|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა ექიმებმა დედა-შვილის სიცოცხლე გადაარჩინეს

ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლში მასიური სისხლდენით შოკში მყოფი ფეხმძიმე ქალბატონი  24 ივნისს, ღამის 2 საათზე შეიყვანეს. ორი შვილის დედა მესამეზე 30-კვირის ორსული იყო. უეცარი სისხლდენის შედეგად მან დიდი ოდენობის სისხლი  დაკარგა, რის გამოც დედა-შვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა.

  როგორც მესამე სამშობიაროში ყვებიან, ექიმმა ბაგრატ დანგაძემ სიტუაცია უმოკლეს დროში გააანალიზა და სამშობიაროს გუნდის მობილიზებით, 10 წუთში პაციენტს უკვე ოპერაცია უტარდებოდა. პარალელურად მიმდინარეობდა რეანიმაციული ღონისძიებები.

ექიმი რეანიმატოლოგი, ანესთეზიოლოგი ბაგრატ დანგაძე - ეს იყო ექსტრემალური მდგომარეობა, პაციენტს 3 ლიტრზე  მეტი სისხლი ქონდა დაკარგული, გადარჩენის ალბათობა ნულის ტოლი იყო.  ჩვენ, ფაქტობრივად პაციენტის მოსამზადებელი დრო არ გვქონდა, წავედით რისკზე, რადგან მდგომარეობა იყო უკიდურესად რთული. პაციენტი უკონტაქტო იყო, ოპერაციის მსვლელობისას მას 4 - ჯერ გაუჩერდა გული...

 33 წლის ქალბატონს ოპერაცია ექიმმა  დავით ჯანელიძემ გაუკეთა - "ჩვენ, რეალურად, ვიდექით საფრთხის წინაშე, რომ  პაციენტი შეიძლებოდა დაღუპულიყო, მაგრამ რისკზე წავედით. ასეთი ძლიერი სისხლდენის შედეგად ბავშვის გადარჩენის იმედი თითქმის არ იყო, მაგრამ გუნდის ერთობლივი და მყისიერი მოქმედებით მივიღეთ შედეგი. ღმერთის ნება იყო, რომ ასე მომხდარიყო, ამ დედა-შვილს ეცოცხლა და კიდევ ორი ბავშვი არ დაობლებულიყო.

 პატარა გოგონა 1კგ და 900 გრ. მძიმე ასფიქსიით დაიბადა. ოპერაციის დასრულების შემდეგ დედა-შვილი კატასტროფის ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ისინი აგრძელებენ მკურნალობას.  

24 ივნისის ღამეს იხსენებს ვაჟა უგრეხელიძე. "მეუღლეს ძლიერი სისხლდენა ღამით დაეწყო, თვითონ მივიყვანე მესამე სამშობიაროში, სადაც კონსულტაციაზე დადიოდა, კრიტიკული მდგომარეობა იყო, მაგრამ ღმერთის წყალობით და ექიმების პროფესიონალიზმის შედეგად ორივე გადაარჩინეს".

 ვაჟა უგრეხელიძის თქმით, მისი მეუღლე კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის შესახებაც გონზე მოსვლის შემდეგ ის თავად საუბრობს.  

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა