|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალურ მოძრაობას“ სამი ალტერნატიული ადგილი შევთავაზეთ“

ქუთაისის #47 სარჩევნო ოლქში ნაციონალური მოძრაობის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გია თევდორაძის განცხადებას მერიაში პასუხობენ. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციის ჩასატარებლად სამი ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოგვმართა წერილობით 27 სექტემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ, რაზედაც ვაცნობეთ, რომ ხელი შეეშლებოდა სასწავლო პროცესს, თვითონაც დაგვეთანხმნენ და შეცვალეს თარიღი, რომელიც დაემთხვა საბავშვო ღონისძიებას, ჩვენ ვერ შევცვლიდით დაგეგმილი ღონისძიების თარიღს, ამიტომაც შევთავაზეთ მათ სამი ადგილი, სადაც შეეძლოთ აქციის ჩატარება. ეს ადგილებია: ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორია, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი სრულად და ხარაზოვის ბაღი. არ ვიცი, რატომ არ სურთ აღნიშნული ადგილები“, - განაცხადა ჯავახიამ.

მისი თქმით, საბავშვო ღონისძიება გარკვეული პერიოდის წინ დაიგეგმა და თარიღი „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის ჩაშლის გამო არ შეცვლილა. ჯავახიას განცხადებით, მერიაში შევიდა ორგანიზაციის ახალი წერილი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ჩატარების ინფორმირების შესახებ.

„გვაცნობეს, რომ აქციას მერიის მიმდებარედ ჩაატარებენ. ჩვენ ვართ კანონმორჩილი ხელისუფლება და ვიცავთ მოქალაქეების მშვიდობიან გადაადგილებას, ამასვე მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეაფერხონ მოქალაქების უსაფრთხო გადაადგილება, რაც არაა გამორიცხული მერიის მიმდებარედ აქციის გამართვით“,-განაცხადა ჯავახიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიას აქციის ჩატარების შესახებ ამცნო და ადგილის გამოყოფა მოითხოვა. გია თევდორაძის განცხადებით, მერიამ მათი აქციის ხელშეშლის მიზნით სხვადასხვა არგუმენტები მოიყვანა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა