|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დაფინანსება იზრდება

 ქუთაისის აეროპორტთან ახალი ტერმინალის მშენებლობისათვის 2017 წლის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების მობილიზება მოხდება.  მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტი დეპუტატებს საკომიტეტო განხილვაზე  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. 

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა და საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებული შესრულება დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, დამატებით გამოყოფილი რესურსი იმ პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, რომელთა განხორციელება 2018 წლისთვის იგეგმება, შესაბამისად, აღნიშნული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები მომავალი წლის ბიუჯეტიდან გათავისუფლდება.

„წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 305 მლნ. ლარით იზრდება, რაც საშუალებას გვაძლევს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სამინისტროებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები 108 მლნ. ლარით შემცირდეს და აღნიშნული თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში სხვადასხვა პროექტებზე გადანაწილდეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაკაურიძემ იმ სახელმწიფო უწყებები ჩამოთვალა, რომლებიც დამატებით ასიგნებებს მიიღებენ, კერძოდ 106 მლნ. ლარით იზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, დამატებით 65 -65 მლნ. ლარი მიიმართება სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის სამინისტროებისთვის, 15 მლნ. ემატება დევნილთა და განსახლების სამინისტროს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროსდაფინანსება 5 მლნ. ლარით გაიზრდება.

არსებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის ნაწილი ქუთაისის აეროპორტთან ახალი ტერმინალის მშენებლობას მოხმარდება.

დეპუტატების განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი ჭარბი შემოსავლების შედეგად იცვლება.

ავტორი: ნიუპრესი