|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

„ქუთაისი - საუნივერსიტეტო ქალაქი“ - რეალობა, თუ მორიგი დაპირება?

„ქუთაისი-  საუნივერსიტეტო ქალაქი“  -ოთხი წლის შემდეგ გაცოცხლებული ეს იდეა  რამდენად რეალურია  და არის  თუ არა  ის მორიგი წინასაარჩევნო დაპირება,  ამ თემაზე   „ნიუპრესი“  მუშაობას აგრძელებს.

საპარლამენტო ქალაქის სტატუსის საპირწონედ შემოთავაზებული საუნივერსიტეტო ქალაქის იდეა ქუთაისმა ადვილად მიიღო.  საგანმანათლებლო კერად ქალაქის ქცევა თაობების გაცხადებული გულისნადები იყო და  ამდენად,  ქუთაისელებმა ამ დანაპირების ნამდვილობა  ადვილად დაიჯერეს.  ქალაქელები ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად ითხოვდნენ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში გახსნას. ამ მიზნით  საინიციატივო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც დანაპირების ასრულებას ხელისუფლებისაგან ითხოვდა.

რამდენიმე კვირის წინ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა კვლავ გაიხსენა „ქართული ოცნების“ დანაპირები და თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ "თბილისის ტექნოლოგიური პარკის სამეცნიერო ნაწილი დაახლოებით 250 მილიონი ევრო დაჯდება და ასევე დაჯდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში იქნება".  ეს  განცხადება მაშინვე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მალე კონკრეტული თარიღიც დასახელდა. „სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება" - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში დაწერა. მეტი ინფორმაციის მიღებას „ნიუპრესი“ თავად ბიძინა ივანიშვილისაგან შეეცადა, რადგან ქუთაისის ხელისუფლებამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე, მოტივით, რომ ეს კერძო ინვესტიციას უკავშირდება, უარი თქვა.

"ქუთაისთან ახლოს არის უნიკალური  ტყე, სადაც საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდვურ და ონლაინმედია საშუალებებთან შეხვედრაზე, „ნიუპრესის" კითხვის პასუხად განაცხადა.

”ქუთაისთან ახლოს, უნიკალური ადგილია,  ტყეში შენდება რეალურად. ცოტა დატბორილია ის ადგილი და  გეოლოგები იკვლევენ. 200 ათასი ტონა ნალექია გამოსატანი და გრუნტიც  შესავსები. მეუბნებიან, როგორ ვქნათო და მე ვპასუხობ, რომ აუცილებლად იქ უნდა გაკეთდეს.  ისევე, როგორც  საზღვარგარეთ არის ტენდენცია, რომ ქალაქგარეთ იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი. სამუშაოები საკმაო ხარჯიანი იქნება,  ამის გამო  ჩემს  თანხმობას ითხოვდნენ  და მე გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისივე განცხადებით, საუნივერსიტეტო კომპლექსი არ იქნება  ვინმეს საკუთრება. "ეს იქნება სახელმწიფოსი, სსიპ, ისევე როგორ სამეცნიერო ცენტრი  დიღომში და მიიღებს დაფინანსებას.  "ქართუ"  იქნება მხოლოდ კერძო დამფინანსებელი”, - განაცხადა ივანიშვილმა.

 მისივე განცხადებით, დეტალური გეგმა არსებობს ქუთაისის მერიაში. „ზუსტად მაგ ადგილზე გაგრძელდება სამუშოები. შეგიძლიათ ნახოთ, დაფარული არ არის ეგ. მიბრძანდით ქუთაისის მერიაში, გეტყვიან მისამართს და ნახავთ“, -აღნიშნა  ივანიშვილმა.   

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი კონკრეტულ ადგილზე საუბრობს, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, მათთვის ცნობილი არ არის, თუ  რომელ ადგილზე გაკეთდა არჩევანი.

"რადგან განცხადება გაკეთდა, რომ ადგილი უკვე შერჩეულია, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. თავდაპირველად, საუნივერსიტეტო ქალაქისათვის ქუთაისში  5 ადგილი შეირჩა, საიდანაც  უპირატესობა სამ მათგანს მიენიჭა.  აქამდე არ იყო  გადაწყვეტილი, ამ სამი ადგილიდან საბოლოოდ რომელი შეირჩეოდა.  მოთხოვნის თანახმად, საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა აიგოს ქალაქგარეთ, ქუთაისის მიმდებარედ, განიხილებოდა  წყალტუბოს, ასევე ბაღდათის და ტყიბულის მიმართულებით არსებული ტერიტორიები,  საუბარია 40-50 ჰა-ზე", - განაცხადა ქალაქის მერმა. 

ბუნებისდამცველების გასაგონად, რომელთა შეშფოთება ტყის ხსენებამ  გამოიწვია, შოთა მურღულია  აცხადებს, რომ პროექტის განხორციელება ტყის გაჩეხვას არ ითვალისწინებს.  უნიკალური ტყე, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ახსენა, სავარაუდოდ,  აჯამეთის ნაკრძალია. ქუთაისიდან აჯამეთის ტყის მიმართულებით მართლაც არსებობს დაჭაობებული ტერიტორია, რომელი შესაძლოა, ის ადგილი იყოს, რაზეც ივანიშვილი მიუთითებდა.  ყოფილი პრემიერის განცხადებით, ტერიტორია ქალაქგარეთაა, ამასთანავე მდებარეობს ქუთაისსა და უნიკალურ ტყეს შორის.  ქალაქის ამ მიმართულებით  არსებობს ყოფილი პოლიტექნიკური ინსიტუტის შენობაც, რომელიც ახლა  აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის შემადგენლობაშია.

საზოგადოების ნაწილის აზრით, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ივანიშვილის განცხადებას, წინასაარჩევნოდ საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობაზე საუბრის დაწყება ქალაქის საპარლამენტო სტატუსის გადაფარვას ემსახურება. ამ აზრს იზიარებს  არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“  თავმჯდომარე  გია გოქაძე.  „მმართველ პარტიას ამ ოთხი წლის მანძილზე ქუთაისში არაფერი გაუკეთებია.  ამ საკითხზე ახლა საუბრის დაწყება უკავშირდება არჩევნებს და  იმას, რომ ქალაქში თამაშდება სამი  სამაჟორიტარო მანდატი.  ფოკუსირება ხდება ამასთან დაკავშირებით. თუმცა, არავინ იცის,  აშენდება თუ არა  რაიმე რეალურად. შენობა  რომც აშენდეს,  მერე ძალიან ბევრი რამე შეიძლება კიდევ შეიცვალოს. ქალაქში არის უნივერსიტეტი, საკმაოდ კარგი ბაზით. საუბარია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეიძლება მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გამოიყენოს.  ამასთან ახალი უნივერსიტეტი რომ დაარსდეს, მასზე მოთხოვნა ხომ უნდა იყოს? ან ვინ უნდა ასწავლოს, ან ვინ უნდა ისწავლოს? - აცხადებს გოქაძე. 

თავისთავად უნივერსიტეტი და მხოლოდ კომპლექსის აგება საკმარისი არ არის. საზოგადოებას აინტერესებს, თუ რა ტიპის სასწავლო დაწესებულებას უნდა ველოდოთ  ქუთაისში.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაიმე პოზიტიური გაკეთდეს ამ ქალაქში. საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ხელს არ უშლის, რომ ქალაქმა  საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსიც დაიმკვიდროს, მაგრამ გავიდა 4 წელი და ამ მიმართულებით ძვრა არ ყოფილა. საუბარი იყო,  რომ უნდა გაკეთდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მაგრამ დღემდე არაა ცნობილი, რა ტიპის  უნივერსიტეტზეა საუბარი. ეს ბადებს,  რა თქმა უნდა,  ძალიან ბევრ  შეკითხვას საზოგადოებაში.  რის მოლოდინში უნდა ვიყოთ ჩვენ და უნდა ვიყოთ თუ არა საერთოდ მოლოდინში,  ხომ არ არის ეს წინასაარჩევნო დაპირება?“  - განაცხადა „ნიუპრესთან“ საუბარში  არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებებისა და განათლებისათვის“ ხელმძღვანელმა   ქეთი ბერძენიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილი  განთავსდება თბილისში, ხოლო  სასწავლო ნაწილი -   ქუთაისში.  რაც შეეხება პროფესურას, ნიშნიანიძის თქმით, ეს არ იქნება პრობლემა:  „სიმონ ყაუხჩიშვილი ჩანთაში ჩაიდებდა პატარა მჭადს და ისე მოდიოდა ქუთაისში,  კითხულობდა ლექციას. დღეს დისტანციური სწავლებაა, თვითმფრინავია, ავტობანია, პრობლემა პროფესურის არ იქნება“, -აღნიშნა ომარ ნიშნიანიძემ. 

ყოფილი პრემიერი, რომელიც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გამოდის, აცხადებს, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო წლებში ბიუჯეტის პრიორიტეტი განათლების სფერო იქნება. ის აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით განათლების დონის ზრდაზე აკეთებს. მისი თქმით, ეს საფუძველი უნდა გახდეს  ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების. მის მიერ ამ კონტექსტში განიხილება თბილისსა და ქუთაისში საგანმანათლებლო და სამეცნიერო კერების გაძლიერება.

 

  

 

ავტორი: ირინა მაკარიძე