|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის თანამშრომლებისათვის შპს ”საქართველოს” ითხოვს

ტელეკომანია ”რუსთავი 2”-ის თანამშრომლები ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების შეთავაზებას, წილების 40%-ის მათთვის გადაცემაზე, უარით პასუხობენ. ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელმაც არხის თანამშრომლების სახელით საპასუხო მიმართვა გააჟღერა.

გვარამიას თქმით,  წილების 40%-ის ტელეკომპანიის კოლექტივისთვის გადაცემა რეალურად სურათს ვერ შეცვლის, ვინაიდან აქციათა საკონტროლო პაკეტი მაინც ძმებ ყარამანიშვილების ხელში დარჩება. 

ის  ”რუსთავი 2”-ის თანამშრომლების სახელით  ძმებ ყარამანიშვილებს  მათთვის  შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” დაგაცემას სთავაზობს, რომელიც  ”რუსთავი 2”-ის წილების საკონტროლო პაკეტს ფლობს.

”გადმოგვეცეს საკუთრებაში შპს ”ტელეკომპანია საქართველო”, რაც ერთადერთი გზაა, როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად და არა ფიქტიურად შესაცვლელად. შპს ”ტელეკომპანია საქართველო” არ არის დაყადაღებული. მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს საკონტროლო პაკეტს. ამის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მფლობელები თავად მისი თანამშრომლები გახდებიან, მათ მიერ საამისოდ შერჩეული პირების მეშვეობით. ამგვარი ნაბიჯის გადადგმით ასევე დასრულდება არაჯანსაღი და ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციები ”რუსთავი 2”-ის პარტიულ ან სხვაგვარ აფილაციებთან დაკავშირებით. ასევე, საფუძველი არ ექნება იმის მტკიცებას, რომ სარედაქციო პოლიტიკა ყალიბდება სხვა ადამიანების ჩარევით”, - განაცხადა გვარამიამ, რომელმაც ”რუსთავი 2”-ის თანამშრომლების მიმართვა გააჟღერა.

ავტორი: ნიუპრესი