|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბაღების გაერთიანების საქმეს სტრასბურგი განიხილავს?

ქუთაისის ბაღების გაერთიანების დირექტორის ყოფილი მოადგილის საქმემ, შესაძლოა სტრასბურგში  გადაინაცვლოს. ამის შესახებ დირექტორის ყოფილი მოადგილის მაკა ნაცვლიშვილის ადვოკატი რობინზონ ხურცილავა აცხადებს. 

"ბაგა - ბაღების გაერთიანების" ინფორმაციით,  უზენაესმა სასამართლომ  საჩივარი არ მიიღო განსახილველად და უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, რის  შედეგადაც  მაკა ნაცვლიშვილს უარი ეთქვა,  როგორც სამუშაოზე აღდგენის,  ისე იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის მიღების თაობაზე.

მაკა ნაცვლიშვილის  საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ  20 ივნისს იმსჯელა.  უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 მაკა ნაცვლიშვილის ადვოკატის რობიზონ ხურცილავას განცხადებით, საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

"ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ მოხდა უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის დაუშვებლად ცნობა, როგორც კი დასაბუთებულ განჩინებას მივიღებთ,  აუცილებლად გავაგზავნით საქმეს სტრასბურგის სასამართლოში", -განუცხადა მან "ნიუპრესს"

მაკა ნაცვლიშვილი გაერთიანებას უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებდა, სამსახურში აღდგენას და განაცდურის გადახდას ითხოვდა. საქალაქო სასამართლომ, გასულ წელს სრულად დააკმაყოფილა მაკა ნაცვლიშვილის სარჩელი, მისი სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება ცნობილ იქნა უკანონოდ და გაერთიანებას დაეკისრა სოლიდური თანხის გადახდა მაკა ნაცვლიშვილის სასარგებლოდ.

გადაწყვეტილება გაერთიანებამ სააპელაციოში გაასაჩივრა.  სააპალეციო სასამართლომ მიიღო კი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად  მაკა ნაცვლიშვილი არ დაექვემდებარა არც თანამდებობაზე აღდგენას და არც განაცდურის ანაზღაურებას.  რის შემდეგადაც ნაცვლიშვილის მხარემ  საკასაციო სარჩელით უზენაეს სასამართლოს მიმართა.

 

 

 

 

 

 

ქუთაისის "ბაღების გაერთიანებამ" ყოფილ თანამშრომელს სასამართლო დავა მოუგო

ავტორი: ირინა მაკარიძე