|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტად ხალხი ოდიოზურ პირებს ირჩევს- ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტად ხალხი ოდიოზურ პირებს ირჩევს - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას.

მისი თქმით, "სადაც პრეზიდენტებს პირდაპირი წესით ირჩევენ, ძალიან ხშირია, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ოდიოზური ფიგურების არჩევა."

მისი თქმით, იმის მტკიცება, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას ართმევენ, დემაგოგიური მესიჯია:

  "არის უამრავი საპარლამენტო ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ პირდაპირი წესით და სადაც ირჩევენ არაპირდაპირი წესით... ყველაზე დახვეწილი დემოკრატიის ქვეყნებში პრეზიდენტებს ირჩევენ არაპირდაპირი არჩევის წესით. იმ პირობებში, როცა ამ სისტემაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევ, ჩნდება ძალიან დიდი დისპროპორცია და დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებებს შორის, რაც პრობლემებს პრაქტიკაშიც აჩენს. ეს ქართულმა გამოცდილებამ დაადასტურა და ამას ადასტურებს ევროპული გამოცდილებაც. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ გადავხედოთ, იქ, სადაც პრეზიდენტებს არაპირდაპირი წესით ირჩევენ, ამ კუთხით სისტემური პრობლემები არასდროს წარმოშობილა. სადაც საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტებს პირდაპირი წესით ირჩევენ, უმეტეს შემთხვევში, სისტემური სახის პრობლემები გაჩნდა. ეს პრობლემა არის მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კომპეტენციების აღრევა, მუდმივი დავა კომპეტენციებთან დაკავშირებით. ასევე ჩნდება პრობლემა სხვა კუთხითაც - მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ოდიოზური ფიგურების არჩევა ან თითქმის არჩევა პრეზიდენტის თანამდებობაზე, რაც, სამწუხაროდ, ბოლო დროის გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითად, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში პრეზიდენტად კინაღამ ნეონაცისტი პოლიტიკოსი აირჩიეს. გარდა ამისა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში პრეზიდენტებად აირჩიეს ადამიანები, რომლებიც არაპროდასავლური განწყობით გამოირჩევიან - პარლამენტი, მთავრობა არის პროდასავლური, მაგრამ პრეზიდენტად აირჩიეს კაცი, რომელიც ემხრობა მეტ კავშირს აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანასთან”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 პარლამენტის თავმჯდომარემ  პრეზიდენტის უფლებამოსილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას ვერც შეამცირებ და ვერც გაზრდი, როდესაც კონსტიტუციაში წერია,  რომ მთავრობა არის ერთადერთი აღმასრულებელი ხელისუფლება. 

"დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მეთაური, არის უმაღლესი მთავარსარდალი და იგი წარმოადგენს საქართველოს  საგარეო ურთიერთობებში. ეს არის ნიშანი პრეზიდენტის სტატუსის სამი ძირითადი და ეს სამივე ნიშანი ძალაში რჩება, თუმცა, „სახელმწიფოს მეთაური“ ჩანაწერი არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი მართავს ქვეყანას. არსებული კონსტიტუციით და ახალი რედაქციით, ქვეყნის მართვაზე, ანუ საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, პასუხისმგებელი არის მხოლოდ მთავრობა“.

კობახიძის თქმით, უფლებამოსილების საკითხში არის ორი მნიშვნელოვანი ცვლილება. ერთი ეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს, მეორე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენას. პრეზიდენტს ეს უფლებები ეკვეცება, ამის შესახებ კობახიძე აცხადებს, ორივე ცვლილება ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა