|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციურმა პარტიებმა ჯანი ბუკიკიოს ერთობლივი წერილით მიმართეს

  საქართველოს ოპოზიციურმა  პარტიებმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, ჯანი ბუკიკიოს  ერთობლივი წერილით მიმართეს.

 როგორც წერილშია აღნიშნული, მმართველი ძალის მიერ წარმოდგენილი პირვანდელ პროექტში, რომლის საყოველთაო- სახალხო განხილვა მოახდინა,  პროპორციული საარჩევნო სისტემაზე სრულად გადასვლა 2020  წელს უნდა მომხდარიყო, რის შემდეგაც ეს მოცემულობა ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა და ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლის არჩევნებისათვის  მოხდება.  პარტიები პოლიტიკური კონსესუსის არარსებობის გამო პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ.

"მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ, „ქართული ოცნების“ გარდა, არავის არსად არ უმსჯელია; უკვე ორი მოსმენით მიღებული აღნიშნული კანონპროექტისათვის,  „ქართული ოცნების“ გარდა, პარლამენტში წარმოდგენილ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მხარი არ დაუჭერია. სწორედ ამასთან დაკავშირებით  მიიღო ვენეციის კომისიისაგან უმთავრესი შენიშვნა  საქართველოს  ხელისუფლებამ - რომ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ  ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პირობებში.  

ვენეციის კომისიის ამგვარი შენიშვნის შემდეგ, ხელისუფლებამ საჯაროდ გამოაცხადა მზაობა შესაბამის სუბიექტებთან დიალოგისათვის.

შექმნილ ვითარებაში, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დიდმა უმრავლესობამ არაერთგზის, მათ შორის ორჯერ  ერთობლივი ღია წერილით, მივმართეთ ხელისუფლებას, რომ მზად ვიყავით დიალოგისათვის იმ ერთადერთი საკითხის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას მსჯელობის საგნად უნდა დაებრუნებინა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა,   რაზეც 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ყველა საქართველოში და რაზედაც იმუშავა ვენეციის კომისიამ.

ამასთან აღვნიშნეთ, რომ კონსენსუსის მისაღწევად ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობის იყო ე.წ. ,,გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად, პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის, მათი საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე, პროპორციულად განაწილების საკითხი და ქვეყნის პრეზიდენტის პირდაპირი, საყოველთაო არჩევის წესის შენარჩუნება (მოცემული საკითხის პლებისციტის მეშვეობით განსაზღვრის შესაძლებლობით).

საქართველოს ოპოზიციურ პარტიათა გარკვეულმა ნაწილმა  ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოხატა მზაობა ხელისუფლებასთან დიალოგისათვის, მიუთითა რა დიალოგის პროცესში მათთვის  პრიორიტეტულ შემდეგ საკითხებზე: 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, საარჩევნო ბარიერის და ბლოკების საკითხები და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.

მიუხედავად საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნათლად გამოთქმული მზადყოფნისა დიალოგისათვის, 2017 წლის 1 სექტემბერს, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის ვეღარ ხედავს ოპოზიციასთან დიალოგის პერსპექტივას იმ მოტივით, თითქოს ოპოზიციას არ გამოუხატავს რეალური მზაობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მისაღწევად.

ცხადი გახდა, რომ იმდენად დიდია ხელისუფლების სურვილი, შეინარჩუნოს მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა, დააკანონოს ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ უსამართლოდ, თავის სასარგებლოდ გადანაწილება და გააუქმოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, რომ ამისათვის ის არ ერიდება სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის  ერთპიროვნულად მიღებასაც კი.

ამგვარად, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიუღწევლობის პასუხისმგებლობა, სრულად „ქართული ოცნების“  ხელისუფლებას ეკისრება.

საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური  ძალები მადლობას ვუხდით ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში დახმარებისათვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანას კვლავ მრავალგზის შეუწყობს ხელს  დემოკრატიული განვითარების გზაზე",-ნათქვამია განცხადებაში.

მას ხელს აწერს 10 პოლიტიკური პარტია:  ,,ახალი საქართველო“ - გიორგი ვაშაძე, ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ - ბაქრაძე-უგულავა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია, ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა,  ,,თავისუფალი დემოკრატები“ - შალვა შავგულიძე, მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ - ნიკა მაჭუტაძე, ,,რესპუბლიკური პარტია“ - ხათუნა სამნიძე, ,,სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - შოთა მალაშხია, პარტია ,,რეფორმატორები“ - ირაკლი ღლონტი.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა