაში ხდება. მზად ვარ ვიზრუნო ქუთაისისთვის, ქუთაისელი მოქალაქეებისთვის და შევუქმნათ მათ პირობები, არ გაიქცენ ქალაქიდან“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

რაც შეეხება ქუთაისის საპარლამენტო სტატუსს, ამბობს, რომ თავდაპირველად მხარს არ უჭერდა.

„წინააღმდეგი ვიყავი თანხა გახარჯულიყო პარლამენტის გადმოტანაზე, რადგან 360 მილიონი და სხვა თანხებიც, რაც შემდეგ გაიხარჯა,  ჯობდა სხვა პროექტებს მოხმარებოდა, მაშინ, როდესაც ქალაქს არ ქონდა კანალიზაცია და წყალი. მაგრამ, რადგან მაინც გაკეთდა და ახლა ქუთაისში არის პარლამენტი, მხარს ვუჭერ მის დარჩენას და ვეცდები, გუნდშიც მოვიპოვო მხარდაჭერა“, - განაცხადა ქათამაძემ.

ქათამაძე თავის სამაჟორიტარო ოლქში დასახელებული კანდიდატებიდან ნომერ პირველ კონკურენტად არავის გამოყოფს, რადგან თვლის, რომ ყველას თანაბარი შანსი აქვს. ამომრჩევლებს კი მოუწოდებს, ხმა არა პარტიას, არამედ კანდიდატს და მის სამოქმედო გეგმას დაუჭირონ.

შეგახსენებთ, #48-ე ოლქში მაჟორიტარობისთვის  "ქართული ოცნებიდან' დიმიტრი მხეიძე,  "ნაციონალური მოძრაობიდან" კაკო ბობოხიძე,  ხოლო  "თავისუფალი დემოკრატებიდან" გია გუმბერიძე იბრძვიან.

„ნიუპრესი“ პერიოდულად გაგაცნობთ ქუთაისში წარმოდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების ხედვებსა და გეგმებს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი