|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აპირებს თუ არა ქუთაისის მერია ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობას?

ქუთაისში ზარზეიმით დაწყებული და შემდეგ უკვალოდ გამქრალი პროექტების სიაში, შესაძლოა, ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობაც აღმოჩნდეს. რა ბედი ეწია ოლიმპიური სტანდარტების აუზის იდეას, საკითხით "ნიუპრესი" დაინტერესდა.

 ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მოეწყობაზე საუბარი 2016 წელს დაიწყო. როგორც ქუთაისის იმჟამინდელი მერი  განმარტავდა, პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყოფოდა.  შოთა მურღულია თავდაპირველად განმარტავდა, რომ  სპორტის მინისტრს შესთავაზა, მოეხდინა აუზის  პროექტის ინტრასტრუქტურულ პროექტებში ჩასმა, რის შედეგადაც ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი აშენდებოდა.

თუ სპორტის სამინისტრო დათანხმდებოდა ახალი მოდელით აუზის აშენებას, ქალაქის მერია მზად იყო მოეძებნა ინვესტორი, რომელიც თანხას გადაიხდიდა. შემდეგი 5 წლის განმავლობაში კი ადგილობრივი თვითმმართველობა ინვესტორს თანხას ეტაპობრივად დაუბრუნებდა. 

იმ დროისათვის მერია საცურაო აუზის ასაშენებლად ადგილსაც არჩევდა, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ აუზი წერეთლის ქუჩაზე, ყოფილი ლითოფონის ქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობოდა.

აუზის იდეას მიესალმებოდა საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარე დავით დავალი, რომლის თქმითაც, პროექტი ორწლიანი იყო და საპროექტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა საკრებულოს წევრებმა შეაგროვეს.

"საპროექტო სამუშაოებისათვის თანხა საკრებულოს წევრებმა საკუთარი ხელფასებიდან დავზოგეთ. ეს არის ორწლიანი პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც ქუთაისს ექნება აუზი, რომელიც საჭიროა ბავშვების მოსამზადებლად", -აცხადებდა დვალი.

2017 წლის მაისში შოთა მურღულიამ ახალი ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობას და ამცნო, რომ საპროექტო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებდა და თავადვე დააპროექტებდნენ, მერიამ კი ადგილზე არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც სხვა კომპანია ეკუთვნოდა, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთში გადაცვალდა და სამუშაოების მისაღებად მზაობა გამოთქვა.

იმავე წლის ივნისში ქალაქის მერიამ დახურული აუზის რენდერის მომზადებისათვის  ელექტრონული კონკურსი გამოაცხადა, თუმცა ადგილი პირვანდელ ტენდერზე  მითითებული არ იყო, მოგვიანებით მერიამ განმარტა, რომ აუზისთვის რამდენიმე ადგილი იყო შერჩეული და ამიტომ არ მოხდა მითითება,  აგვისტოში განმეორებითი კონკურსი ლიტოფონის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადდა.

მას შემდგომ აუზზე საუბარი შეწყდა. „ნიუპრესი“ დაინტერესდა, რა ბედი ეწია ოლიმპიური სტანდარტების აუზის იდეას. ამ დროისთვის ადგილზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს და აუზის მოწყობის არც რაიმე ნიშანია.

მერიაში აცხადებენ, რომ აუზის მოსაწყობად მოლაპარაკებები კომპანია „ვისოლთან“ მიმდინარეობს,  დამატებით დეტალებზე კი არ საუბრობენ.

„ვისოლის“  პრესსამსახურმა მერიის ინფორმაცია არ დაადასტურა და  განაცხადა, რომ მათ უკვე აქვთ აუზი „ლაგუნას“ სახით და დამატებით მშენებლობას არ აპირებენ.

მოგვიანებით ქუთაისის მერიაში განმარტეს, რომ "ვისოლთან" მოლაპარაკებები "ლაგუნას" საცურაო აუზთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ქუთაისის ყოფილი მერი გამარტავს, რომ აუზის მშენებლობა  რეალური იყო  და ამას ისიც ამტკიცებს, რომ აუზი სტრატეგიულ გეგმაში დევს.

„ აუზის პროექტი ჯერ არ აყო მომზადებული. ტენდერი რენდერზე იყო გამოცხადებული, მაგრამ  ჩაიშალა.  დეტალური პროექტი სამინისტროს უნდა მოემზადებინა. სავარაუდოდ, მგფ-დან უნდა გაკეთებულიყო და მათ ჩვენი გაკეთებული პროექტები არ უნდათ. აუზის მშენებლობა სტრატეგიულ გეგმაში დევს, ვინმე ამბობს,  რომ არ უნდა გაკეთდეს?“-აცხადებს შოთა მურღულია.

2018 წლის ბიუჯეტში აუზის პროექტისთვის ნული ლარია გათვალისწინებული, რაც აჩენს ეჭვებს, რომ მერია აუზის მშენებლობას არ აპირებს, თუმცა შოთა მურღულია განმარტავს, რომ თუ „მგფ“ დააფინანსებს და ეს გრანტის თანხა იქნება, ქალაქს  ხარჯი არ ექნება.

 მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ მზად არიან მერიას აუზის მოწყობაში დაეხმარონ, თუმცა მერიამ რენდერის მიწოდება ვერ უზრუნველყო.

„რადგან აუზი ოლიმპიური სტანდარტების იქნება, მისი მოწყობა ძვირი ჯდება, მუნიციპალიტეტს არ ქონდა ამის ბიუჯეტი, ამიტომ ჩვენ შევთვაზეთ, პროექტის რენდერი გაეტანათ ტენდერზე და რენდერი მოეწოდებინათ, მერიამ ორჯერ გამოაცხადა ტენდერი, მაგრამ ორივეჯერ ჩაიშალა, ამიტომ ვერ მოხდა რენდერის მოწოდება. ამ ეტაპზე რა ხდება ვერ გეტყვით, მერიაში მოიკითხეთ, აპირებენ თუ არა რენდერზე გატანას? თუ მოხდება რენდერის მოწოდება, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და მოვიძიოთ დონორები პროექტისთვის"–განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ამ ეტაპზე ვერცერთი მხარე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ იძლევა. ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, რომელიც წერეთლის ქუჩაზე, ლითოფონის ქარხნის ტერიტორიზე, 4374 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უნდა მოეწყოს, მხოლოდ იდეად რჩება. 

ქალაქს ამ დრომდე არ აქვს საკუთარი აუზი, რომლითაც სპორტულ ააიპში შემავალი სკოლები ისარგებლებენ. მერია ხელშეკრულებას კომპანია "ლაგუნასთან" აფორმებს და აუზს ქირაობს, თუმცა გასულ წელს გარკვეული მიზეზების გამო ქუთაისელი მოცურავეები სავარჯიშოდ ყოველდღიურად ზესტაფონში მიდოიდნენ.

ტერიტორია, სადაც აუზის მოწყობა იგეგმებოდა

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა