|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურატურამ "იბერიის" დახურვის საქმე გახსნა

პროკურატურამ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მათ წარედგინათ  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება.

პროკურატურის დასკვნის თანახმად:  „ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2004 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ "ომეგა ჯგუფის" კუთვნილი ტელეკომპანია "იბერიას ტვ"-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი“.  

2004 წლის თებერვალში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ტელეკომპანია „იბერიას“ ოფისში, ასევე  "ომეგას" სათავო ოფისში, სტამბაში „ომეგა-ტეგი“, „ომეგა მოტორსა“ და კომპანიის რეგიონალურ ოფისებში. დაარბიეს „ომეგას“ ვაშლიჯვრის ოფისი. დაამტვრიეს ძვირადღირებული მანქანა-დანადგარები, კომპიუტერული ტექნიკა, გაიტაცეს ტელეკომპანიისათვის შეძენილი, იმ დროისათვის ძვირადღირებული ტექნიკა. ფიზიკურად გაუსწორდნენ კომპანიის თანამშრომლებს. ოფიციალური ინფორმაცით, სამართალდამცველები ომეგას ოფისში ე.წ. კლიშეებს ეძებნენ, რომლითაც, მათი მტკიცებით, ყალბი აქციზური მარკები იბეჭდებოდა.  "ომეგას" ოფისებიდან მილიონობით ლარის სიგარეტები გაიტანეს და გაყიდეს.

ამას შედეგად  ტელეკომპანია "იბერიის" და გაზეთ ,,ახალი ეპოქის" საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება მოყვა. 

"ომეგა ჯგუფის" და "იბერიას" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა მთავარ პროკურატურასა და ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, პროკურატურამ ძალიან რთული საქმე გამოიძია.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა