|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროექტები, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაჟღერდა ქუთაისში

საარჩევნო პერიოდში და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქუთაისში სხვადასხვა პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტები სხვადასხვა სფეროს მოიცავს. „ნიუპრესი“ გთავაზობთ პროექტებს, რომლებიც ქუთაისში უნდა განხორციელდეს.

„მინი ქალაქი“-არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაჟღერდა აღნიშნული პროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ მინი ქალაქი უნდა მოეწყოს. აღნიშნული პროექტი მრავალფუნქციურ კომპლექსს გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე გაჟღერდა, ის მაინც საზოგადოების ნაწილმა წინასაარჩევნო დაპირებად ჩათვალა. ასვე, ერთი ვერსიით, ის ქალაქისთვის პარლამენტის სანაცვლოდ შექმნილ პროექტად დაასახელეს. აღნიშნული პროექტის შესახებ ამ დრომდე მხოლოდ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

 

სარაგბო სტადიონი- პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შერვაშიძის #53 -ში შენდება. ქუთაისში სარაგბო სტადიონის მშენებლობას საფუძველი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ჩაუყარა. სამუშაოებს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro“ გაუძღვება. პროექტის  ღირებულება 9. 410. 000 ევროა.

 სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება.

პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება. პროექტი უკავშირდება დაგეგმილ სარაგბო ჩემპიონატს ახალგაზრდებს შორის. 

საუნივერსიტეტო ქალაქი-ეს არის ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც ქუთაისში უნდა განხორციელდეს. პროექტისთვის ქუთაისთან ახლოს, მუხნარი ტყეში 100 ჰა მიწის ნაკვეთი შეირჩა, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე უკვე დარეგისტრირდა. პროექტის პრეზენტაციას თავად ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. პროექტს უკვე უწოდეს წინასაარჩევნო დაპირება.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას ფონდი „ქართუ“ სრულად დააფინანსებს. 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდება და ქვეყანას  მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფს.

საცურაო კომპლექსი - ქუთაისში ახალი საცურაო კომპლექსი აშენდება. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კომპლექსის ასაშენებლად  ტერიტორიის შერჩევა დაიწყო. საცურაო კომპლექსის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ქუთაისში იმყოფებოდნენ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დათო რურუა, წყალბურთში სპორტის დამსახურებულ ოსტატი მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და ოლიმპიურ პრიზიორი მიხეილ გიორგაძე და აღნიშნული ფედერაციის სხვა წარმომადგენლები. ქუთაისში საწყლოსნო კომპლექსის მშენებლობის დაწყება 2017 წლისათვის არის დაგეგმილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი