|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

"ქუთაისის ბოტანიკური ბაღის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმის მისი ფუნქციის შენარჩუნებას"

თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, სადაც უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს ქუთაისში ბოტანიკური ბაღის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით და ქუთაისის მერიას მიღებული გადაწყვეტყილების შეცვლისაკენ მოუწოდებს. 

"ნიუპრესი" უცვლელად გთავაზობთ თამაზ დარჩიძის ღია წერილს.

"განცვიფრებული ვარ იმ გადაწყეტილებით, რომელიც მიღებული იქნა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან - ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, რაც ამ ძველ სამეცნიერო დაწესებულებას პრაქტიკულად აუქმებს და მას ბაღის საქმიანობასთან სრულიად შეუსაბამო მუნიციპალური ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალად აქცევს.

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის გაუქმება და ააიპ კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან მისი შერწყმა, რბილად რომ ვთქვა, შინაარსს უკარგავს ბოტანიკურ ბაღს, როგორც მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევის, მცენარეთა კოლექციების შექმნის, კონსერვაციისა და ეკოლოგიური განათლების მნიშნელოვან ბაზას.

ვიდრე 2012 წელს დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდებოდა, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი 1969 წლიდან გახლდათ თბილისის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ფილიალი და ემსახურებოდა კოლხეთის მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევას და ამ რეგიონში მცენარეთა ახალი სახეობების ინტროდუქციისა და დანერგვის საქმეს. ორგანიზაციის ისტორია მხოლოდ ამ პერიოდით არ შემოიფარგლება - ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა პერიოდიდან იგი ითავსებდა მცენარეთა საცდელი სადგურის, შემდგომში ბოტანიკური ბაღისა და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ფუნქციას.

გააჩნდეს კლასიკური ტიპის ბოტანიკური ბაღი - ეს დიდი პატივი და ღირსებაა ქალაქისათვის, მით უფრო როცა მის შექმნას, გადარჩენას და განვითარებას მრავალი თაობის ძალისხმევა დასჭირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი გახლდათ ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოში (Botanical Gardens Conservation International – BGCI) ოფიციალურად გაწევრიანების ეტაპზე, რომელიც მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის 500-ზე მეტი ბოტანიკური ბაღის გლობალურ ქსელს წარმოადგენს. გარდა ამისა, სახეზე იყო ორგანიზაციის დინამიური განვითარებაც. გადაიდგა ნაბიჯები კოლხეთის უნიკალური ფლორის კვლევისა ex situ კონსერვაციის მიმართულებით.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის ბოტანიკური ბაღის ძირითადი შინაარსისა და ფუნქციის შენარჩუნებას. ეს ხელს უწყობს ორგანიზაციიდან ღირებული, პროფესიული კადრების გადინებას, ხოლო ბაღს მომავალში უბრალო საქალაქო პარკად გადაქცევას უქადის, თუმცა, შესაძლოა, ოფიციალურად ეს ასე არც გაჟღერდეს.

ამ ვითარებაში მიზანშეწონილად მიმაჩნია, რაც შეიძლება მოკლე დროში გადაიხედოს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მიღებული ნაჩქარევი გადაწყეტილებები და ბოტანიკური ბაღი შენარჩუნდეს დამოუკიდებელ ორგანიზაციად, რომელიც ორიენტირებული იქნება საკუთარი წესდებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებაზე, რაც, ბოტანიკური ბაღის შინაარსისა და ფუნქციის გათვალისწინებით, გლობალური, ეროვნული, რეგიონული და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა.

მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქუთაისს შეუძლია ერთი პატარა ბოტანიკური ბაღის პატრონობა და შენარჩუნება"-წერს დარჩიძე.

შეგახსენებთ, ააიპი "პოტანიკური ბაღი" ქუთაისის საკრებულოს 18 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა და ის  ააიპი "კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას" შეუერთდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა.  

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორად ზაზა რამინაშვილი შეირჩა

 თემურ ჩეჩელაშვილმა "ბოტანიკური ბაღის" დირექტორის პოსტი დატოვა 

"მაინტერესებს, ააიპების გაუქმების მიზეზი და რა სარგებლობას მოუტანს ეს ქალაქს?

 ქუთაისის მერიის ააიპი "ბოტანიკური ბაღი" უქმდება

 

ავტორი: ნიუპრესი