|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბიშვილის გასაიდუმლოებული დავალებები ქუთაისის "ნაციონალებს"

უკვე დასრულდა  „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების შეხვედრა ქუთაისში რესტორან „იმპერიალში“, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვანი მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც ირკვევა,  „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივმა წევრებმა წინასაარჩევნო მითითებები და და დავალებები უშუალოდ  მერაბიშვილისგან მიიღეს.

მერაბიშვილთან ერთად „ნაციონალების“ დახურულ შეხვედრას  საქართველოს პარალემენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ  მაჭავარიანი,  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების სრული შემადგენლობა ესწრებოდა.

„პარტიული შეხვედრა გვაქვს მოსახლეობასთან. ეს არის დახურული შევხედრა რომელიც ჩვენი გუნდის წევრების გარდა, სხვა პირების შესვლას არ ითვალისწინებს“, – განგვიმარტა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა დავით გოგისვანიძემ.

რესტორან „იმპერიალში“ პარტიული შეხვედრა საკმაოდ ფართომასშტაბიანი აღმოჩნდა. დახურულ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის სრული შემადგენლობის გარდა, საჯარო სკოლებისა და ბაღების პედაგოგები, უნივერისტეტის თანამშრომლები, აქტივისტები და კოორდინატორები, ასევე, საარჩევნო კომისიის წევრები დაიბარეს.  როგორც გაირკვა, შეხვედრაზე „მოწვევა“ სტუდენტებმა და ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმაც მიიღეს.  ახალგზრდული პარლამენტის წევრებმა newpress.ge-სთან საუბარში განმარტეს,  რომ დღევანდელი შეხვედრის შესახებ ცნობა გუშინ საღამოს მიუვიდათ.

„გვითხრეს, რომ უნდა მოვსულიყავით დღეს  შეხვედრაზე. ვანო მერაბიშვილი  მომავალი წლის გეგებზე გვესაუბრა. შეხვედრა  საინტერესო იყო. მე კმაყოფილი ვარ“, – ამბობს ახალგაზრდული პარლამენტის წევრი, #21–ე საჯარო სკოლის მოსწავლე მედეა მიქაბაძე. 

ორსაათიანი შეხვედრიდან გამოსული  მონაწილეები ემოციებითა და დავალებებით   „დატვირთულნი“  ერთმანეთს შთაბეჭდილებებს  უზიარებდნენ, თუმცა, მედიასთან საუბარს გაურბოდნენ. „შეხვედრაზე კი ვიყავი, მაგრამ ვერ გეტყვით რაზე ვისაუბრეთ. ისე რაზე უნდა გვესაურა ბატონ მერაბიშვილთან?.. მე უბნის კორდინატორი ვარ. მაპატიეთ, ახლა  უნდა წავიდე, მეჩქარება“, – გვითხრა შეხვედრიდან გამოსულმა ერთ–ერთმა მონაწილემ.

„აღფრთოვანებული ვარ შეხვედრით. ძალიან კარგი მოსაუბრე ყოფილა მერაბიშვილი. ბევრ რამეზე გვესაუბრა. მათ შორის ცხოვრების დონის ამაღლებაზე. ასეთი შეხვედრები ხშირად უნდა  ტარდეობოდეს“, – ამბობს შეხვედრის ერთ–ერთი მონაწილე, მარინა ვასაძე, რომელიც უბნის კოორდინატორი გახლავთ.

შეხვედრის მთავარი ხელმღვანელის, ვანო მერაბიშვილის წასვლის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათ ტერიტორია მალევე დატოვეს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა