|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში ჟურნალისტების შესვლას დაცვა აკონტროლებს

ამ წუთებში ქუთაისის მერიაში გაზეთ "ახალი გაზეთისა" და რადიო "ძველი ქალაქის" ჟურნალისტები დაცვამ შენობაში არ შეუშვა. მერიის მისაღებში მყოფი დაცვის სამსახურის წარმომადგნელები განმარტავენ, რომ ახალი მითითებები აქვთ მიღებული. მათი თქმით, ჟურნალისტების მერიაში შესვლა დაცვასთან უნდა შეთანხმდეს.
"უნდა მითხრათ კონკრეტულად ვისთან მიდიხართ, ჩვენ შევათანხმებთ და შემდეგ გაგიშვებთ," - ამბობენ მერიის მისაღებში მყოფი დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.
კითხვაზე, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული ბრძანება, განმარტავენ, რომ ასეთი მითითება პრესსამსახურიდან მიიღეს.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში ჟურნალისტებისათვის დაწესებულ ახალ შეზღუდვებზე კი განმარტავენ, რომ მათ არაფერი იციან.
"არ ვიცი დაცვას ვინ რა უთხრა. ჩვენგან არაფერი შეცვლილა," - ამტკიცებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქეთი დეისაძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ბოლო ორი დღეა მედიაზე ზეწოლისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს ხელისშეშლის ფაქტები გახშირდა. პირველი ინცინდენტი გუშინ, 2 მაისობის ღონისძიებაზე მოხდა. მესხიშვილის თეატრში, სადაც პრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს. დღეს კი ქუთაისის ოპერის თეატრში,  „ნაციონალურო მოძრაობის“ აქტივისტების დახურულ შეკრებაზე ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი სცემეს და აპარატურა ჩამოართვეს. შეხვედრაზე, რომელსაც შშს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ესწრებოდა, „PS“-ისჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ ჩუმად შესვლა მოახერხა. მისი ცემის ფაქტი მას შემდეგ მოხდა, როდესაც ის შენობაში მერიის პრესსამსახურმა დააფიქსირა. 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა