|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება

ნათლისღებას, 19 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც  საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან "ძლევაი" აცხადებს, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება.

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20.00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 46-ე ნათლობა 15 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შედგა.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ავტორი: ნიუპრესი