|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკეას ქუჩაზე, სკოლასთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მცხოვრებლები გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, დასახლებული პუნქტის სიახლოვეს მსგავსი სადგურის არსებობა საფრთხის შემცველია.

ადგილობრივები ხელისუფლებას კონტროლის გამკაცრებისკენ  მოუწოდებენ.

„რატომ არ ხდება მსგავსი სამუშაოების კონტროლი, რამდენად გამართლებულია დასახლებულ უბანში გაზგასამართი სადგურის მშენებლობა? რამდენადაც ვიცით, მსგავსი ობიექტები მოსახლეობისგან მოშორებით უნდა მოეწყოს. მივმართავთ ხელისუფლებას, გაკონტროლდეს აღნიშნულ დაწესებულებებზე ნებართვის გაცემა“, - აცხადებენ ადგილობრივები.

მათი თქმით, პრობლემას ის ფაქტიც ართულებს, რომ მშენებლობის მიმდებარედ სკოლა ფუნქციონირებს.

„აქვე არის # 17 სკოლა, ცენტრალურ მაგისტრალიდან ერთდერთი შემოსასვლელი არის ეს გზა, სადაც შენდება გაზგასამართი სადგური. ჯერ ერთი, რომ საფრთხეს შეუქმნის ბავშვებს, მეორეც, როგორ წარმოუდგენიათ გზის ამ მცირე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა? ახლა არ გვეჩვენება რთულად, თორემ როდესაც ეს სადგური ფუნქციონირებას დაიწყებს, აქ სულ საცობები იქნება,  სკოლაში, ან თუნდაც უბანში მიმსვლელ მანქანებს გაურთულდებათ გადაადგილება“, -აცხადებენ ადგილობრივები.

მათ შენიშვნებს არ იზიარებს ობიექტის მფლობელი ნინო დვალი, როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, მშენებლობა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

„როგორ ფიქრობთ, რომ ირღვეოდეს რაიმე ნორმა, მშენებლობის ნებართვას გასცემდნენ? ყველა წესის დაცვით სრულდება სამუშაოები. ამ პროექტმა მოიარა ყველა ინსტრანცია და ეკონომიკის სამინისტროს დონეზე გადაწყდა“, -აცხადებს ნინო დვალი.

მისი ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა თვითმმართველობისგან გასული წლის სექტემბერში გაიცა. მშენებლობა აპრილში დასრულდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა