|
  • EUR 1 = GEL 2.9708
  • USD 1 = GEL 2.4804
|

„ორი მუზის მსახურება რთულია, ამიტომ მედიცინა ავირჩიე“

ღირსების ორდენის კავალერი, ღვაწლმოსილი მედიკოსი, „ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსნის“, პიროგოვის სახელობის მედლის მფლობელი, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ წოდებებისა, რომელსაც ქუთაისელი ქალბატონი მაგული ჩხობაძე ფლობს. მედიკოსს რამდენიმე დღის წინ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ  საპატიო ქუთაისელის სტატუსი მიანიჭა. „ნიუპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს საპატიო ქუთაისელთან, მაგული ჩხობაძესთან.

-ქალბატონო მაგული, რას ნიშნავს თქვენთვის საპატიო ქუთაისელის სტატუსის მონიჭება?

-ამდენი ჯილდოს და სტატუსის მფლობელობა გამართლებაა ,- ისე დამაფასეს, მრცხვენია კიდეც ამის. რაც შეეხება საპატიო ქუთაისელის წოდებას, ეს რომ გავითავისე, დავიწყე ფიქრი, რა უნდა გავაკეთო, გარდა იმისა, რაც აქამდე მიკეთებია. ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო ტვირთია. ამ სტატუსს უკვე სხვაგვარად აღვიქვამ. უნდა გავერკვიო ამ ყველაფერში,  როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქე მომმართავს, უნდა ვიცოდე, როგორ დავეხმარო.  ამას წინ, ერთი ახალგზარდა ექიმი მოვიდა ჩემთან, გაჭირვებული ოჯახი უნახავს, უმძიმეს მდგომარეობაში.  ეს ექიმი მეუბნება, რომ თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს, თქვენ ხომ ქუთაისის კოლორიტი ხართო და მართალიც არის, როცა ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ რაღაცით გამორჩეული რომ ხარ, მაშინ ეს უნდა გაამართლო!...

-ძალიან დიდი გზა გაიარეთ მიზნის მისაღწევად, მოგვიყევით თქვენს წარსულზე...

-ქუთაისში დავიბადე, მე-4 საშუალო სკოლა დავასრულე, არასრული შვიდი კლასი, მაშინ 10-კლასიანი სისტემა იყო. მამიდა ექიმი მყავდა და მისი თხოვნით სწავლა გავაგრძელე ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დავასრულე, პარალელურ რეჟიმში დავასრულე მე-19 საშუალო სკოლის მე-11 კლასი.  შემდეგ 4 წელი ვმუშაობდი წყალტუბოს რაიონულ საავადმყოფოში, საოპერაციო მედდის პოზიციაზე, ასევე გახდით აქტიური ახალგაზრდა - კომკავშირის მდივანი წყალტუბოში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი და დავიწყე მომზადება სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად. პირველი წელს ვერ მოვხვდი, თუმცა მაღალი ქულები მქონდა, მაგრამ მედალოსნებმა გადაფარეს. შემდეგ ჩავაბარე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, თუმცა ერთი კურსის დასრულების შემდეგ თავიდან გავედი გამოცდაზე და მაინც ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც წარმატებით დავასრულე. შემდეგ ასპირანტურა გავიარე. განაწილებით ვმუშაობდი ბოლნისში,  მოხდა ისე, რომ იქ დავოჯახდი, შემეძინა ორი შვილი. რამდენიმე  წლის შემდეგ დავბრუნდი ქუთაისში. სამედიცინო ინსტიტუტში პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე მყავდა ხელმძღვანელი აკადემიკოსი თამარ დეკანოსიძე, რომელმაც  როგორც პიროვნება, სპეციალისტი გამზადა და მე მადლობელი ვარ ჩემი მასწავლებლის და უფლის, რომ დღევანდელ დღემდე  მომიყვანა. დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, სადოქტორო დისერტაცია. დღეს ვარ ექიმი პათოლოგ-ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი. ვემსახურები როგორც სამედიცინო კვლევით საქმიანობას, ასევე ვარ პედაგოგი უმაღლეს სკოლაში.

-გარდა სამედიცინო საქმიანობისა, ჩართული ხართ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გვიამბეთ ამის შესახებ...

-საზოგადოებრივად ყოველთვის აქტიური ვიყავი და ასე ვაგრძელებ დღემდე. გარდა სამედიცინო საქმიანობისა, ვასწავლი სტუდენტებს და ეს მე ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მათთან ხშირი შეხვედრა მაქვს და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ლექციის მიმდინარეობისას, არ არსებობს, არ მოვიტოვო რამდენიმე წუთი და მათ არ ვესაუბრო ცხოვრების არსზე, სამშობლოს სიყვარულზე. ვესაუბრები, როგორ უნდა შეიგრძნონ სიცოცხლე, როგორ უნდა დაისახონ მიზანი. ვუხსნი, სად უნდა იყვნენ მათი ქვეყნის  დესპანი.

-თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  პოეზიას...

-მგონია, რომ ყველა ქართველი პოეტია. თუ კიდევ რამე გეწერება და გეხალისება და შენში ზის პოეზია, ეს დიდი ამბავია. მე ხელოვნების გარეშე არ მიცოცხლია, არ მისუნთქია. ძალიან მძიმე საქმეს ვეწევევი, ჩემი საგანი არის პათოლოგიური ანატომია,  ეს ძალიან რთული პროფესიაა. აქ, თუ რაღაც სხვა ჰობი არ გაქვს,  მგონია, რომ ბოლომდე ვერ გაუმკავდები. ვფიქრობ, ორი მუზის მსახურება ერთ დონეზე ძალიან რთულია და ამიტომ,  მე მაინც მედიცინა ავირჩიე. პარალელურ რეჟიმში, ძალიან ახლოს ვარ პოეზიასთან, ექსპრომტები მიყვარს, ზეპირად ვიცი ქართული კლასიკა. საკუთარი შემოქმედებაც მაქვს, თუმცა პოეტობაზე  არ მქონია პრეტენზია.  სერიოზულად მუშაობას სხვა დატვირთვა უნდა, რისი დროც არ მაქვს.

-პოლიტიკოსის ამპლუაში თუ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?

- ყოველთვის ვიყავი წინა რიგებში, სადაც შემეძლო. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ყოველი ადამიანი, რომელიც ქვეყანაში ცხოვრობს, რაღაც საქმეს აკეთებს და ცდილობს, მისი ქვეყანა უკეთესი იყოს, ვფიქრობ,  მეტნაკლებად არის პოლიტიკაში ჩართული. თავის დროზე, სოციალისტური პარტიაც ჩამოვაყალიბე ქუთაისში, მაგრამ არის პერიოდები, როცა ყველაფერს შენ ვერ აკეთებ, რადგან შენზე არ არის დამოკიდებული.

ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონების ჩართულობას პოლიტიკაში. ზეპირად ვიცი მსოფლიოს ყველა პოლიტიკოსი ქალბატონის საქმიანობა. ზოგადად, ოპტიმისტი ვარ, ვცდილობ, რომ ყველგან რაციონალური მარცვალი მოვიძიო. იმდენი კარგი პროფესია არსებობს, იმდენი სხვადასხვა კუთხით მიახლოვება შეიძლება ადამიანთან, თუმცა, ერთ ცხოვრებაში ყველაფერი არ ხდება.

-როგორი იყო თქვენი ქუთაისი და როგორი არის ახლა, თუ შეცვლიდით რამეს?

- რომ შემეძლოს დავუბრუნებდი სითბოს, სიყვარულს, შრომის მოყვარეობას, ერთიანობას, ძლიერებას. სამოქალაქო ომის დროს ფეხზე ვიდექი, დავალებული მქონდა ომში გარდაცვლილების გაპატიოსნება, მოვლა, ძალიან რთული იყო ეს გზა და მე იმ ხალხთან,  ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, დევნილებთან, დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და სიცოცხლის ბოლომდე შევინარჩუნებ ამ ურთიერთობებს. 

 -და ბოლოს გკითხავთ, რას ურჩევდით ახალგაზდებს, როგორ გახდნენ თქვენსავით წარმატებულები?

-ადამიანებს ბევრი რამ სტკივათ და აწუხებთ, პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ ერთმანეთს ეს ტკივილი და მწუხარება გადავატანინოთ. უნდა შეიგრძნონ სიცოცხლე, დაისახონ მიზანი და რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ მიიღოთ განათლება, შეისწავლოთ საკუთარი ქვეყნის ისტორია, წიგნს არაფერი ცვლის!..

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი