|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარტიული სიები რეგიონული ოფისების მონაწილეობის გარეშე დაკომპლექტდა

პოლიტიკუმა პარტიებმა მაქსიმალურად ისარგებლეს მათთვის კანონით განსაზღვრული ვადით და პარტიების უმეტესობამ პროპორციული სიები ბოლო დღეს, 8 სექტემბერს წარადგინა.  თუმცა, საარჩევნო სუბიექტების ერთი ნაწილის პროპორციული სია ამ დროისათვისაც არაა ხელმისაწვდომი, მათ შორის თავად ამ პარტიების წარმომადგენლობისათვის.   

„ახალი გაზეთი“ დაინტერესდა, თუ რამდენად დემოკრატიულად  წარიმართა სიების ფორმირების პროცესი და როგორ არის პროპორციულ სიებში პარტიების რეგიონალური წარმომადგენლობები გათვალისწინებული.

მმართველი ძალის სიაში პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლობა გათვალისწინებული არ არის. ამის მიზეზს ვერ ხსნის პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია. მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილებას პარტიის ცენტრალური ოფისი იღებდა.

ადგილობრივი ორგანიზაციის მოსაზრება პარტიას არც მაჟორიტარი დეპუტატების შერჩევისას გაუთვალისწინებია. დეპუტატობის კანდიდატებად სრულიად მოულოდნელი სახეები დასახელდნენ.  მანამდე ამ პოზიციებზე კანდიდატებად განიხილებოდნენ მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ასევე  მისი მოადგილეები, ქუთაისის მერი  და თავად   საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ჭიღვარია.  საბოლოოდ კი,  პარტიის ცენტრალურმა ოფისმა არჩევანი პარტიისა და პოლიტიკისაგან შორს მდგომ ადამიანებზე გააკეთა.

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი  (რომელსაც  პოლიტიკური  წონა  პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თანაკლასელობამ შესძინა), მეტ-ნაკლებად ცნობილი ექიმი-ოტორალინგოლოგი დიმიტრი მხეიძე და ყოფილი შსს მინისტრი,  კობა ნარჩემაშვილი. ამ უკანასკნელის წარდგენამ უფრო მეტი კითხვები გააჩინა „ქართული ოცნების“ მიმართ, ვიდრე რაიმე შემატა მას.

პარტიის საარჩევნო სიაში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს  მე-100, 101-ე, 102-ე  ადგილები უჭირავთ, მსგავსად სხვა მაჟორიტარობის კანდიდატებისა, რომლებიც  ასევე სიის მეორე ასეულში არიან.

განსხვავებული მიდგომა გამოიჩინეს „ნაციონალურ მოძრაობაში“,  სადაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს სიის ფორმირების პროცესი.  მათ დეკლარირებულად მაინც, „რეგიონალური ქვოტა“ შემოიღეს და კანდიდატურების შესარჩევად პრაიმერისიც კი გამართეს. პირველი ასეთი შერჩევა წყალტუბოში გაიმართა, რომლის შედეგად იმერეთის წარმომადგენლობის სახელით 6 კანდიდატურა შეირჩა. ამ გზით პირველ ათეულში  ოთო კახიძე  დასახელდა, თუმცა გაუგებარია, რატომ გამოცხადდა კახიძე იმერეთის წარმომადგენლად.

თავდაპირველად, იმერეთის ქვოტით აკაკი ბობოხიძე  მე-11 ნომრად განისაზღვრა, თუმცა საბოლოოდ,  მან მე-14 ადგილზე გადაინაცვლა.

ოცეულში მოხვდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე, მოგვიანებით ადგილი მანაც შეიცვალა და  63 ადგილზე გადავიდა. თევდორაძე აცხადებს, რომ ეს მისი არჩევანია და პარლამენტში  ქუთაისის მაჟორიტარის მანდატით შევა.

27 ნომრადაა სიაში გიგი წერეთელი, რომელიც  ასევე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. იმერეთის ქვოტით არიან სიაში  მამუკა საღარეიშვილი (#40),  სოფიო სიუკაევა –  თერჯოლიდან (#41).  55-ე ადგილზეა ქუთაისელი ექიმი, ნატალია ბაბუხადია.

„ნაციონალების“  სიაშია „თავისუფალი ზონის“  სამი აქტივისტი, რომელიც დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანებისათვის ჯერ ციხეში ისხდნენ, ახლა კი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. აღსანიშნავია, რომ მათი სასამართლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის  არის გადადებული. 200 კაციან სიაში  ისინი 163 (ნიკა   ნარსია),  164  (მირიან დეისაძე) და  165 (კახა გაბუნია) – ადგილებს იკავებენ.

დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში „რესპუბლიკური პარტია“, რომელსაც ქუთაისში ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჰყავს. ნატო ქათამაძის განმარტებით, გამსვლელ სიაში, ანუ პირველ ოცეულში იმერეთს სამი ადამიანი წარმოადგენს, რაც მისაღები მაჩვენებელია. ხარაგაულიდან ნოდარ ებანოიძე, ჭიათურიდან  მალხაზ წერეთელი და  ქუთაისიდან თავად, რომელიც ამჟამად საკრებულოს დეპუტატია. ქათამაძის თქმით, ამ შემთხვევაში იმერეთის წარმომადგენლად შეიძლება ჩაითვალოს  თინა ხიდაშელიც,  რომელიც  ზესტაფონის მაჟორიტარად იყრის კენჭს. როგორც გაირკვა, ხიდაშელს ზესტაფონთან წარმომავლობა აკავშირებს.

„ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ ცენტრალური ოფისის განმარტებით,  მათ საარჩევნო სიაზე მუშაობისას გაითვალისწინეს, როგორც გენდერული, ასევე რეგიონალური ქვოტა.

პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი ხაზარაძის თქმით კი, პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციის ახალი გუნდს საქმიანობის რამდენიმეთვიანი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, მათ  ჯერ თავი საქმეში უნდა გამოიჩინონ.  პარტიულ სიაში მაჟორიტარობის კანდიდატები შეყვანილი არიან, მაგრამ არა გამსვლელ პოზიციებზე. მათ თავიანთი შესაძლებლობების ჩვენება მაჟორიტატობის მანდატების მოპოვებისათვის მარათონში მოუწევთ.  „ჩვენ  ჯერ საქმეში უნდა გამოვიცადოთ,   აქედან გამომდინარე, სიაში მოკრძალებული პოზიცია გვიჭირავს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სიაში წარმოდგენილია იმერეთში დასახელებული 11 მაჟორიტარობის კანდიდატი.

რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, „ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისათვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ლევან ტაბიძის  განცხადებით,  სიის შედგენისას რეგიონალური ქვოტა გათვალისწინებული არ ყოფილა.  ადგილობრივი კადრები მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას შეეცდებიან და ასე შეძლებენ პარლამენტში თავისი რეგიონის წარმოდგენას.  ბლოკიდან ქუთაისში სამი მაჟორიტარობის კანდიდატია დასახელებული, რომელთგან ერთი – ამირან ხვადაგიანი ბურჭულაძის პარტიის, თემურ ცამციშვილი – „გირჩის“, ხოლო ზვიად ბაღდავაძე ვაშაძის გუნდის წარმომადგენელია.  რომელი მათგანი შეძლებს პარლამენტში რეგიონის წარმოჩენას, ამას არჩევნების შედეგები გვიჩვენებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის რეგიონალური კოორდინატორის, ბესო ცქიფურიშვილის განმარტებით, პარტიულ სიაში საქართველოს ყველა რეგიონია წარმოდგენილი.  მისი თქმით,  იმერეთის რეგიონიდან სიაში 20-ზე მეტი ადამიანია,  თითოეული მუნიციპალიტეტიდან ერთი, ან ორი წარმომადგენელი. როგორც ცქიფურიშვილმა აღნიშნა, ისინი ძირითადად,  „პატრიოტთა ალიანსის“ რაიონული ორგანიზაციების  წარმომადგენლები არიან და არა – საარჩევნო ბლოკის.

ამ დროისათვის, როგორც ცქიფურიშვილმა განაცხადა,  სრულ სიაზე  წვდომა თავადაც არ აქვს,  რის გამოც უჭირს დაკონკრეტება, თუ ვინ რომელ პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება საკუთარ ნომერს, როგორც აღნიშნა, ის 25 ნომრითაა წარმოდგენილი  სიაში.  მიიჩნევს, რომ  სიის გამსვლელ ნაწილშია. 

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკომ 27 პოლიტიკური სუბიექტი დაარეგისტრირა.  „ახალი გაზეთი“ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლობას   დაუკავშირდა,  რომლებსაც ქუთაისში მეტ-ნაკლებად  აქტიური წარმომადგენლობა ჰყავს.

 


 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა