|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ნაეკი” წარმოქმნილი გაუგებრობის გამო აბიტურიენტებს ბოდიშს უხდის

გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ გამოქვეყნდება 25 აგვისტოსთვის. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. მონაცემების დამუშავებისას, მცირე ხნის განმავლობაში აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ სმს-სს ნომერზე 9333, ქულებთან ერთად დამატებით იღებდნენ დამუშავების პროცესში მყოფ ინფორმაციასაც”, – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში აბიტურიენტებისგან გავრცელდა ინფორმაცია რომ სმს-ის საშუალებით შესაძლებელი გახდა გამოცდების საბოლოო შედეგებისა და გრანტის ოდენობის დადგენა. თუმცა, როგორც ცენტრში განმარტავენ, აღნიშნული შედეგები არ არის საბოლოო და შესაძლოა შეიცვალოს.

მოგვიანებით "ნაეკმა" კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც აბიტურეინტებს ბოდიში მოუხადა.

"ნაეკის" განმარტებით, "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო და აცნობებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები მონაცემების დამუშავების დასრულებთანავე, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება სმს-ბის საფასურს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით აბიტურიენტებს, რომლებმაც მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგაზავნეს სერვისის გათიშვის პერიოდში, ამ მომსახურების თანხა არ ჩამოეჭრებათ.

ავტორი: ნიუპრესი