|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბინა 429 დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომელიც ქუთაისში 429 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს, მუშაობა დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;
2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;
3. კრიტერიუმების შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ.

ქუთაისში ბინების მიღების მოთხოვნით განაცხადი 3737 დევნილმა ოჯახმა შეავსო.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მინიჭებული ქულების საფუძველზე, შეირჩა ყველაზე მაღალი ქულების მქონე ის დევნილი ოჯახები, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს.

კომისია მუშაობას 28 აგვისტომდე გაგრძელდებს.

გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად, შედიან სახალხო დამცველის აპარატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), რომელიც 4 ორგანიზაციას აერთიანებს, ასოციაცია „თანხმობის“, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის.

მუშაობის პროცესში კომისიის წევრები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული დევნილი ოჯახის მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებს. გადაწყვეტილება კი ხმათა უმრავლესობით მიიღება, თუ კონკრეტულად, რომელ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ ბინები.

გადასაცემი ბინის ოთახების რაოდენობა სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს დაექვემდებარნენ:

1. ერთოთახიანი ბინის პრეტენდენტები 5.5 და მეტი ქულა
2. ოროთახიანი ბინის პრეტენდენტები 5 და მეტი ქულა
3. სამოთახიანი ბინის პრეტენდენტები 4 და მეტი ქულა;

კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდება 429 დევნილი ოჯახი, რომლებსაც ბინები გადაეცემათ.

კომისია, ასევე განიხილავს 9 ნგრევადი ობიექტის (150 დევნილი ოჯახი ) დახურვის საკითხსაც.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა