|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ

ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კამპანია  „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებით დაიწყო. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსა“ და „თავისუფალი საქართველოს“  მერობის კანდიდატის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენებულია  არა მხოლოდ ადამიანური რესურსი, არამედ ავტოპარკი და ტექნიკა. გოგი წულაიამ ბრიფინგზე მერიაში დასაქმებული იმ ადამიანების სახელები და გვარები დაასახელა, რომლებიც ამავდროულად საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი. მათ შორის არის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ონისე მელქაძე, რომელიც წულაიას მტკიცებით, ჭიღვარიას სასარგებლოდ მერიის კამერით მუშაობს. წულაიამ მტკიცებულებად ის ფოტო მასალა წარმოადგინა, რომელზეც მელქაძე კამერით არის და რომელიც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა საკუთარ გვერდზე ატვირთა.

“მერიის ავტოპარკი მერის პირადი ავტომობილით დაწყებული, დამთავრებული სატვირთო მანქანებით, რომელი მერიის ააიპებს ეკუთვნის, მთლიანად  “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის განკარგულებაშია, ასევე მერიის კუთვნილი ციფრული ტექნიკა და აპარატურა”, -აცხადებს გოგი წულაია. წულაია არასათანდო საარჩევნო გარემოზე საუბრობს და მმართველ გუნდს ქუთაისისთვის გულწრფელი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ბრალდებას არ ადასტურებენ მერიაში და აცხადებენ, რომ ონისე მელქაძე შვებულებაში იმყოფება და მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობის უფლება აქვს. ბრალდებას არც მმართველ გუნდში ადასტურებენ და ამტკიცებენ, რომ  “ქართულ ოცნებაში” საკუთარი ტექნიკა აქვთ.

“ქართული ოცნების” შტაბს  გააჩნია  საკუთარი  ტექნიკური  საშუალებები  და საკმარისზე  მეტი  ავტომანქანები.  ამდენად,  მსგავსი  აბსურდული  განცხადებები  მიმართულია  მხოლოდ  წინასაარჩევნო  კამპანიის  დისკრედიტაციისა  და  ამომრჩევლის  შეცდომაში  შეყვანისაკენ. შესაბამისად,  არ ვადასტურებთ საქართველოს საარჩევნო კოდექსის  48 მუხლის  1 პუნქტის „ბ“და„გ“ქვეპუნქტების მოთხოვნათა დარღვევას”,- აცხადებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის იურისტი გოჩა ავალიანი, რომელიც ასევე მერიის თანამშრომელია, თუმცა ამჟამად ისიც შვებულებაში იმყოფება.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მერიის თანაშრომლებთან ერთად ჩართული არიან იმერეთის გუბერნიის თანამშრომლები. ვინაიდან, მმართველმა გუნდმა არჩევანი „ქართული ოცნების“ ოფისის ხელმძღვანელზე და იმერეთის ვიცე–გუბერნატორზე შეაჩერა, ჭიღვარიას მხარდაჭერას იმერეთის გუბერნია თითქმის სრული შემადგენლობით  უცხადებს, ასევე არასამუსაო საათებში აქტიურად აზიარებენ სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების პიარ მასალებს.

მიუხედავად მერობის კანდიდატის საჯარო მხარადაჭერისა,  იმერეთის გუბერნიაში დასაქმებული არცერთი ადამიანი 22 აგვისტოდან დღემდე შვებულებაში არაა.

გარდა იმერეთის გუბერნიისა, კანდიდატების წარდგენას  მოსახლეობასთან შეხვედრას ხშირად ესწრებიან მერიის თანამშრომლები და განყოფილებების უფროსები, რომელთა მტკიცებითაც,  ისინი ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფებიან.

მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და შესაძლებლობაზე სხვა პარტიების წარმომადგენლებიც საუბრობენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება წინასაარევნოდ არათანაბარ გარემოს ქმნის.

მერიის მიერ ბიუჯეტში გატარებულ ცვლილებებსა და საარჩევნოდ გამოცხადებულ ტენდერებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი- ნიკა ნარსია, რომელიც მერიას სატენდერო თანხების საარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“  მიერ მონოპოლიზებულია  ბანერები, თუ ნახავთ ქალაქში   ყველაგან  მათი პლაკატებია, ასევე ბიუჯეტში  შეიტანეს ცვლილებები, რითაც ცდილობენ წინასაარჩევნოდ პროექტებზე  ფული დახარჯონ ამომრჩევლების მოსასყიდად.

თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტირებისთვის მაისში 75 000 ლარამდე ტენდერი  გამოაცხადეს და შეაჩერეს,  რადგან,  სავარაუდოდ, უნდათ ეს ფული  დახარჯონ არჩევნებში. თან ეს პროექტი თაღლითურია, რადგან ამოღებულია პროექტიდან სახლები, რომლებიც მართლა ავარიულია და რეაბილიტაციას საჭიროებს და ჩასმულია ის შენობები, რომლებიც მხოლოდ შეღებვას საჭიროებს, რაც შედარებით იაფი ჯდება“-განაცხადა ნარსიამ.

მერიის მიერ ბიუჯეტში საარჩევნოდ შეტანილ ცვლილებებს არ ეთანხმებიან ადგილობრივ თვითმმართველობაში და აცხადებენ, რომ ნარსიას ყოველგვარი ბრალდება ლოგიკასაა მოკლებული. მათივე თქმით, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, შენობების ნაწილი კი, სიაში იმ მარტივი მიზეზით ვერ მოხვდა, რომ ისინი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ და რეაბილიტაცია სხვა პროექტით მოხდება.

 

      

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი