|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პრივატიზება შემოსავლის წყარო კი არა, დასაქმების და სამუშაო ადგილების შექმნის პირობაა“

ქუთაისში, 5 თვის მონაცემებით მერიის ბალანსზე არსებული 461 477   ლარის ქონება გაიყიდა. მიმდინარე წელს კი,  ბიუჯეტი  პრივატიზებიდან  3 500 000 ლარის  ელოდება, რაც წინა წელთან შედარებით 700 000 ლარით მეტია.

ამ დროისთვის არსებული დაბალი შემოსავლის მიუხედავად, პრივატიზების პრობლემას ვერ ხედავს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი. პაატა კლდიაშვილის განცხადებით, არანაირი პრობლემა არ არსებობს და მერია  აღნიშნულ გეგმას შეასრულებს.

„500–ზე მეტი ობიექტი გვქვს საპრივატიზაციო ნუსხაში, რომელიც საკრებულოს მიერ არის დამტკიცებული. ჩვენ აუქციონზე  ობიექტები გასაყიდად მას მერე გაგვაქვს, რაც შევისწავლით, გასხვისებას პრობლემა ხომ არ მოყვება. ეს მუშა პროცესია და ვერ გეტყვით, რამდენი ობიექტი გავიტანეთ. თუმცა გვაქვს კარგი მონაცემები, ასევე  საკმაოდ მაღალი გეგმა შესრულების პერსპექტივით“, – განაცხადა კლდიაშვილმა.

მიუხედავად კლდიაშვილის ოპტიმიზმისა,  სხვას მეტყველებს ელექტრონული აუქციონი. მასზე გატანილი ობიექტების დიდი ნაწილი, მათ შორის შენობა- ნაგებობები   ახალ მფლობელს ელოდება.  აუქციონზე რამდენჯერმე  უშედეგოდ გატანის შემდეგ მერიამ რამდენიმე ობიექტი  შენობის გარეშე დარჩენილ დაწესებილებებს  გადასცა,  ნიუპორტის ქუჩაზე მდებარე შენობაში  მატიანეს მუზეუმმა დაიდო ბინა, წერეთლის ქუჩაზე მდებარე შენობაში კი განათლების რესურსცენტრი განთავსდება.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან  განსხვავებით, პრობლემებზე საუბრობენ  საკრებულოს  ოპოზიციონერი დეპუტატები. „ლეიბორისტული“ პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის,  სამსონ გუგავას განცხადებით, ხელისუფლებას აქვს რესურსი მეტი შეთავაზება გაუკეთოს ინვესტორს და დააინტერესოს მეტი  თანხის ჩადებაში, რაც არ კეთდება.

„ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ შემოსული განცხადებების საფუძველზე ცდილობს გასასხვისებელი ობიექტების დაზუსტებას. თვითმმართველობა ობიექტს მხოლოდ მას შემდეგ ამატებს ნუსხაში, რაც მასზე განცხადება შევა მერიაში. მსგავსი წესი არაა სწორი, რადგან უნდა იყოს გამზადებული ნუსხა, რომელიც იქნება  გასაჯაროებული, რომ პოტენციურმა ინვესტორმა ნახოს, სად შეიძლება თანხის ჩადება“, –აცხადებს გუგავა.

„არც თუ იშვიათად  ვამჩნევთ ცენტრში გასხვისებულ ობიექტებს, რომლებიც ისეთივე მდგომარებაშია, როგორც გასხვისებამდე იყო. მერია კი  ინვესტორისგან ცვლილებებს არ ითხოვს.  ასეთ შემთხვევაში ჯარიმები უნდა ამოქმედდეს. ამასთან უნდა მოხდეს ინვესტორის წახალისება, არა მხოლოდ ცენტრში, არამედ გარეუბნებში. მით უფრო, ქუთაისს გააჩნია ისეთი ტერიტორიები,  რომელსაც მიენიჭებოდა თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი. ამით შეიძლება წაახალისონ არა მარტო უცხოური, არამედ ადგილობრივი ინვესტიცია“, –აცხადებს გუგავა.

მერიის  არასათანადო მუშაობაზე საუბრობს „ნაციონალი დეპუტატი“ ბესიკ ბრეგაძე.  მისი განცხადებით, ნაცვლად ინვესტორების მოზიდვისა, მათი დაფრთხობა ხდება.

„ელექტორნულმა ტენდერმა  გაამარტივა საქმიანობა, თუმცა ხარვეზები აქვს. ხშირად არარეალურია ობიექტის შეფასება. ადრე თუ სახელმწიფოსგან ყიდვა დაბალი ფასის გამო მომგებიანი იყო, ახლა პირიქითაა.  რატომ იყიდი სახელმწიფოსგან,  თუ კერძო საკუთრება გაციებით იაფია? მაღალ ფასს ქუთაისის მერი ობიექტების ამოწურვის ფაქტორით ხსნის, რაც არამყარი არგუმენტია. პრივატიზება მარტო შემოსავლის წყარო არაა, ის  დასაქმების და სამუშაო ადგილების შექმნის პირობაა. თუ ვინმე მოვა ააშენებს და დაასაქმებს, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთჯერადად შემოსული თანხა. ჩვენ ახლაც გვსაყვედურობენ, რატომ ვყიდდით ერთ ლარად ქონებებს. ამის მიზეზია გასხვისების დროს ჩადებული პირობა, რომლითაც  გაცილებით მეტი მოგება მიიღებოდა.  ახლა  სახელმწიფო თავს  არ იწუხებს და მარტივ  პრივატიზებას არჩევს.  ხშირად პირობებით  აფრთხობენ ინვესტორს“, - აცხადებს ბრეგაძე.  მისივე თქმით, ქალაქს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს პრივატიზების,  ვიდრე იყენებს.

„ჩემი მერობის პირობებში გეგმა 4 მილიონი იყო, რომელიც  შოთა მურღულიამ არარეალურად შეაფასა.  შეამცირეს და 2 მილიონ ნახევარი დატოვეს. ახლა ისევ 4 მილიონზე ავიდნენ და გამოჩნდა, რომ ჩვენი გეგმა არც თუ აბსურდული იყო. ქალაქს  მეტი პოტენციალი აქვს, უბრალოდ,  მეტი მუშაობაა საჭირო. ჰქონდათ რამდენიმე მცდელობა, მათ შორის სასტუმროების მშენებლობაზე შეღავათების დაწესების“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

ინვესტორების წახალისებისთვის დაწესებულ შეღავათებს მერიის აქტივში იწერს პაატა კლდიაშვილი, თუმცა აღნიშნავს, ახლად მიღებული რეგულაციების გამო დაინტერესებული პირები ჯერ არ არიან.  ამასთან, ის არ ეთანხმება ოპონენტს, რომ მერია პრივატიზების ხელშესაწყობად არაფერს აკეთებს.

„ქონების განკარგვის წესში ჩავდეთ პირობა, რომ თვითმმართველობას მიეცეს შესაძლებლობა აღნიშნული წესის შესაბამისად სასტუმროს მშენებლობაზე დააწესოს შეღავათი. სასტუმროს მშენებლობისთვის  ჩვენ ვთავაზობთ უძრავი ქონების საპრივატიზაციო ღირებულების უპროცენტო განვადებას ორი წლის ვადით. ვთვლით, რომ კარგი ინიციატივაა. რაც შეეხება პირობებს, ყველა ობიექტი ინდივიადუალურია და პირობაც შესაბამისად. მასწავლებლის სახლი,  რაც ინტერესს იწვევს, პირობითაა გასხვისებული, ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომლითაც თუ მშენებლობა წლის ბოლომდე არ დასრულდება, შენობას ჩამოვართმევთ, ისე, რომ გადახდილ თანხასაც არ დავუბრუნებთ უკან“, –განაცხადა კლდიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში არსებული რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა,რომელთა გადმოცემაზეც მოლაპარაკება წლებია, მიმდინარეობს. ბოლოს რაც ქალაქმა ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღო, საზოგადოებრივი ტუალეტებია, რომლებიც დაკეტილია.  ამ დროს კი ისტორიული მუზეუმის ყოფილი შენობა ქალაქის ცენტრში, ასევე ახალგაზრდული  თეატრის ნანგრევები და სხვა შებობები,  კვლავ გაუსხვისებელია. როდის მოხვდება  აღნიშნული შენობები საპრივატიზაციო ნუსხაში,  უცნობია, ისევე როგორც ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია,  შესრულდება თუ არა პრივატიზების გეგმა. მაშინ როცა, 5 თვის მონაცემებით გეგმის მხოლოდ მეხუთედია შესული ბიუჯეტში.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა