|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პრობლემის დაძლევაში ძირითადად მეგობრები მეხმარებიან“

 მარიამი 23 წლის არის, უყვარს მხატვრობა, კინო, თეატრი, პოეზია... თავისუფალ დროს მუზა  ხშირად სტუმრობს და  ამბობს, რომ ძალიან მომწონს ეს პროცესი, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს საკუთარი ხელებით ქმნის. მარიამი ლგბტ თემის ლესბოსური ჯგუფის წევრია და ჩვენი ინტერვიუც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება.

 -მარიამ, როდის აღმოაჩინეთ თქვენი განსხვავებული ორიენტაცია?

-დაახლოებით ერთი წელია, რაც მივხვდი, რომ ჩემივე სქესის ადამიანები მიზიდავს.

-როგორია ცხოვრება საქართველოში თქვენთვის?

-საქართველოში ცხოვრება დამთრგუნველია ჩემთვის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლგბტ თემის წევრი ვარ. უბრალოდ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს ურჩევნიათ იცხოვრონ სხვების ცხოვრებით და ამით გაიხალისონ თავიანთი უღიმღამო არსებობა...

-რა ტიპის პრობლემებს აწყდებით?

-ირონია, ცინიკური დამოკიდებულება... როდესაც საქმე ლესბოსურ ურთიერთობას ეხება, რატომღაც საზოგადოება უფრო ლოიალურია, თუმცა გეი წყვილის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად არის. აგრესიის გამოხატვის ფორმებიც როგორც წესი, უფრო მძიმეა.

-ვინ გეხმარებათ პრობლემების დაძლევაში?

-პრობლემის დაძლევაში ძირითადად მეგობრები მეხმარებიან. ასევე, უფლებადამცველ ორგანიზაციაში ვსარგებლობ ფსიქოლოგის კონსულტაციით.

-თუ გამხდარხართ ძალადობის მსხვრეპლი? - ასეთის არსებობის შემთხვევაში, იქნებ მოგვიყვეთ, რა და როგორ მოხდა...

-ძალადობის მსხვერპლი პირადად მე არ გავმხდარვარ, თუმცა ასეთი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია.

-თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება?

-პრობლემის გადასაჭრელად ჩემი აზრით საჭიროა უფრო აქტიურად იყოს ლგბტ თემის პრობლემატიკის შესახებ საუბარი.ამ შემთხვევაში მგონია, რომ მედიას განსაკუთრებული როლი ეკისრება. ეს ძალიან ფრთხილად და ზუსტად უნდა იყოს მიწოდებული საზოგადოებისთვის, რათა თანაგრძნობის ნაცვლად აგრესია არ გამოიწვიოს. არ ვიცი, ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან, რაღაც პერფორმანსების სახით შეიძლება მივაწვდინოთ ხმა საზოგადოებას, თუმცა არა უხეში ფორმებით.

-რას ეტყოდით ხალხს, საზოგადოებას ?

-საზოგადოებას ვეტყოდი იმას, რომ ერთმანეთისგან განმასხვავებელი ნიშნების ძებნას თავი დავანებოთ და საერთო ვეძებოთ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ფერადკანია, ვის რისი სწამს, ვინ რა ორიენტაციას წარმოადგენს... ის, რომ ადამიანები ვართ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ერთნაირი უფლებებით უნდა ვსარგებლობდეთ.

-ახერხებთ თუ არა საკუთარი თავის რეალიზებას? - მუშაობთ, სწავლობთ და ა.შ.

-საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებისდაგვარად ვახერხებ. უბრალოდ, არ ვცდილობ საკუთარი ორიენტაციის აფიშირებას.

-გიფიქრიათ თუ არა საქართველოდან წასვლაზე?

-საქართველოდან წასვლაზე ხშირად მიფიქრია.

-თუ კი, რა გიშლით ხელს ამ სურვილის ასრულებაში?

-არ შემიძლია ხაზი გადავუსვა ჩემს ამჟამინდელ ცხოვრებას და ყველაფრის ნულიდან დაწყებას ჩემთვის უცხო ქვეყანაში შევეცადო. გარდა ამისა, როდესაც პრობლემასთან გიწევს შეჯახება, ჩემი აზრით მას კი არ უნდა გაექცე, არამედ უნდა გადაჭრა. 

-რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

-ჩემი ყველაზე დიდი ოცნება არის ის, რომ ადამიანები ოდესღაც სამყაროსთან ერთიანობაში აღიქვამენ თავს და მაშინ აღარ ექნებათ სურვილი ზიანი მიაყენონ სხვას, იმსხვერპლონ მათთვის უცნობი ადამიანის ოცნებები, მარტო იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ ეს სწორი. ყველას უნდა ჰქონდეს ფორმალური უფლება მაინც, დაუშვას შეცდომები (თუკი ეს შეცდომაა) და შემდეგ ამ შეცდომებზე ისე ისწავლოს, რომ თავში „ტაბურეტკის“ მოხვედრის შიში არ ჰქონდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე შეძლებენ თემის წევრების ისეთივე ადამიანებად აღქმას, როგორც სხვა ნებისმიერის.

 პროექტის მხარდამჭერია „ქალთა ფონდი“ საქართველოში.

 

ავტორი: ია ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა