|
  • EUR 1 = GEL 3.1154
  • USD 1 = GEL 2.5463
|

ქუთაისელი მოსწავლეები თავიანთი გამოგონებით ამერიკაში გაემგზავრებიან

 ქუთაისელი მოსწავლე-გამომგონებლები უკვე დიდი წარმატებით სარგებლობენ. იონა იობიძის და გიორგი ურატიძის გამოგონების შესახებ უკვე მთელმა ქვეყანამ გაიგო. ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები იდეაზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ჩანაფიქრი რეალობად აქციეს და წარმატებამაც არ დააყოვნა,  ისინი  მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი -2017“-ის პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ და 5000 ლარი მიიღეს.

ახალგაზრდა გამომგონებლებს თავიანთ რობოტსა და სამომავლო გეგმებზე სკოლის ლაბორატორიაში ვესაუბრეთ, იქ, სადაც თავს ყველაზე უკეთ გრძნობენ. წარმატებაზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ მათი რობოტი ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებს, რაც ადამიანებს საქმეს გაუადვილებს. ჭკვიანმა მოსწავლეებმა თავიანთ გამოგონებას „მანძილის მზომი რობოტი“ უწოდეს.

 „იდეა ერთი წლის წინ გაგვიჩნდა და მასწავლებლებთან ერთად განვახორციელეთ. რობოტი ზომავს მრუდ წირს, მას შეუძლია დიდი მანძილი გაზომოს, რასაც ადამიანი ჯერჯერობით ხელით აკეთებს. ეს მუშაობას ამარტივებს და უსაფრთხოს ხდის. შეიძლება რადიაციულ ადგილებში, მღვიმეებში, გამოქვაბულებში, სადაც ადამიანები ვერ შედიან, რობოტის მეშვეობით მოხდეს გაზომვა“,-აცხადებს იონა იობიძე, რომლის თქმითაც, პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი შემთხვევით არ დაუწყიათ და ის  მანძილის გაზომვის არსებულმა არახელსაყრელმა მეთოდმა განაპირობა.

„წავაწყდით ასეთ ფაქტს, რომ ადამიანები მანაძილს დიდხანს ზომავდნენ  და ამის გამო წვალობდნენ, ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი გაგვემარტივებინა მათთვის შრომა და შეგვექმნა მანძილის მზომი რობოტი“,-განაცხადა იონა იობიძემ.

მოსწავლეები თავიანთ წარმატებას სკოლაში არსებულ ლაბორატორიასა და გამოცდილ მასწავლებელს უმადლიან. 

„კარგია, ასეთი ტექნოლოგიებით რომ არის გამყარებეული მეცადინეობები. მეც ბავშვობიდან ვიყავი დაინეტერესებული ამ სფეროთი, უბრალოდ, რეალიზებას ვერ ვუკეთებდი მომავალ პროფესიას.  რომ გავიგე  „სტემის აკადემიის“  შესახებ, ძალიან გამეხარდა, ჩავერთე და დავიწყე მუშაობა. შევქმენით რობოტი, რაც ინოვაციურია. იდეაზე დიდი ხანი ვფიქრობდით, ლაბორატორია დაგვეხმარა, აქ არის 3 დე ვირტუალური და თანამედროვე ლაბორატორია, რჩევები მოგვცეს და ამით დავხვეწეთ ჩვენი გამოგონება“-განაცხადა გიორგი ურატიძემ.

რობოტი ბატარეეებით მუშაობს, თუმცა შესაძლებელია მზის პანალების დამონტაჟება, რაც შესაძლებელს გახდის ნებისმიერ პირობებსა და ნებისმიერ რელიეფზე მოძრაობას და განუსაზღვრელი მანძილის გაზომვას.

იონა მერვე, გიორგი მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. მათთან ერთად პროექტზე 11 წლის ზურა კიკალიშვილიც მუშაობდა, თუმცა ასაკის გამო კონკურსში მონაწილეობა ვერ მიიღო, ის თანაგუნდელებთან ერთად ამაყობს წარმატებით და მომავალი გამოგონებებისთვის ემზადება.

ახალგაზრდა გამომგონებლებს უკვე აქვთ ახალი იდეები, რომლებზე საუბარსგანაც პროექტის დასრულებამდე თავს იკავებენ, თუმცა უკვე იციან, რომ თავიანთი გამოგენებული პროექტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან,  სადაც „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურის გამარჯვებულებს შეხვდებიან და თავიანთი რობოტის პრეზენტაციასაც კიდევ ერთხელ მოაწყობენ.

გამომგონებელთა ჯგუფს გამოცდილი პედაგოგები დავით სონღულაშვილი და უტა კილასონია ეხმარებოდნენ. მათი თანადგომით ბავშვების იდეა რეალობად იქცა.

„ყველა ბავშვის იდეა ჩემთვის საინტერესოა, ვუსმენ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება მისი დახვეწა. მათი იდეა აღმოჩნდა საინტერესო და წარმატებული. ვნახეთ არსებული მიდგომები, რაც არის მანძილის გასაზომად. ჩვენი უნდა ყოფილიყო ინოვაციური.  ადრე ზომავდნენ ხელით, რასაც ჩვენ რობოტით შევცვლით. მასზე დამონტაჟდება ვიდეო კამერა და მოხდება ადგილის შესწვლა.  მე მაქვს გამოცდილება კონკურსში მონაწილეობის, ვიცი, რა სახის პროექტს აქვს უპირატესობა, ამიტომ ველოდით გამარჯვებას. ბავშვის მონდომებასთან ერთად მთავარია, შესაძლებლობა და გარემო. სკოლა აღჭურვილია ლაბორატორიით. აქ ყველა პირობაა შექმნილი და არის რესურსი, რომ მეცადინეობები წარმატებული იყოს, რომ არა ეს ლაბორატორები, იდეა დარჩებოდა იდეად“,-განაცხადა უტა კილასონიამ, რომლის ხელმძღვანელობით არაერთმა ჯგუფმა მიაღწია  წარმატებას.  მათი ბოლო პროექტი უკვე მზადაა და ფართო წარმოებაში ჩასაშვევად მოთხოვნას ელოდებიან.

კონკურსში გამარჯვება სკოლისთვის პირველი არ არის. გასულ წელსაც მათმა მოსწავლემ გიორგი ფხაკაძემ პირველი ადგილი დაიკავა. ის უკვე სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობს და 25 000-დოლარიანი დაფინანსება აქვს. წელს კონკურსშიც მეორე ადგილი სკოლის თბილისის ფილიალმა დაიკავა. სკოლა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს.  სკოლა „პროგრესს“ მემორანდუმი აქვს გაფორმებული „სან დიეგოს“ უნივერსიტეტთან. „სტემის აკადემია“ მეორე წელია დაინერგა და მომავალშიც იგეგმება ლაბორატორიის გაფართოება.

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ იმართება.  კონკურსი VII-XII კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს იდეა რეალობად აქციონ. დღემდე 49 გამარჯვებული გამოვლინდა და მათი პროექტიც გამოგონებად ჩაითვალა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი