|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მზად ვართ მეორე ტურში ბრძოლაზე უარი ვთქვათ“-აკაკი ბობოხიძე

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა აკაკი ბობოხიძემ და გია თევდორაძემ ქუთაისში მოქმედ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ქუთაისში პარლამენტის დარჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბობოხიძის თქმით, შეხვედრის მიზანი არა მხოლოდ გაშუქება, არამედ ჟურნალისტების აზრის მოსმენაცაა, თუ რა უნდა გააკეთოს ქალაქმა საპარლამენტო სტატუსის შესანარჩუნებლად. მისი თქმით, თუ ახლა ამ შანსს  ქალაქი დაკარგავს, შემდეგ ეს შენობა გაიყიდება და აქ ასეთი შენობის აშენებისათვის მიხეილ სააკაშვილიც აღარ გადაიხდის 360 მილიონს.

„ახლა საპარლამენტო ქალაქი მახინჯი ფორმით არსებობს. იდეაში მთავრობა აქ უნდა გადმოსულიყო. ეს შანსია არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ იმერეთისთვის. ამასთან თუ თბილისის განტვირთვა არ მოხდა, ის ქალაქსახელმწიფოდ  იქცევა“,-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის თქმით, თუ ქუთაისი დააფიქსირებს თავის პოზიციას,  ქუთაისიდან ასე ადვილად ვეღარ წაიღებენ პარლამენტს. ბობოხიძე იმასაც აცხადებს, რომ ამ მიზეზით მეორე ტურში ბრძოლაზეც უარს განაცხადებს.

„ქართული ოცნების“ 11 მაჟორიტარი თუ მხარს დაუჭერს პარლამენტის ქუთაისში დარჩენას, მაშინ ეს ხმები „ნაციონალების" 27 ხმასთან  ერთად საკმარისი იქნება, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ვერ მიიღონ და პარლამენტი ქუთაისში დარჩება.  თუ ეს 11 დეპუტატი დააფიქსირებს თავის პოზიციას, მაშინ მზად ვართ მეორე ტურში ბრძოლაზე უარი ვთქვათ“,-განაცხადა ბობოხიძემ. მისივე განცხადებით, როდესაც ამბობს, რომ კანდიდატურას მოიხსნის, ამით მისი პარტიის წინააღმდეგ მიდის, მაგრამ მზადაა გადადგას ეს ნაბიჯი, თუ იმერეთის დეპუტატები მხარს დაუჭერენ პარლამენტის ქუთაისში დარჩენას. 

ბობოხიძე პარლამენტის საკითხთან დაკავშირებით კობა ნარჩემაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. ბობოხიძის თქმით, შესაძლოა, ნარჩემაშვილმა მართლაც არ დაუჭიროს მხარი პარლამენტის გადატანას, რადგან უმრავლესობას მისი ხმა არ დაჭირდება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები  შეხვედრების გამართვას  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გეგმავენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა