|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნებისმიერი ასაკის მასწავლებელი წავა სკოლიდან, ვინც ვერ ჩაატარებს კარგ გაკვეთილს"

განათლების მინისტრის  ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პედაგოგები, რომლებიც კოლეგებთან ვერ თანამშრომლობენ, სკოლიდან წავლენ. მისივე თქმით, ის ურთიერთობა, რაც არის ოჯახში, კოლექტივში, არის გადამწყვეტი. აღნიშნული განცხადება მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

„პირობას ვდებ, რომ  ნებისმიერი ასაკის მასწავლებელი წავა სკოლიდან, ვინც ვერ ჩაატარებს კარგ გაკვეთილს. სკოლიდან აუცილებლად წავა ის, ვინც წასასვლელია, ვინც კოლექტივთან ვერ თანამშრომლობს. ადამიანმა, რომელმაც თავისი დაწინაურება გამოიყენა იმისთვის, რომ კოლექტივში “კუდი ყავარზე გაიდოს”, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, ის უნდა წავიდეს! არ შეიძლება. ეს არის კოლექტივის მიმართ უპატივცემულობა! ეს არის სირცხვილი. მან ბავშვებს რა უნდა ასწავლოს? ეს საქციელი? მეორეს მხრივ, ეს რომ ვთქვი, ყველა პრაქტიკოსმა თქვა: აგაშენა ღმერთმა. ესენი გავყაროთ ყველანი და დავრჩებით ჩვენ ბედნიერად. ასეც არ უნდა გავაკეთოთ. მთავარი პედაგოგიური კოლექტივია. შეუძლებელია ფეხბურთის გუნდი შეაფასო სათითაო ფეხბურთელით. შეუძლებელია, რომ ოჯახი შეაფასო ერთი წევრით. ის ურთიერთობა, რაც არის ოჯახში, კოლექტივში, არის გადამწყვეტი“, – უთხრა მინისტრმა პედაგოგებს.

ალექსანდრე ჯეჯელავამ თავისი საუბრის დიდი ნაწილი იმ ახალგაზრდა მასწავლებლებს დაუთმო, რომლებმაც გამოცდები ჩააბარეს, მაგრამ სკოლებში ვერ საქმდებიან.  

„როცა მოვედი ამ თანამდებობაზე, მეუბნებოდნენ, რომ ათასობით ახალგაზდა პედაგოგს უნდა სკოლაში შესვლა, მაგრამ ვერ შედის, იმიტომ რომ აი, აქ თქვენ ვინც ხართ, იკავებთ მათ ადგილებს. ვთხოვე ჩემს კოლეგებს, 10 ასეთი ახალგაზრდა სერტიფიცირებული პედაგოგის ნომერი ეშოვათ, ამ ათასობით პედაგოგიდან. მიშოვეს და დავურეკე. პედაგოგობის 10 მსურველს ველაპარაკე. 8-მ იცით, რა მითხრა? სანამ სხვა სამსახურს ვიშოვი, მანამ ვიმუშავებ სკოლაშიო. პედაგოგი ჩამოტარებით არ არის! ჩადგმით არის! ანუ ასე არ შეიძლება. სანამ უკეთეს სამსახურს იშოვი, მანამდე რომ გინდა სკოლაში მუშაობა. ჯერ სანამ აზრზე მოხვალ, სად მოხვდი, ერთი 2 წელი გავა. სანამ მიხვდები, რა „შარში“ გაეხვიე”– აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება ასაკოვანი პედაგოგების მიმართ გამოხატა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა