|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტს ჯერ კიდევ აქვს შანსი მოემსახუროს ქვეყნის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს"

თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია პარლამენტის წევრებს განცხადებით მიმართავს და მოუწოდებს, არ დაუშვან თამბაქოს მოწევის დაშვება ცალკეულ ადგილებში.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტი, რომლის თითოეულ წევრსაც მანდატს ქვეყნის მოსახლეობა ანიჭებს, უნდა მოქმედებდეს სწორედ მოსახლეობის და არა ცალკეული პირების ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით.  თუმცა,  ბოლო თვეებში  სრულიად საპირისპირო ხდება. პარლამენტი კენჭს უყრის თამბაქოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის ნაწილი არა მხოლოდ მიუღებელია, კორუფციის ეჭვს იწვევს. 

2017 წელს, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თამბაქოს კონტროლის კანონი დაამტკიცა. ეს კანონი მიმართულია ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით 11 000 ადამიანის ნაადრევი გარდაცვალების და 824 მილიონი ლარის ზარალის შესამცირებლად. 

მიმდინარე წლის ივნისში, ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 85% ეთანხმება და მხარს უჭერს თამბაქოს კონტროლის კანონს. 2016 წელს, ანუ კანონის მიღებამდე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მონაცემებით, თანხმობა 79% იყო. ახალი რეგულაციებისადმი მხარდაჭერა 6%-ით ძირითადად მწეველების ხარჯზე გაიზარდა. არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოებული, მიუკერძოებელი მონიტორინგის მონაცემებით, კანონის დაცვის მაჩვენებელი, 2018 წლის სექტემბრისთვის, ანუ ამოქმედებიდან 4 თვეში, უკვე 96% - ია.  ასეთი მაჩვენებლები შესაშურია ნებისმიერი კანონისა და ქვეყნისთვის. 

ამ ფონზე, კანონის აღსრულებიდან 4 თვეში, მოსახლეობის ინტერესების საპირისპიროდ, პარლამენტი აპირებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი შეასუსტოს, დაასახიჩროს და კონკრეტული პირების ბიზნეს - ინტერესებს მოარგოს. კერძოდ, მოწევა დაუშვას სლოტ კლუბების ნაწილში, თეატრებში, სცენაზე, სპექტაკლის მიმდინარეობისას. სლოტ კლუბებთან დაკავშირებით წინადადება სათამაშო ბიზნესის ასოციაციიდან მოდის, რომელსაც, როგორც ჩანს, პარლამენტში არამხოლოდ ფარული, ღია ლობისტებიც ჰყავს.  ასოციაცია აცხადებს, რომ თუ კანონი გამონაკლისის სახით კაზინოებში მოწევის უფლებას უშვებს, ანალოგიურად უნდა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სხვა დაწესებულებებშიც. 

2017 წელს ამ გამონაკლისის დაშვება სისუსტე იყო და დღევანდელი რეალობაც ამას ადასტურებს.  სადაც გამონაკლისი არ დაიშვა, არ გვაქვს არსებითი პრობლემები. ხოლო იქ, სადაც  გამონაკლისი დაიშვა,  რიგმა მავნე ინდუსტრიებმა მისი საბაბად გამოყენება განიზრახეს, რათა გააფართოვონ სივრცე, სადაც მოწევა დაიშვება. ეს სახიფათოა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უშუალოდ ამ ადგილებში დასაქმებულები და სტუმრები ზიანდებიან, არამედ იმიტომაც, რომ პრეცენდენტი გარდაუვალს გახდის გამონაკლისის წრის უსასრულოდ ზრდას და კანონის საბოლოოდ დასამარებას. შემაშფოთებელია, იმის ნაცვლად, რომ კანონმდებელმა იფიქროს როგორ აკრძალოს მოწევა კაზინოში და ამით სრულყოს  წარმატებული კანონი, ვხედავთ სრულიად საპირისპირო და საეჭვო მცდელობას. ამასთან, საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფი ლობისტებისგან გათამამებული სათამაშო ბიზნესის ასოციაცია შეურაცხმყოფელად მიიჩნევს მათთვის კრიმინალური ბიზნესის წოდებას და თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელებს სასამართლოში უჩივის, სადაც, სავარაუდოდ, არ ელის, რომ სათამაშო ბიზნესის გამო თვითმკვლელობამდე მისული და გაძარცული ოჯახების წარმომადგენლებთან პასუხის გაცემა თავადვე მოუწევს. 

 

საკანონმდებლო ცვლილების პროექტის იმ მუხლს, სადაც ლაპარაკია სათამაშო ბიზნესის შენობებში და თეატრებში სპექტაკლების დროს, სცენაზე მოწევის დაშვებაზე, ეწინააღმდეგება ყველა, ვისაც კი საქართველოში ან უცხოეთში თამბაქოს კონტროლის სფეროში რაიმე ექსპერტიზა უწარმოებია. წინააღმდეგია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი და სამედიცინო ასოციაციები. რაც ყველაზე მთავარია, მას ეწინააღმდეგება მოსახლეობა. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მოცემული სახით უკვე არსებულ თამბაქოს კონტროლის კანონს. მოწევის აკრძალვას მიესალმებიან თეატრებში და კაზინოებში დაშვებულ გამონაკლისს საეჭვოდ მიიჩნევენ. ძვირადღირებულ კვლევებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჰკითხეთ მოქალაქეებს, რაზე ეჭვობენ, როცა ასეთი წარმატებული კანონის დასუსტებას აპირებთ, ჩნდება თუ არა კითხვები კორუფციაზე და კერძო ინტერესებზე? ამ კუთხით წინააღმდეგობა არაერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა და მიუხედავად ამისა, პარლამენტი ჯიუტად აგრძელებს თამბაქოს კონტროლის კანონში ხალხისგან დაწუნებული ცვლილებების მიღების პროცედურებს. ნუთუ ამ კონკრეტული ცვლილებების ლობისტებს და სხვა, ჩართულ პირებს ჰგონიათ, რომ საზოგადოება პროცესებს სათანადოდ ვერ აფასებს?

 

დაფიქრდით, თამბაქოს კონტროლის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილით, სადაც სათამაშო ბიზნესის კუთვნილ შენობებში მოწევა უნდა დაიშვას, თქვენ არ ასრულებთ საზოგადოების დაკვეთას. საზოგადოების დაკვეთაა თამბაქოს ბოლისგან აბსოლუტურად სუფთა დახურული სივრცე. უბრალოდ, შეგიძლიათ არ განიხილოთ ეს საკითხი და პირდაპირ ის მუხლი აამუშავოთ, რომელიც ყველა დახურულ სივრცეს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. აკრძალეთ მოწევა კაზინოშიც.

თეატრში, იქ, სადაც ხელოვნებისთვის, ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად მივდივართ, არ შეიძლება თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესი წინა პლანზე იდგეს და სპექტაკლის მიმდინარეობის დროს მოწევა დაიშვას.

მოგიწოდებთ, წყალში ნუ ჩაყრით იმ დიდ წარმატებას, რომელსაც 2017 წლის მაისში მთელმა საზოგადოებამ, თქვენთან ერთად, მრავალწლიანი, დემოკრატიული, გამჭვირვალე პროცესით მიაღწია. ნუ შელახავთ იმ, უკვე დამკვიდრებულ საზოგადოებრივ ნორმებს, რომელიც ახლანდელ და მომავალ თაობებს ათასობით სიცოცხლეს გადაურჩენს და წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში, ნუ დაასამარებთ მოვლენას, რომელიც სამაგალითო გახდა ჩვენს რეგიონში და მსოფლიოს უამრავი ქვეყნისთვის.

 

პარლამენტს ჯერ კიდევ აქვს შანსი მოემსახუროს ქვეყნის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს და პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენის დროს არ დაუჭიროს მხარი სლოტ-კლუბებში და თეატრების სცენაზე მოწევის დაშვებას. სესიაზე გამართული დებატები და კენჭისყრა კიდევ ერთხელ დაანახებს საზოგადოებას რა უფრო მნიშვნელოვანია ხალხის მიერ არჩეული დეპუტატებისათვის," -ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა