|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატალია ნუცუბიძე - საფრანგეთში მოღვაწე ქუთაისელი მომღერლის წარმატება [VIDEO]

ნატალია ნუცუბიძე საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანია. ის მუსიკალურ ჯგუფთან ერთად საფრანგეთის ქალაქებში კონცერტებში იღებს მონაწილეობას.  ნატალიას შესახებ ფრანგული პრესა დაინტერესდა. 

ნატალია  ქუთაისიდანაა, ის ემიგრაციაში 2015 წელს ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა. საკუთარ ცხოვრებასა და საქმიანობაზე მომღერალი "ნიუპრესს" ესაუბრა.

-მუსიკოსების ოჯახიდან ვარ,  3 წლიდან ვმღერი, მუსიკალური განათლება  საოპერო მუსიკის განხრით  მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში მივიღე.  წერეთლის უნივერსიტეტში კი დიზაინერის პროფესიას დავეუფლე, თუმცა მუსიკასთან კავშირი არ გამიწყვეტია... 2015 წელს, როდესაც  დავდექი არჩევანის წინაშე, კარიერა თუ შვილები, რა თქმა უნდა,  შვილები ავირჩიე და დავტოვე საქართველო. საფრანგეთში ჩამოსული ათასნაირ პრობლემებს გადავაწყდი და ისეთ ცხოვრებას შევეჭიდე, რაც აქამდე არ მენახა.  იყო თეთრად გადათენებული ღამეებიც, მერე იყო დაუსრულებელი დეპრესია, ერთი სიტყვით, რთული ცხოვრება, რაზეც მე ვერასოდეს ვსაუბრობ ემოციების გარეშე, მაგრამ ჩემთანაც გამოანათა მზემ და სრულიად შემთხვევით ერთ-ერთ ფრანგულ სტუდიაში ჩემი სიმღერები მოისმინეს. ჯგუფ "odessa"-ს ხელმძღვანელმა Leon Tourtzevitch-მა შემომთავაზეს მათთან მემუშავა.

-როგორ წარიმართა თანამშრომლობა?

-როდესაც მივედი,  საოცარი გარემო დამხვდა, ყველაფერი იყო იმისათვის,  რომ ჩემს ძველ ცხოვრებას დავბრუნებოდი და მემღერა.  ბევრად უკეთესი სიტუაცია დამხვა, ვიდრე სამშობლოში მქონდა. მე საქართველოში ფულს ვიხდიდი ყველა სიმღერის ჩაწერაში,  აქ კი არაფერში ფულს არ ვიხდი.  მითხრეს,  ოღონდ შენ იმღერე,  შენი ხმა გაგვაგონე და შენი არაფერი გვინდა.  მე ყველაფერზე ჩაქნეული მქონდა ხელი და მხოლოდ ბავშვებისათვის ვარსებობდი...

- რა ჟანრში მუშაობთ? 

- მე ძირითადად ჯაზს ვმღერი, მაგრამ ახლა ვმუშაობ ედიტ პიაფის სიმღერებზე, გარდა ამისა ვმუშაობ ალბომზე, სადაც შევა ქართული და ლაზური სიმღერები. 

-ამ ჯგუფის სახელწოდება - "odessa" რას უკავშირდება?
-ერთ-ერთი მათი ჯგუფის წევრი იყო ოდესიდან, ამ ადამიანის სიყვარულით და მონატრებით შემორჩა ეს სახელი, თან უკვე ამ სახელით იცნობენ  და შეუძლებელია ამის შეცვლა.
 
-თქვენს გეგმებზე რაც იტყვით?
- სექტემბერში იგეგმება გრანდიოზული კონცერტი, რისთვისაც  ძალიან ბევრს ვშრომობ.  ამ კონცერტისათვის ემზადება ჩემი და პიანისტი ეკატერინე ნუცუბიძე, ის საქართველოში ცხოვრობს. გასული წლის 16 სექტემბერს  ჩავატარეთ ჩემი სოლო კონცერტი სახელწოდებით - "ქართული რომანსები".  ამ  კონცერტზე  ჩემს დასთან ერთად უკრავდა ქუთაისისათვის ცნობილი პიანისტი ზანდა კეკუა, რომელიც 15 წელია მოღვაწეობს საზღვარგარეთ.  ზანდა კეკუა დედაჩემის, მანანა ლოსაბერიძის აღზრდილია.  დედა გახლდათ ქ.ქუთაისის 4-ე სამუსიკო სკოლის დირექტორის მოადგილე მანანა ლოსაბერიძე. გვინდა რომ კონცერტმა წელსაც დიდი მოწონება დაიმსახუროს.
 

 

 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა