|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის პოლიტიკური წარსული

"ნიუპრესი" განაგრძობს მკითხველისთვის ქუთაისის მერობის კანდიდატების პოლიტიკური წარსულის გაცნობას. ამჯერად  მკითხველს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიას პოლიტიკურ წარსულს წარმოვუდგენთ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერის კანდიდატის პოსტზე  საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2 სექტემბერს წარადგინა.

ჭიღვარია  პოლიტიკაში 2014 წელს გამოჩნდა, ის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს იმერეთის კოორდინატორის მოადგილე გახდა. 

ამავე დროსა  2014 წელს ჭიღვარია ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მრჩეველი იყო, რის შემდეგაც იმერეთის ვიცე-გუბერნატორის პოსტზე გადაინაცვლა. 

2016 წლის იანვრიდან კი ჭიღვარია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ქუთაისის ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. მან  ამ პოსტზე მანანა მიქაძე შეცვალა.

ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს თქმით, 2015 წლის ნოემბერში მომხდარი სტიქიის დროს, რამაც პრობლემები იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს შეუქმნა,  ვიცე-გუბერნატორი სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, დროს ერთ-ერთ რესტორანში ატარებდა.   მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ჭიღვარიამ "ნიუპრესს" განუცხადა, რომ ფოტო სტიქიის დღემდე გაცილებით ადრე იყო გადაღებული. 
"ფოტო გადაღებული იყო გაცილებით ადრე და აიტვირთა სტიქიის დღეს. იმ დღეს მთელი გუბერნია მობილიზებული და ჩართული იყო სტიქიის საწინააღმდეგო სამუშაოებში. ჩვენ ვაკეთებდით, ვაკეთებთ და გავაკეთებთ საქმეებს. ჩვენთვის მთავარი საქმის კეთება და მისი შედეგებია. საზოგადოება ყველაფერს სწორად და ობიექტურად შეაფასებს", -განაცხადა ჭიღვარიამ.

სტიქიის დასრულების შემდეგ იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა სალიკვიდაციო საქმეებში ჩართულობისთვის მაშველებს მადლობა გადაუხადა.
 

2016 წლის 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც რამდენიმე ტელევიზიის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი ჭიღვარიას სახელი და გვარი ფიგურირებდა. რამდენიმე მედია საშუალებისა და ინციდენტის მონაწილე პირების თქმით, საარჩევნო უბანთან ჭიღვარიაც იმყოფებოდა.
 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  შინაგან სამინისტროში სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, "ნიუპრესთან" საუბარში ჭიღვარიას აცხადებს, რომ 90-ე უბანზე სიტუაციის გასანეიტრალებლად მივიდა. 
"საპარლამენტო არჩევნები 2016 ქუთაისში მშვიდ და თანაბარ კონკურენტუნარიან გარემოში წარიმართა. რაც შეეხება 90-ე უბანზე მომხდარ ფაქტს, მე ადგილზე სიტუაციის გასანეიტრალებლად ჩავედი. იყო ინფორმაცია, რომ ადგილზე პროვოკაცია მზადდებოდა. არც მე, და არც ერთი, ჩემი შტაბის წევრი აღნიშნულ კონფლიქტში არ ჩართულა. ჩემი როგორც შტაბის ხელმძღვანელის პირდაპირ ინტერესებში შედიოდა, არჩევნები მშვიდად და ყოველგვარი წესების დაცვით ჩატარებულიყო. მსგავსი ფაქტი მიუღებელია ჩემთვის და მოვუწოდებ ყველას, რომ არ შეუშალონ ხელი არჩევნების მიმდინარეობის პროცესს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 მშვიდ, დემოკრატიულ და თანაბარ კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდეს"-აღნიშნა ჭიღვარიამ. 

გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მისი  მთავარი პრიორიტეტი თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობა იქნება.  გამარჯვების შემთხვევაში ის მოსახლეობას სოციალური და ინსრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას პირდება.

 მსგავსი: 

"ნაციონალური მოძრაობიდან" "ევროპულ საქართველოში" - დავით გოგისვანიძის პოლიტიკური წარსული
დიპლომატიიდან მერობის კანდიდატობამდე - გრიგოლ ვაშაძე

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა