|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდნენ. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე დეპუტატებმა მეშახტეების მოთხოვნები მოისმინეს და მათ მოგვარებაზე მუშაობის დაწყებას დაპირდნენ.

„ვისაუბრეთ იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის ტყიბულში შექმნილი. ვისაუბრეთ, თუ შეიძლება, მთავრობის მხრიდან გადახედილი იყოს კანონი საპენსიო ასაკის დაწევასთან დაკავშირებით, ასევე საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე და ჯანდაცვის პრობლემებზე, რაც არის ქალაქში. დაგვპირდნენ, რომ დაიწყებდნენ ამ თემაზე მუშაობას“,–განაცხადა მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძემ.

მისი თქმით, საუბარი იყო, როგორც კანონმდებლობასთან, ასევე კომპანიასთან ურთიერთობაზე.

მეშახტეების განცხადებით, მოლოდინი აქვთ, რომ მთავრობა მათ დაპირებებს შეასრულებს, რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, მათი თქმით, ჯერ ვერ ხედავენ აქციების მიზეზს, თუმცა ამბობენ, რომ გამორიცხულიც არაფერია და დაიწყება თუ არა აქცია, ამას დრო აჩვენებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რომლის განსახორციელებლად პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი